„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (VII თავი)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (VII თავი)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

სტრატეგიის დაგეგმვა

ცენტრალური აფრიკის დიქტატორს, ბოკასას მოსახლეობის დიდი მასა უჭერდა მხარს მას შემდეგაც კი, რაც ცნობილი გახდა მისი კანიბალური ჩვევების შესახებ. 1977 წლის 4 დეკემბერს შედგა ბოკასა I-ის იმპერატორად კურთხევა. ხოლო მთლიანდ ცერემონიაზე ქვეყნის წლიური საექსპორტო შემოსავლების მეოთხედი ნაწილი დაიხარჯა. ცერემონიისთვის ასევე დამზადდა 2 ტონიანი ოქროს საიმპერატორო ტახტი, რომელსაც მჯდარი არწივის ფორმა ჰქონდა.

წარმატების მიღწევის ალბათობის გასაზრდელად, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა უნდა შეადგინონ, რომელიც ჩაგრულ ხალხს გააძლიერებს, დიქტატურას შეასუსტებს, შემდეგ გაანადგურებს და მდგრად დემოკრატიას შექმნის. ამგვარი გეგმის შესადგენად ვითარების გულმოდგინედ შეფასება და ეფექტური მოქმედების გზების დასახვაა აუცილებელი. სათანადო ანალიზი თავისუფლებისათვის ბრძოლის გენერალურ სტრატეგიას და ცალკეული სპეციფიური კამპანიების სტრატეგიებს წარმოშობს. მიუხედავად იმისა, რომ გენერალური სტრატეგიისა და ცალკეული კამპანიების სტრატეგიების შემუშავება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ეს მაინც ორი განსხვავებული პროცესია. ცალკეული კამპანიების სტრატეგიის შემუშავება მხოლოდ გენერალური სტრატეგიის მომზადების შემდეგ შეიძლება. ცალკეული კამპანიის სტრატეგია საჭიროა იმისათვის, რომ მიაღწიონ და გააძლიერონ გენერალური სტრატეგიის მიზნები.

იმისათვის, რომ შემუშავებულ იქნას წინააღმდეგობის მოძრაობის სტრატეგია, საჭიროა უამრავ პრობლემასა და ამოცანას მიექცეს ყურადღება. აქ ჩვენ განვსაზღვრავთ ზოგიერთს იმ მთავარი პრობლემებიდან, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას გენერალური სტრატეგიის და ცალკეული კამპანიების სტრატეგიის დონეებზეც. სტრატეგიული დაგეგმვა მოითხოვს კონფლიქტის სრული ვითარების ღრმა გაგებას ფიზიკური, ისტორიული, სახელისუფლებო, სამხედრო, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და საერთაშორისო ფაქტორების ჩათვლით. სტრატეგიის შემუშავება მხოლოდ კონკრეტული ბრძოლის და მისი ფონის კონტექსტშია შესაძლებელი.

უპირველეს ყოვლისა, დემოკრატმა ლიდერებმა და სტრატეგებმა საკუთარი საქმის მიზნები უნდა შეაფასონ. ღირს თუ არა ეს მიზნები სრულმასშტაბიან ბრძოლად და თუ ღირს, რატომ? ძალზედ მნიშვნელოვანია ბრძოლის რეალური მიზნის განსაზღვრა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დიქტატურის ან დიქტატორის დამხობა საკმარისი არ არის. უნდა დამკვიდრდეს თავისუფალი საზოგადოება, მართვის დემოკრატიული სისტემით. ამ პოზიციის ნათლად წარმოდგენა გავლენას იქონიებს გენერალური სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სტრატეგიების შემუშავებაზე.

