აშშ-ში მექსიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ჯაშუში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი აშშ-ში რუსეთის მთავრობის სახელით მოქმედებდა.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის სამთავრობო ჩინოვნიკმა, რომლის სახელი არ არის გამჟღავნებული, ექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი 2019 წელს გადაიბირა და მას დაავალა სხვის სახელზე ქირით აეღო უძრავი ქონება ფლორიდას შტატის მაიამი-დეიდის რაიონში. მან ასევე აუკრძალა ექტორს ახლობლებისთვის მოეყოლა მათ შეხვედრაზე.
2020 წელს ფუენტესი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც თავის კურატორს შეხვდა. კურატორმა მას აშშ-ში სამთავრობო წყაროს მონაცემები გადასცა. ფუენტესის შემდეგი შეხვედრა თავის რუს კურატორებთან მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში უნდა გამართულიყო, რომლის დროსაც მას აშშ-ის სამთავრობო პირის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადაეცა. 16 თებერვალს მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟეებმა მისი მეუღლის ტელეფონი შეამოწმეს და წაშლილი ფაილების სიაში აშშ-ის სამთავრობო მანქანების ფოტოები აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩნდა, რომ ის ამ ფოტოებს მესამე პირს უგზავნიდა. დაკავებულმა აღიარა, რომ რუსეთის მთავრობაზე მუშაობდა.