თბილისის მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

თბილისის მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

თბილისის მერიამ „სითი პარკისგან“ ჯარიმები გამოისყიდა და კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიის შემოყვანას აღარ გეგმავს და თავად აპირებს გააგრძელოს საპარკინგე ადგილების მართვა. შემოსავალი არც ისე მცირეა - წელიწადში 22 მილიონი ლარი.

კალაძემ კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან „სითი პარკს“ არაფერი მიუღია. მისი თქმით, მერიამ „სითი პარკს“ მორიგების სანაცვლოდ 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს ეს თანხები იყო ბიუჯეტიდან წასული. ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ წასულა. ეს იყო ის თანხები, რომელიც იმ კონკრეტული კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია, რაც შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელიც, თუ არ ვცდები, 2025 წლამდე იყო და ის თანხები, რომელიც უნდა წაეღო იმ კომპანიას, ზუსტად იმ თანხებით მოგვიწია გარიგება და ის, რომ ისინი არბიტრაჟში არ მიდიან“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაფორმებით მერიას არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

„როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას, როდესაც ეს პარკინგის თემა მისცეს „სითი პარკს“? ნული მიიღო თბილისის მერიამ გაფორმებული ხელშეკრულებიდან მაშინ, როდესაც დღეს რომ გავიტანოთ და გავყიდოთ, მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება ეს კონკრეტული პარკინგების თემა“, - განაცხადა კალაძემ.

კომპანია „თბილისის პარკინგმა“ 2 წლის განმავლობაში 22 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას დოლარს სწორედ ამ თანხიდან გადაუხდის.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ამ ბიზნესით უკვე „სითი პარკის“ ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა.

„კახა კალაძე აცხადებდა, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა ამ კონტრაქტის გაწყვეტა და წინასაარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს „სითი პარკისთვის“. ასევე, თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა, როგორც „სითი პარკი“ აჯარიმებდა და გადაჰყავდა საჯარიმოზე, ასე ხდება ახლაც. არ შესრულდა დაპირება, რომ ავტოგასამართი სადგურები მოეწყობოდა, ინფრასტრუქტურაში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა.

როგორც მათ განაცხადეს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა.

ასე თუ ისე, ამ ეტაპზე, მერია პარკირების ოპერირების უფლების გაყიდვას არ გეგმავს.

„დღეს რომ გავყიდოთ „თბილისის პარკინგი“, შესაძლებლია, 15-20 მლნ მივიღოთ ამ აქტივებიდან, თუმცა ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ გაყიდვას და ვაგრძელებთ მუშაობას. შემოსული თანხები მოხმარდება გამწვანებას, ეკოლოგიის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კალაძემ.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თბილისის საპარკინგე სისტემა „თბილისი პარკინგმა“ ჩაიბარა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწევს ოპერირებას. საინტერესოა 2 წლის განმავლობაში რა შეიცვალა საპარკინგე სისტემის მიმართულებით?

„2018 წლის 10 აპრილიდან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისი პარკინგის სისტემის ადმინისტრირება ჩვენს კომპანიას დაევალა. იმ პერიოდისთვის არ იგეგმებოდა რამე ცვლილებები თბილისი პარკინგის ადმინისტრირების სისტემაში; საშვის ღირებულება, ჯარიმის ოდენობა, ეს ყველაფერი რჩებოდა იგივე, ჩვენ უბრალოდ დაგვევალა, რომ მოგვეწყო და განგვევითარებინა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გადმოვიბარეთ პარკირების უფლება, 26 000 კვ მეტრამდე პარკინგის ადგილი თავიდან დავხაზეთ, გამოცვლილია 12 000-მდე საგზაო ნიშნები და დგარები; ასევე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ვებპორტალი და მობილური აპლიკაცია, სადაც მძღოლებს შეუძლიათ საშვის მარტივად შეძენა, ასევე გადაიხადონ და შეამოწმონ ჯარიმა.

თავიდანვე, როდესაც გადმოვიბარეთ „თბილისი პარკინგის“ სისტემა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ მიდგომა გვექნებოდა სხვა. ჩვენი სურვილი არ არის მეტი მძღოლის დაჯარიმება, ჩვენთვის, მთავარია, საპარკინგე სისტემის მოწყობა და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - განუცხადა „ბიემს“ თბილისის სატრანპოსრტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თენგიზ რობაქიძემ.