კერძოდ, სტრატეგებს მოუწევთ პასუხი გასცენ მრავალ ფუნდამენტალურ კითხვას, ისეთებს როგორიცაა:

  • რა უშლის ხელს თავისუფლების მიღწევას?
  • რა ფაქტორები დაგვეხმარება მის მიღწევაში?
  • დიქტატურის რომელი მხარეებია განსაკუთრებით ძლიერი?
  • როგორია დიქტატურის სისუსტეები?
  • რამდენად მოწყვლადია მისი ძალის წყაროები?
  • როგორია ერთიანობაში დემოკრატებისა და მოსახლეობის ძლიერი მხარეები?
  • რა არის დემოკრატიული ძალების სისუსტეები და როგორ უნდა მოხდეს მათი ძლევა?
  • როგორია მესამე ქვეყნის სტატუსი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული კონფლიქტში, მაგრამ ეხმარება ან შეიძლება დაეხმაროს დიქტატურას, ან დემოკრატიულ მოძრაობას?

საშუალებების არჩევა

გენერალური სტრატეგიის დონეზე, მოსალოდნელი კონფლიქტისათვის, აუცილებელია არჩეული იქნას ბრძოლის ძირითადი საშუალებები. უნდა შეფასდეს უპირატესობა და საზღვრები ისეთი ალტერნატიული მეთოდებისა, როგორიცაა ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედებები, პარტიზანული ომი, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა და სხვა.

ასეთი არჩევანის გაკეთებისას, სტრატეგებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შემდეგი საკითხები:

  • საკმარისად აქვთ თუ არა დემოკრატებს შესაძლებლობები, რათა აწარმოონ ამგვარი ტიპის ბრძოლა?
  • გამოიყენებენ თუ არა შერჩეული მოქმედებები ჩაგრული ხალხის ძლიერ მხარეებს?
  • მიმართული არის თუ არა ეს მოქმედებები დიქტატურის სუსტ წერტილებზე, თუ ისინი დიქტატურის ძლიერ მხარეებს უტევენ?
  • შერჩეული საშუალებები ეხმარება თუ არა დემოკრატებს გახდნენ დამოუკიდებელნი თუ რომელიმე მესამე მხარეზე დამოკიდებულებას მოითხოვენ?
  • შერჩეული საშუალებები როგორ გამოიყენებოდა ადრე დიქტატურების დამხობისას?
  • ზრდიან თუ ამცირებენ ისინი კონფლიქტის განვითარების პირობებში სავარაუდო დანაკარგებს და ნგრევას?
  • თუ დავუშვებთ, რომ დიქტატურა დაემხო, როგორ გავლენას მოახდენს შერჩეული საშუალებები ბრძოლის შედეგად მოსული ხელისუფლების ტიპზე?

ბრძოლის ხერხები, რომლებიც მიიჩნევა საზიანოდ, თავიდან უნდა იქნას მოცილებული. წინა თავებში ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გაცილებით უკეთესია ბრძოლის სხვა მეთოდებთან შედარებით. სტრატეგებმა უნდა შეისწავლონ კონკრეტული ვითარება და განსაზღვრონ, შეძლებს თუ არა პოლიტიკური დაუმორჩილებლობა დადებითად უპასუხოს ზევით მოყვანილ კითხვებს.

დემოკრატიის დაგეგმვა

არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ დიქტატურასთან ბრძოლის გენერალური სტრატეგიის ძირითადი მიზანი უბრალოდ დიქტატორის დამხობა კი არა, არამედ ისეთი დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებაა, რომლის დროსაც ახალი დიქტატურის წარმოქმნა შეუძლებელია. ამ მიზნების მისაღწევად შერჩეული ბრძოლის საშუალებები უნდა დაეხმაროს საზოგადოებაში ეფექტური ძალაუფლების გადანაწილებას. დიქტატურის დროს მოსახლეობაც და სამოქალაქო ინსტიტუტებიც ძალიან სუსტია, ხელისუფლება კი საკმაოდ ძლიერი. თუ ეს არ გამოსწორდა, ახალი ხელისუფალი, სურვილისამებრ, შესაძლოა ისეთივე დიქტატორი გახდეს, როგორც წინამორბედი. ამიტომაც, სასახლის კარის ტიპის ან სამხედრო გადატრიალება სასურველი არ არის.

