თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 98 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Haberturk ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.
დაკავების ოპერაცია თურქეთის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქში ანკარაში. ამ მომენტისთვის უკვე 50 ადამიანია დაკავებული.
მასობრივი დაკავებები თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.