ახალი პრემიერმინისტრი თანამდებობიდან მიმავალ პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებს

ახალი პრემიერმინისტრი თანამდებობიდან მიმავალ პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებს

საქართველო, თბილისი – საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დააჩქარებს კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოების პროცესს. ეს ცვლილება საქართველოს ექსსაბჭოთა ქვეყნის ალყაშემორტყმული პრეზიდენტის გავლენას კიდევ უფრო შეამცირებს.

ბიძინა ივანიშვილმა, ექსცენტრულმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა, რომელმაც პირობა დადო, რომ აღადგენს რუსეთთან დარღვეულ კავშირებს, აგრეთვე მძაფრად გააკრიტიკა თავისი ოპონენტი იმისთვის, რომ მდიდრულ სასახლეში ცხოვრებს უფრო მოკრძალებული რეზიდენციის ნაცვლად.

„შენობები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა თავისთვის ააშენა, უფრო ფეოდალს შეეფერება, ვიდრე დემოკრატ მმართველს“, განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ივანიშვილის კოალიციამ მიხეილ სააკაშვილის პარტიას შემაცბუნებელი მარცხი მიაყენა გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში. ახალი საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც სააკაშვილმა მანამდე გაატარა, სანამ მისი პარტია არჩევნებს წააგებდა, პრეზიდენტის ძალაუფლებას თითქმის სიმბოლურამდე შეამცირებს, მაგრამ ივანიშვილი დაუღალავად ცდილობს, პრეზიდენტი, რომელსაც აკრიტიკებს, მომავალ ოქტომბრამდე შეზღუდოს, მანამდე სანამ რეფორმა შევა ძალაში.

საქართველო იმ მილსადენზე მდებარეობს, რომელსაც კასპიის ნავთობი დასავლურ ბაზრებამდე მიაქვს, ამიტომ ის თავისი ყოფილ იმპერიულ ბატონს, რუსეთსა და დასავლეთს შორის მწვავე პაექრობის ობიექტია.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გამოასწორებს 2008 წლის რუსულ-ქართული ომით დანგრეულ ურთიერთობებს, მაგრამ უარყოფს სააკაშვილის განცხადებებს, რომელთა თანახმად, ის ქვეყანას უკან, რუსეთის კალთაში დააბრუნებს.

ივანიშვილმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს მეამბოხე რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთმა ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მან განაცხადა, რომ არ ჩავა რუსეთში, თუმცა დასძინა, რომ შეიძლება შეხვდეს რუსეთის ლიდერებს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ივანიშვილმა ასევე გამოთქვა იმის იმედი, რომ ქართული ექსპორტი რუსეთში აღდგება. ღვინის, მინერალური წყლების, ბოსტნეულისა და ხილის ქართველი მწარმოებლები ძალიან იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე და ძალიან იზარალეს მას შემდეგ, რაც მათი ექსპორტი აიკრძალა დაძაბულობის ფონზე ომის წინ.

გადადგა რა შემდეგი ნაბიჯი პრეზიდენტის კუთხეში მოსამწყვდევად, ივანიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც პარლამენტს აკონტროლებს, დააჩქარებს საკონსტიტუციო რეფორმის ამოქმედებას.

რეფორმები ძალაში უნდა შევიდეს სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება. მაშინ პრეზიდენტის ძალაუფლების დიდი ნაწილი გადაინაცვლებს პრემიერმინისტრისკენ. მაგრამ ივანიშვილი აჩქარებს სრული კონტროლის დამყარებას და არ ელოდება ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემის პროცესს.

არჩევნების შემდეგ მალევე, მისმა კაბინეტმა ძალიან შეამცირა საპრეზიდენტო რეზიდენციის შენახვის ხარჯები. სააკაშვილის ოფისმა განაცხადა, რომ მას მოუხდება განათების დიდი ნაწილის ჩაქრობა მის კაშკაშა საპრეზიდენტო სასახლეში, რომელიც დედაქალაქის ყველაზე შესამჩნევ ადგილზეა განლაგებული.

კიდევ უფრო დამამცირებელი იყო კაბინეტის გადაწყვეტილება არ გამოყოს $55, რომელიც აუცილებელია მომავალ წელს პრეზიდენტის თვითმფრინავის შესანახად და მკვეთრად შეამციროს პრეზიდენტის ფონდი, რომელსაც ის იყენებდა ზოგიერთი საჯარო პროექტისათვის.

მთავრობამ დააპატიმრა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკი, რაც სააკაშვილმა დაგმო, როგორც პოლიტიკური წმენდა.

ივანიშვილი, რომელმაც კამპანიის დროს პირობა დადო, რომ გამოიძიებს ჩინოვნიკების დანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფს. მან ხუთშაბათს განაცხადა, რომ „რიგები დგას პროკურატურასთან, განცხადებების მთელი წყება შედის“.

„მე პირობა დავდე, რომ სამართალი აღსრულდება და ახლა სწორედ ეს ხდება“, განაცხადა ივანიშვილმა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს დაპატიმრებები სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების პრელუდია შეიძლება იყოს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მოკავშირეები არ გეგმავენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაგრამ დასძინა, რომ პროკურატურა თავის საქმეს გააგრძელებს. „პრეზიდენტის დაპატიმრება არ არის ჩემი სურვილი და ვფიქრობ, არც საზოგადოების“, განაცხადა მან. „მაგრამ თუ პროკურატურა საქმეს დაიწყებს ქვეყნის უმაღლესი ლიდერების წინააღმდეგ, მე ვერ ჩავერევი და არ შევეცდები მათ შეწყვეტას“.

სოსო ცინცაძემ, დამოუკიდებელმა თბილისელმა პოლიტოლოგმა, განაცხადა, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ევროპის კავშირის ზეწოლის გამო თქვა უარი. ამავე დროს, პრემიერმინისტრი, ალბათ, მოახერხებს ხმების ორი მესამედის შეგროვებას იმისთვის, რომ დააჩქაროს საკონსტიტუციო რეფორმები, დასძინა ცინცაძემ.

„მას უნდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, როგორც ჩანს, მას აშფოთებს ის, რომ სააკაშვილი დღემდე დიდ ძალაუფლებას ფლობს“, განაცხადა ცინცაძემ.

Associated Press
foreignpress.ge