როგორც მეხუთე თავშია აღწერილი, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა ხელს უწყობს ეფექტური ძალის თანაბრად გადანაწილებას და დიქტატურის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზებას. ეს პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. არაძალადობრივი ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება ნიშნავს, რომ დიქტატურის შესაძლებლობები შიშს უკვე აღარ იწვევს და ხალხს ვეღარ იმორჩილებს. ადამიანებს გაუჩნდებათ წინააღმდეგობის მძლავრი საშუალებები, ზოგჯერ კი ისინი დიქტატორის ძალაუფლების დაბლოკვას შეძლებენ. უფრო მეტიც, სახალხო ძალების მობილიზება, პოლიტიკური დაუმორჩილებლობის მეშვეობით, გააძლიერებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. თუ ბრძოლის შედეგად რაიმე წარმატების მიღწევა მოხერხდება, ამის დავიწყება შეუძლებელი იქნება. შეძენილი ცოდნა და უნარები შეამცირებენ იმის ალბათობას, რომ საზოგადოება პოტენციურ დიქტატორს დაემორჩილება. ადრე თუ გვიან ძალთა თანაფარდობაში მცირედი გადაადგილებაც კი მყარი დემოკრატიის დამყარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

დახმარება გარედან

ბოკასა არტეკში

გენერალური სტრატეგიის დამუშავებისას, აუცილებელია შეფასებულ იქნას შიდა წინააღმდეგობისა და გარე ზეწოლის შედარებითი როლები. მოცემულ ანალიზში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ძირითადი საბრძოლო ძალები ქვეყნის შიდა რესურსებისაგან უნდა შედგებოდეს. საერთაშორისო დახმარების ხარისხი და თავად არსებობაც, შიდა ბრძოლით სტიმულირება.

ძალების შესაბამისად, დიქტატურის ჰუმანური, მორალური და რელიგიურ მხარეების დაგმობით, შესაძლებელია საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მობილიზირება. მაგრამ ეს მხოლოდ მოკრძალებული დანამატია. შესაძლებელია იმაზე ზრუნვაც, რომ სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დიქტატურის წინააღმდეგ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები გამოიყენონ. სანქციებმა შეიძლება მიიღოს ეკონომიკური ემბარგოსა და სამხედრო იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ფორმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტება ან გაწყვეტა, დიქტატორის მიერ მართული ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარებისა და ინვესტიციების აკრძალვა, დიქტატორული ხელისუფლების გარიცხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან. უფრო მეტიც, დემოკრატიულ ძალებს შეიძლება მიეწოდოს პირდაპირი საერთაშორისო დახმარება, ვთქვათ ფინანსური და კომუნიკაციური მხარდაჭერა.

გენერალური სტრატეგიის დამუშავება

სიტუაციის შეფასების, საშუალებების არჩევის და საგარეო დახმარების როლის განსაზღვრის შემდეგ, გენერალური სტრატეგიის შემმუშავებელმა სტრატეგებმა ზოგადად უნდა წარმოიდგინონ, თუ როგორ წარმართონ კონფლიქტი საუკეთესო ფორმით. ამგვარი გეგმა უნდა მოიცავდეს პერიოდს მოცემული სიტუაციიდან მომავალ გათავისუფლებამდე და დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებამდე. გენერალური სტრატეგიის შექმნისას პასუხი მრავალ კითხვას უნდა გაეცეს. აი უფრო კონკრეტული ფაქტორების ტიპები, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური დაუმორჩილებლობის გენერალური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ:

