ნინო ბურჯანაძე:

ნინო ბურჯანაძე:"არ დავფარავ, ძალიან დაინტერესებული ვარ 2007 წლის მოვლენების გამოძიებით"

"თქვენ 7 ნოემბერი ახსენეთ. ვიმედოვნებ, 26 მაისის მოვლენებიც გამოძიებაც იქნება. თუ ციხის კადრების სერვერი განადგურებულია, სანაცვლოდ არ არის განადგურებული 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების ამსახველი კადრები. პრაქტიკულად გარდა გაუპატიურებისა, ყველა სისასტიკეს ჩვენ პირდაპირ ვხედავდით. 26 მაისი ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება ამას პირდაპირ ეთერში უყურებდა. იმედი მაქვს ამ კომისიას უხელმძღვანელებს ობიექტური ადამიანი. 7 ნოემბრის ფაქტების გამოსაძიებელი კომისიის შექმნის ვალდებულება პარლამენტს აკისრია ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტით, თუმცა წინა პარლამენტმა დაივიწყა ეს ვალდებულება. იმედია, ეს ფაქტები ახლა მაინც იქნება გამოძიებული. მე ყველა ტიპის საგამოძიებო პროცესში მონაწილეობისთვის მზად ვარ ნებისმიერ საკითხზე, სადაც ჩემი ახსნა განმარტება კონკრეტულ საქმეზე საჭირო იქნება", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნინო ბურჯანაძე: "ნაციონალებს ჩემი კრიტიკის უფლება არა აქვთ!" / რა ინფორმაცია აქვს ყოფილ სპიკერს 7 ნოემბრის დარბევაზე.

"არ მაქვს პრობლემა, მივიდე და დავეხმარო გამოძიებას და მაქსიმალურად ვითანამშრომლებ. იქნება ალბათ დახურული ტიპის ინფორმაციები, რომელიც შესაბამის რეჟიმში მიეწოდებათ საგამოძიებო ორგანოებს. რაც იცის საზოგადოებამ და რის დამალვასაც ცდილობენ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ბევრ რამეს მოეფინოს ნათელი. 7 ნოემბერს იყო გადაცემა 7 ნოემბერზე. აქ არ ვიყავი და მასში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ვინც იმ ამბების მონაწილეა, აღშფოთებულმა მიამბო, რომ კობა დავითაშვილი ემოციურად ყვებოდა, რომ ის სიკვდილს გადაურჩა და გადაურჩა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ერთ-ერთ თანამდებობის პირს დაურეკა - რატომღაც დაავიწყდა იმის ხსენება, რომ ის თანამდებობის პირი იყო ნინო ბურჯანაძე, თუმცა სხვა დროს უთქვამს, რომ თუ ის დღეს ცოცხალია, ამაში დიდი დამსახურება პირადად ჩემია. იმ მოვლენების დროს ოპოზიციის ლიდერებს შეეძლოთ დღის და ღამის ნებისმიერ დროს დაერეკათ ჩემს მობილურზე და ზუსტად იცოდნენ, რომ აუცილებლად ვუპასუხებდი და დავეხმარებოდი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე.

"მადლობა ბატონ ლევან ბერძენიშვილს იმისთვის, რომ მან ერთხელ და ორჯერ თავის ინტერვიუში მიანიშნა, რომ შეიძლება 7 ნოემბრის ბევრი მონაწილე დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო, რომ არა ჩემი გადაწყვეტილება - გამეღო პარლამენტის კარი და შემეშვა დაზარალებული ადამიანები. არ იყო გამორიცხული, რომ პარლამენტს მოწოლილი ადამიანებისთვსის ცეცხლი გაეხსნათ - პარლამენტის შტურმი დაებრალებინათ. ძალიან ბევრს საუბრობენ ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხზე, საკუთარ პასუხისმგებლობაზე კი არასოდეს ლაპარაკობენ. ჩემს ოპონენტებს ამ თემების გახსენება უჭირთ ხოლმე, არავინ საუბრობს იმაზე, რომ მოვლენა, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო, არ გადაიზარდა მასობრივ სისხლისღვრაში, ჩემი ჩარევით და აქტიურობით აღიკვეთა -შემთხვევით გავიგე, რომ მობილიზებული იყო ავტობუსები, რომლებშიც იმყოფებოდნენ ნაცაქტივისტები - იყო განკარგულება და სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ ეს ადამიანები მომიტინგეებთან შეხებაში ყოფილიყვნენ - ამას მოჰყვებოდა ათეულ-ათასობით ადამიანის მსხვერპლი. არ დავფარავ, ძალიან დაინტერესებული ვარ 2007 წლის მოვლენების გამოძიებით," - დასძენს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - "ნაციონალების მხარდამჭერი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აი, ახლა მიიყვანენ საპარლამენტო კომისიაზე ბურჯანაძეს და მერე ნახეთ... როგორ იყო თქვენი როლი და გქონდათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება?" - პასუხობს:

"მე რა გადაწყვეტილებებიც მივიღე, ვიმოქმედე კიდეც კონკრეტულ შემთხვევაში. არაერთგზის მაქვს ნათქვამი - რაც შეეხება მიტინგის დარბევას, პატრიარქთან ვიყავი და არ ვიცოდი, ისე დაიწყო დარბევა. იმიტომაც ვარ დაინტერესებული, რომ გამოძიება ჩატარდეს, რომ ერთსა და იმავე თემაზე არ მიწევდეს საუბარი. ნაციონალებისგან განსხვავებით, მე არაფერი მაქვს შესაშინებელი, ნაცმოძრაობამ თავის თავზე ინერვიულოს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ჩემზე და ჩემს თანამებრძოლებზე საუბრის და მით უმეტეს კრიტიკის მორალური უფლება. ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის ჭირი მოგვეშორებინა ქვეყნისთვის. ნაწილობრივ ეს განხორციელდა და ამაში უზარმაზარია "დემორატიული მოძრაობისა" და სახალხო კრების როლი".