უდაბნოს კალიების შემოსევამ აღმოსავლეთ აფრიკაში სამხრეთ სუდანს მიაღწია. ამის შესახებ BBC გაეროს საკვების სააგენტოზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მწერებმა ქვეყანაში უგანდიდან შეაღწიეს, აფრიკის კონტინენტზე კი იემენიდან მოხვდნენ. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებული სამოქალაქო ომის გამო სამხრეთ სუდანში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა და რამდენიმე მილიონი ადამიანი უკვე შიმშილობს. გაეროში აცხადებენ, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, შემოსევა მთელს კონტინენტზე ნამდვილ კრიზისს გამოიწვევს.
მწერებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება თვითმფრინავებიდან პესტიციდების გამტვერებაა, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმეტესობას ამისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. გაეროში საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მწერებთან ბრძოლისთვის $76 მილიონია საჭირო.
საშუალოდ, ერთ კალიას 2 500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. სპეციალისტები შიშობენ, რომ მწერების რაოდენობა, რომელიც უკვე ასობით მილიონს შეადგენს, ივნისისთვის 500-ჯერ გაიზრდება.
კალიების შემოსევა ფიქსირდება კენიაში, უგანდაში, ეთიოპიაში, სუდანში, ეგვიპტეში. სომალიში კი მწერების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.