  • როგორ არის უკეთესი გრძელვადიანი ბრძოლის დაწყება?
  • როგორ შეიძლება ჩაგრულმა ხალხმა შეიძინოს თავდაჯერება, რათა წინ აღუდგეს დიქტატურას, თუნდაც შეზღუდული მასშტაბით?
  • დროთა განმავლობაში და გამოცდილების მიღების შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს ადამიანების შესაძლებლობების გაუმჯობესება რათა მოხერხდეს მათი გადასვლა თანამშრომლობაზე უარის თქმასა და პირდაპირ დაუმორჩილებლობაზე?
  • როგორი შეიძლება იყოს დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენისაკენ და დიქტატურის შეზღუდვისაკენ მიმავალი შემოფარგლული კამპანიების მიზნები?
  • არსებობენ თუ არა, დიქტატურის მიუხედავად, გადარჩენილი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუციები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება თავისუფლებისათვის ბრძოლაში?
  • რომელი ინსტიტუციები უნდა იქნას მოცილებული დიქტატურის კონტროლს და რომელი უნდა შეიქმნას თავიდან, იმისათვის რომ დაიკმაყოფილო საკუთარი მოთხოვნები და შექმნას დემოკრატიის მცირე კუნძული დიქტატორის მმართველობის დროსაც კი?
  • როგორ უნდა გაძლიერდეს ორგანიზაციული ძალა წინააღმდეგობის მოძრაობის განმავლობაში?
  • როგორ უნდა მოხდეს მონაწილეთა სწავლება?
  • როგორი რესურსები (ფინანსები, მოწყობილობა და სხვა) იქნება საჭირო ბრძოლის პროცესში?
  • როგორი სიმბოლოებია მეტად ეფექტური მოსახლეობის მობილიზებისათვის?
  • რა ტიპის მოქმედებებს შეუძლიათ თანდათანობით დაასუსტონ ან დაარღვიონ დიქტატორის ძალაუფლების წყარო და ბრძოლის რომელ ეტაპზე უნდა მოხდეს ეს?
  • როგორ უნდა შეძლოს მოსახლეობამ ერთდროულად წინ აღუდგეს რეჟიმს და ამავდროულად დაემორჩილოს არაძალადობრივ დისციპლინას?
  • როგორ შეიძლება საზოგადოებამ ბრძოლის პერიოდში მოახერხოს თავისი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება?
  • როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კონფლიქტის განვითარებისას?
  • გამარჯვების მოახლოების შესაბამისად, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალური ბაზა პოსტდიქტატორული საზოგადოებისათვის, რათა გარდამავალი პერიოდი რაც შეიძლება მსუბუქი იყოს?

 აუცილებელია იმის არდავიწყება, რომ:

  • არ შეიძლება ერთი ისეთი სტრატეგიული გეგმის შექმნა, რომელიც ყველა გამათავისუფლებელ მოძრაობას მიესადაგება.
  • სხვადასხვა ქვეყანაში დიქტატურის დამხობისა და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის წარმართული ბრძოლა რაიმეთი მაინც განსხვავებული იქნება ერთმანეთისაგან.
  • არ არსებობს ორი ერთნაირი ვითარება, თითოეულ დიქტატურას რამოდენიმე დამახასიათებელი მხარე აქვს, თავისუფლების მსურველთა შესაძლებლობებიც განსხვავებულია.

მათ, ვინც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის გენერალურ სტრატეგიას სიღრმისეულად შეიმუშავებენ უნდა ესმოდეთ არა მხოლოდ მოცემული ვითარება, არამედ ბრძოლისთვის შერჩეული საშუალებებიც.

როდესაც ბრძოლის გენერალური სტრატეგია გულმოდგინედაა დაგეგმილი, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი იმისათვის, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. მრავალი ადამიანი, რომელთა გარეშეც შემდგომში ვერ შევძლებთ მოქმედებას, უკეთესად შეასრულებს საქმეს, თუ გაიგებს საერთო კონცეფციასაც და ცალკეულ ინსტრუქციებსაც, ამას კი შეუძლია სულისკვეთების, მონაწილეობისა და მოქმედებისათვის მზაობის ამაღლება. ყველაზე მთავარი დიქტატორისათვის მაინც ცნობილი გახდება. რაც შეეხება წვრილმანებს, მისი გაცნობა შეამცირებს რეპრესიის სისასტიკეს, რადგანაც დიქტატორს ეცოდინება, რომ ეს მის წინააღმდეგ შეტრიალდება. გარდა ამისა, გენერალური სტრატეგიის დეტალების გამოაშკარავება ხშირად უთანხმოებასა და ღალატს თავად დიქტატორის ბანაკში იწვევს.

