პარლამენტში ნაციონალური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების შეცვლილის დრო დადგა. ერთ-ერთი პირველი, სადაც კი ცვლილებები დაჩქარებული წესით შევა „შრომის კოდექსია“. დამსაქმებელზე მორგებული კანონი ეტაპობრივად ტრანსფორმირდება და თანდათან დასაქმებულს მოერგება.
პირველად შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე 22 ნოემბერს პარლამენტის კომიტეტებში იმსჯელეს. ცვლილებები შედის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლების საშუალებას აძლევდა, დამსაქმებელს ასევე აღარ შეეძლება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დასაქმებულის გათავისუფლებაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები არ არის რადიკალური: „ნადვილად არ არის რადიკალური, ცენტრისტულია. ეს დასაქმებულებისთვის პოზიტიური იქნება“, - აღნიშნავს დავითაშვილი.
რადიკალური ის იქნება თუკი „შრომის კოდექსი“ მთლიანად შეიცვლება და ეს, შესაძლოა, არცთუ შორეული პერსპექტივა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას კომენტარიდან. იგი არ გამორიცხავს, რომ მალე დღის წესრიგში „შრომის კოდექსის“ მთლიანად შეცვლის საკითხი დადგეს.
ბესელიას აზრით, შესაცვლელია განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს ეხება, რადგან დღესდღეობით დამსაქმებლები ისე იღებენ დაქირავებული პირის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მოტივაციასაც არ წერენ და ძალიან გაადვილებულია ადამიანის გათავისუფლება.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება „შრომის კოდექსში“ ქალებისთვის დეკრეტული შვებულების დროს გარანტიების შექმნა, ასევე დამატებითი შრომითი საათები.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი კოდექსის დაჩქარებული წესით ინიცირების მიზეზად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს ასახელებს. ხუნდაძის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანია, დაქირავებულთა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა სასწრაფო წესით გაადვილდეს და ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომაც „შრომის კოდექსის“ პროექტი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების პროცედურისა და მოშლის საფუძვლებს. ინიციატივის მიზანია, მასობრივი გათავისუფლებები შეჩერდეს.
კოდექსის დაჩქარებული წესით შეცვლას ეთანხმება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
„მე ბიძინა ივანიშვილსაც განვუცხადე, რომ კოდექსი მთლიანადაა შესაცვლელი. ეს შრომის კოდექსი კი არ არის, არამედ კლასიკური მაგალითი იმისა თუ როგორ დააკანონო მონობა. ამ ეტაპზე ყველაფრის შეცვლა ვერ მოხერხდება. არის პრევენციული ზომები მისაღები, რომ ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად, დაცულად იგრძნონ თავი. შესაცვლელია კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები, სამსახურში მიღება-გათავისუფლების წესები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება“, - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.