როდესაც მიღებულია დიქტატურის დამხობისა და დემოკრატიული სისტემის დამკვიდრების გენერალური სტრატეგიული გეგმა, პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა ის თანმიმდევრულად უნდა გამოიყენონ. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ბრძოლამ პირველად გეგმას გადაუხვიოს. თუ დამაჯერებლად დამტკიცდა, რომ შერჩეული გენერალური სტრატეგია არასწორი იყო ან ბრძოლის გარემოებები კარდინალურად შეიცვალა, აუცილებელი გახდება გენერალური სტრატეგიის შეცვლა. მაგრამ, მაშინაც, ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაკეთდეს, როდესაც ლიდერები გადააფასებენ სიტუაციას, შექმნიან და დაამტკიცებენ ახალ, მეტად ადეკვატურ გეგმას.

როგორ უნდა მოხდეს კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვა

მაშინაც კი, თუ დიქტატურის დამხობისა და დემოკრატიის დამყარების გენერალური სტრატეგია ძალიან გონივრულია და კარგადაა დამუშავებული, ის თავისით ვერ განხორციელდება. საჭირო გახდება ძირითადი კამპანიების ცალკეული სტრატეგიების შემუშავება, რომლებმაც დიქტატორის ძალაუფლება უნდა შეარყიონ. ეს სტრატეგიები, თავის მხრივ, უნდა შეიცავდეს და აღწერდეს ტაქტიკურ მოქმედებებს, რომლებიც რეჟიმს გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ. ტაქტიკა და მოქმედების ცალკეული მეთოდი იმგვარად უნდა იქნას შერჩეული, რომ მათ ყოველ კონკრეტულ სტრატეგიაში მიზნის მიღწევის შესაძლებლობა შექმნან. ახლა ჩვენ ყურადღებას მხოლოდ სტრატეგიული დონის პრობლემებზე გავამახვილებთ.

ძირითადი კამპანიების დამგეგმავ სტრატეგებსაც და მათაც, ვინც ამზადებდა გენერალურ სტრატეგიას, ყოველმხრივ უნდა ესმოდეთ შერჩეული ბრძოლის ტექნოლოგიის ბუნება და ვარიანტები. იმისათვის, რომ მოამზადონ სამხედრო სტრატეგია, სამხედრო ოფიცრები უნდა ერკვეოდნენ სტრუქტურაში, ტაქტიკაში, ლოგიკაში, ამუნიციაში, გეოგრაფიულ თავისებურებაში და სხვა; ზუსტად ასევე, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის გეგმის შემუშავების დროსაც, გათავისებულ უნდა ჰქონდეთ არაძალადობრივი ბრძოლის ბუნება და სტრატეგიული პრინციპები. თუმცა ცოდნა თავისთავად სტრატეგიას ვერ შექმნის. იმისათვის რომ მოხდეს ბრძოლის სტრატეგიის ფორმულირება, საჭიროა ინფორმაცია და შემოქმედებითი სული.

გამათავისუფლებელ ბრძოლასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის მოძრაობის ცალკეული კამპანიის სტრატეგიის და შედარებით ხანგძლივი მოქმედებების დაგეგმვისას, სტრატეგებმა მრავალი საკითხი და პრობლემა უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად ასეთები:

  • განსაზღვრულ უნდა იქნეს კამპანიის კონკრეტული მიზნები და ის, თუ რას შესძენს ეს მიზნები გენერალურ სტრატეგიას;
  • განხილულ უნდა იქნეს კონკრეტული მეთოდები, ან პოლიტიკური იარაღი, რომლებიც ყველაზე უფრო უწყობს ხელს შერჩეულ სტრატეგიას. კონკრეტული სტრატეგიული კამპანიის თითოეულ საერთო გეგმაში აუცილებელია განისაზღვროს მცირე მასშტაბის რომელი კონკრეტული გეგმა და მოქმედების რომელი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, რათა მოხდეს ზეწოლა და შეიზღუდოს დიქტატორის ძალის წყაროები. აუცილებელია იმის არდავიწყება, რომ ძირითადი მიზნების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცალკეული მცირე ნაბიჯები გულმოდგინედაა შერჩეული და განხორციელებული;
  • უნდა განისაზღვროს, დაუკავშირონ თუ არა ეკონომიკური საკითხები საერთო პოლიტიკურ ბრძოლას და როგორ უნდა მოხერხდეს ეს. თუ ისინი არსებითია ამ ბრძოლისათვის, დიქტატურის დამხობის შემდეგ აუცილებელია ეკონომიკური უკმაყოფილების მიზეზების აღმოფხვრა. სხვა შემთხვევაში, გარდამავალ პერიოდში, უკმაყოფილება და იმედგაცრუება გაბატონდება, რაც პროდიქტატორული ძალების აღორძინებას შეუწყობს ხელს, რომელიც ხალხს ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავებას შეპირდება;
  • დროულად უნდა იქნას განსაზღვრული, როგორი ხელმძღვანელი სტრუქტურა და კავშირის სისტემაა მეტად გამოსადეგი იმისათვის, რომ დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ კავშირის როგორი საშუალებები და გადაწყვეტილების მიღების როგორი ფორმა იქნება შესაძლებელი ბრძოლის მიმდინარეობისას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი კომუნიკაცია ლიდერებს, აქტივისტებისა და მთლიანად მოსახლეობას შორის;
  • წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ჩვეულებრივ ადამიანებს, სისტემის მომხრეებს და საერთაშორისო პრესას. განცხადებები და ანგარიშები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ფაქტებს. გაზვიადება და დაუდევრობა ნდობას ამცირებს;
  • საკუთარი ძალებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს სოციალური, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური მოქმედებები, რათა დაკმაყოფილებულ იქნას მოსახლეობის მოთხოვნები კონფლიქტის საწყის ფაზაში. ასეთი პროექტების ხელმძღვანელობა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი წინააღმდეგობის მოძრაობის საქმიანობაში;
  • უნდა განისაზღვროს, თუ რა ტიპის გარე დახმარება არის სასურველი ცალკეული კამპანიის ან გამათავისუფლებელი ბრძოლის მხარდაჭერისათვის. როგორ უნდა მოხერხდეს გარე დახმარების იმგვარი მობილიზება და გამოყენება, რომ შიდა ბრძოლა არ გახდეს დამოკიდებული გაურკვეველ გარე ფაქტორებზე? აუცილებელია გაანგარიშება, რომელი შიდა ჯგუფები გაუწევენ მხარდაჭერას ყველაზე სწრაფად და უკეთესად - არასამთავრობო ორგანიზაციები (საზოგადოებრივი მოძრაობა, რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფები, პროფკავშირი), მთავრობა თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სხვადასხვა ორგანოები და სხვა.
  • გარდა ამისა, წინააღმდეგობის მოძრაობის სტრატეგებმა უნდა შეიმუშაონ ზომები წესრიგის შესანარჩუნებლად და სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რეჟიმისადმი მასობრივი წინააღმდეგობის აქციების დროს. ეს შექმნის ალტერნატიულ დემოკრატიულ სტრუქტურებს, დააკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს საუბრებს იმაზე, რომ წესრიგის დამყარება ნებისმიერ ფასადაა საჭიროა.

როგორ განვავრცოთ თანამშრომლობაზე უარის თქმის იდეა

ბევრი ბოკასას ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად თვლიდა და უგანდის სასტიკ დიქტატორ იდი ამინსაც ადარებდა. როდესაც საიმპერატორო კარზე ასეთი ძვირადღირებული კორონაცია ქვეყნის მმართველობის ფორმად კონსტიტუციური მონარქია დასახელდა, ამას ბოკასას დიქტატურის შერბილება არ მოჰყოლია. რომელშიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბოკასას რეჟიმი სარგებლობდა საფრანგეთის მხარდაჭერით. იმპერატორმა პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენს შესთავაზა ურანის მოპოვების ხელსაყრელი პირობები. 1975 წელს ჟისკარ დ’ესტენმა ბოკასა თავის „მეგობრად“ და „ოჯახის წევრად“ გამოაცხადა. ის ასევე რამდენიმეჯერ ეწვია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას სანადიროდ. მიუხედავად იმისა, რომ , ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 43,4 ათას მოსახლეზე მხოლოდ ერთი ექიმი მოდიოდა. მთელს ქვეყანაში კი მხოლოდ ერთი კბილის ექიმი იყო და ისიც სიკვდილით დასაჯეს,ბოკასა პირადად იღებდა მონაწილეობას,დისიდენტების დევნა და წამებაში.

დიქტატურისადმი წარმატებული პოლიტიკური დაუმორჩილებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობამ თავად გააცნობიეროს თანამშრომლობაზე უარის თქმის იდეა. იგავი მაიმუნების მბრძანებელზე (იხ. თავი1) გვკარნახობს, რომ ძირითადი აზრი მარტივია: თუ ხალხის დიდი ნაწილი, რეპრესიების მიუხედავად, ხანგძლივი დროით, არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, ზეწოლის სისტემა შესუსტდება და საბოლოოდ დაემხობა.

დიქტატურის მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანები ამ კონცეფციას შესაძლოა სხვა წყაროებიდან იცნობდნენ; მაგრამ ამ შემთხვევაშიდაც დემოკრატიული ძალები სპეციალურად უნდა ახდენდნენ მის პოპულარიზაციას. შეიძლება გაავრცელონ საზოგადოებაში იგავი მაიმუნების მბრძანებელზე, ან იმავე აზრის მქონე სხვა მსგავსი იგავი. ამგვარი წყაროები იოლად აღიქმება ხოლმე. როდესაც საერთო კონცეფცია გასაგებია, ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მოწოდება დიქტატურასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესახებ. გარდა ამისა, ახალ სიტუაციებში თანამშრომლობაზე უარის თქმის უამრავი კონკრეტული ფორმის სპონტანურად მოფიქრება, მათ თავად შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ დიქტატურის პირობებში მოსაზრებების, ახალი ამბების, ინსტრუქციების გაცვალ-გამოცვლა საკმაოდ რთული და სახიფათოა, დემოკრატებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ეს შესაძლებელია. ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების პირობებშიც კი წინააღმდეგობის მოძრაობა პოულობდა შესძლებლობებს ურთიერთობა ჰქონოდა არა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანთან, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან არალეგალური გაზეთების, ფურცლების, წიგნების, უფრო მოგვიანებით კი - აუდიო და ვიდეოკასეტების მეშვეობით.

დროული სტრატეგიული დაგეგმის პირობებში, საერთო ინსტრუქციების მომზადება და გავრცელება გაცილებით იოლია. იქ შეიძლება იყოს აღნიშნული, თუ რას უნდა შეეწინააღმდეგონ, რაში შეზღუდონ თანამშრომლობა და როგორ უნდა მოახერხონ ეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კავშირი დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებთან დაირღვევა და კონკრეტული ინსტრუქციების გამოცემა ან მიღება არ მოხერხდება, ადამიანებს ეცოდინებათ როგორ უნდა მოიქცნენ. ამგვარი სახელმძღვანელოები იმასაც უნდა ასწავლიდნენ, თუ როგორ გამოავლინონ ყალბი ინსტრუქციები, რომელსაც პოლიტიკური პოლიცია ავრცელებს, რათა წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით აქციის პროვოცირება მოახდინონ.

რეპრესიები და კონტრზომები

ის, ვინც ამუშავებს სტრატეგიას, უნდა გაითვალისწინოს დიქტატურის საპასუხო ზომები და რეპრესიები, განსაკუთრებით - ძალადობის ზღურბლი. აუცილებელია განისაზღვროს, თუ დამორჩილების გარეშე როგორ უნდა გაუძლოს მზარდ რეპრესიებს, განერიდოს მას თუ წინ აღუდგეს? ზოგჯერ ღირს მოსახლეობისა და აქტივისტების გაფრთხილება, რომ მათ გააცნობიერონ შესაძლებელი საფრთხის არსებობა. თუ რეპრესიები სერიოზული შეიძლება იყოს, აუცილებელია სამედიცინო დახმარების მოსახერხებელი ფორმის მომზადება.

რეპრესიების პროგნოზირებით, სტრატეგები სწორად მოიქცევიან თუ წინასწარ მომზადებენ ტაქტიკასა და მეთოდებს, რომლებიც არა მხოლოდ დაეხმარებათ კონკრეტული მიზნის მიღწევაში, არამედ შეამცირებენ სისასტიკის ალბათობას ან შესაძლებლობას. მაგალითად, დიქტატურის უკიდურესი ფორმების წინააღმდეგ დემონსტრაცია და მსვლელობა შესაძლოა ათასობით ადამიანს დაუჯდეს სიცოცხლის ფასად. თანაც, ასეთმა დიდმა მსხვერპლმა შეიძლება დიქტატურაზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინოს, ასე რომ, უფრო აზრიანი ყოფილიყო სახლში დარჩენა, გაფიცვის მოწყობა, ან ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.

 თუ არსებობს მოსაზრება, რომ სტრატეგიული მიზნისათვის საჭიროა მძიმე დანაკარგების გამომწვევი პროვოკაციული აქცია, აუცილებელია საფუძვლიანად აიწონ-დაიწონოს ამ წინადადების ღირებულება და შესაძლო სარგებლის ექვივალენტობა. საკითხავია, დაიცავენ თუ არა დისციპლინას ჩვეულებრივი ადამიანები და აქტივისტები და იმოქმედებენ თუ არა არაძალადობრივი მეთოდებით? შეძლებენ თუ არა ისინი არ წამოეგონ პროვოკაციას? სტრატეგებმა უნდა გაითვალისწინონ - სისასტიკის მიუხედავად, რა ზომებია საჭირო არაძალადობრივი დისციპლინის მხარდასაჭერად. შესაძლებელია და ეფექტური იქნება თუ არა თავდებობა, პოლიტიკური განცხადება; პროკლამაციები მოწოდებებით, დემონსტრაციებზე გამოსვლები და ძალადობრივი მოწოდებების მხარდამჭერი ადამიანებისა და ჯგუფების ბოიკოტი? ლიდერებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ხალხის მასაში ყოველთვის იმყოფებინ პროვოკატორები, რომელთა ამოცანა დემონსტრანტებისთვის ძალადობრივ ქმედების პროვოცირება იქნება.

როგორ უნდა მივყვეთ სტრატეგიულ გეგმას

როდესაც სტრატეგიული გეგმა მზადაა, დემოკრატიულმა ძალებმა დიქტატორის უმნიშვნელო ნაბიჯებზე ყურადღება არ უნდა გადაიტანონ. ეს ქმედებები ქმნიან გენერალური სტრატეგიიდან და კონკრეტული კამპანიის სტრატეგიიდან ჩამოშორებისა და უმნიშვნელო პრობლემებზე კონცენტრირების ცდუნებას. არ შეიძლება იმის დაშვებაც, რომ სპონტანურმა ემოციებმა - რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას დიქტატურის ახალი სისასტიკით - დემოკრატიული მოძრაობის ყურადღება გენერალური სტრატეგიიდან ან კამპანიის სტრატეგიიდან სხვა რაიმეზე გადაიტანოს. ხელისუფლება შეიძლება მკაცრ ზომებსა და სისასტიკეს მიზანმიმართულად იყენებდეს, რათა დემოკრატიულ ძალებმა უარი თქვან გულმოდგინედ მომზადებულ გეგმებზე და გადაწყვიტონ ძალის გამოყენებაც კი, რაც დიქტატურას ბრძოლას მნიშვნელოვნად უიოლებს.

თუ ძირითადი ანალიზი ზუსტია და გონივრელი, დემოკრატიული ძალები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა მიიწევდნენ. რა თქმა უნდა, შუალედური მიზნებისათვის ტაქტიკა ხანდაან იცვლება; კარგი ლიდერი ყოველთვის მოხარულია გამოიყენოს წარმოქმნილი შესაძლებლობა. მაგრამ, ამგვარი შესწორებები გენერალური სტრატეგიისა და კონკრეტული კამპანიის მიზნებში არ უნდა აირიოს. შერჩეული გენერალური სტრატეგიის და ცალკეული კამპანიის სტრატეგიის ფრთხილი და გულმოდგინე დამუშავებით, დემოკრატიული ძალები წარმატებას გაცილებით იოლად მიაღწევენ.