„ხათუნა კალმახელიძეს ბიძა ჰყავს მონაკოში და შესაძლოა, იქ გაიქცა“

„ხათუნა კალმახელიძეს ბიძა ჰყავს მონაკოში და შესაძლოა, იქ გაიქცა“

„დედამიწაზე ვნახე ჯოჯოხეთი“, - აცხადებს მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მიიჩნევს, რომ ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია.

For.ge სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ ხათუნა კალმახელიძე მეგობარ მამაკაცთან ერთად ესწრებოდა პატიმრების წამებას და, რომ იგი ბაჩო ახალაიაზე არანაკლები ჯალათია. კონკრეტულად რომელ ფაქტებზე შეგიძლიათ ისაუბროთ

- რა თქმა უნდა, ეს იყო გაუგონარი სისასტიკე. მე ეს მოსმენილი მაქვს პირდაპირ პატიმრების მიერ მოყოლილი ისტორიებიდან. იმავე ჩემი საკნიდან საღამოს ერთ-ერთი პატიმარი გაიყვანეს და, როდესაც ის ნაცემი ჩამოვიდა, განაცხადა, რომ მის წამებასა და ცემას ესწრებოდა ქალბატონი კალმახელიძე. ასევე, იყო მეორე პატიმარი, რომელმაც მითხრა, რომ მისი ერთ-ერთი ე.წ. დაკითხვის დროს (ამ დაკითხვას ჟარგონზე „გატისკვას ეძახდნენ“), იქაურ მომსახურე პერსონალთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხათუნა კალმახელიძე ესწრებოდა. მას ახლდნენ ვიღაცები, მისი მეგობრები, ანუ ეს ადამიანი უშუალოდ ესწრებოდა იმ საშინელებებს, რომელიც კონკრეტულად გლდანის ციხეში ხდებოდა. ალბათ, ანალოგიური რამ სხვა ციხეებშიც ხდებოდა. სხვათა შორის, უკვე მივმართე ამ პატიმრებს და, რადგან მათ გარეშე მათი ვინაობის დასახელების უფლება არ მაქვს, ვთხოვე, გამოეხმაურონ ჩემს განცხადებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცენ ჩვენებები ამასთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ ეს იყო საშინელი და შემზარავი დანაშაული. ხათუნა კალმახელიძის უშუალო მითითებით ხდებოდა ციხეებში საშინელებები, ნურავინ დაიჯერებს, რომ ან ხათუნა კალმახელიძემ, ან მიხეილ სააკაშვილმა ან ადეიშვილმა არ იცოდნენ, რაც ციხეში ხდებოდა. რაც ციხეში ვნახე, ეს იყო კადრები საშინელებათა ფილმებიდან. ჩემთან ისხდნენ ადამიანები, რომლებსაც ათეული წლები გატარებული ჰქონდათ რუსეთის ე.წ. ლაგერებში და ისინიც მეუბნებოდნენ, რომ იქაც კი არ უნახავთ იმგვარი სისასტიკე, რასაც გლდანის ციხეში წააწყდნენ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ფაქტები, რაც ნახეთ გლდანის ციხეში?

- გასაგებ მიზეზთა გამო პირადად ჩემთვის ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ, როდესაც გლდანის საპყრობილეში მიმიყვანეს, ე.წ. რიგი იდგა. ორი ადამიანი იყო ჩემს წინ, რომელთა სახელსა და გვარს გოგონები იწერდნენ, მათ გვერდით კი იდგა ორი ნიღბოსანი და, როგორც კი ჩააწერინებდნენ სახელსა და გვარს, მაშინვე ცემდნენ, შემდეგ მიწაზე დაგდებულები შეჰყავდათ და აშიშვლებდნენ. ჩემს თვალწინ გააშიშვლეს ეს ადამიანები, მაგრამ შემდგომში რომ გაიგეს, მე ვინ ვიყავი, მომარიდეს ამ სიტუაციას. ამის შემდეგ ხათუნა კალმახელიძის უშუალო მითითებით აღმოვჩნდი ე.წ. კარანტინში. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ დროს მე სერიოზულად დავუპირისპირდი კალმახელიძეს. მას ნათქვამი ჰქონდა, ძლივს დავიგულე ჩემს ტერიტორიაზე ბრეგაძე და ახლა ნახეთ, მას რას ვუზამო. წარმოიდგინეთ, ამ ე.წ. კარანტინში ყველაზე მეტხანს გამაჩერეს. კარანტინი ეს არის დაახლოებით 15-20 კვ/მ ოთახი, სადაც ჩემს დროს 40 პატიმარი იჯდა. მაშინ, როცა იქ სულ ოთხი საწოლი იყო. იქ მორიგეობითაც ვერ დაიძინებს ადამიანი, რადგან  ფიზიკურად არ ეყოფა საწოლი. კარანტინში არ მოდიოდა წყალი, მათ შორის, წყალი არ იყო ტუალეტშიც. საჭმელს ასხამდნენ ფეხის საბან ტაშტში და 40 პატიმარი საჭმელს ხელებით შეექცეოდა, როგორც ღორები. ამასთან, გაჰყავდათ პატიმრები და კლავდნენ ცემაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ბესო ხარძიანი, კუს ტბის მფლობელი. იგი გაჰყავდათ და დღეში ორჯერ-სამჯერ საშინლად აწამებდნენ და სცემდნენ.

იმის გამო, რომ სურდათ მისი ბიზნესის დაპატრონება?

- დიახ, ზუსტად ამისთვის, რომ ქონების წართმევა უნდოდათ. იგი სასტიკად ნაცემი შემოჰყავდათ, ამას ჩემი თვალით ვუყურებდი. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბარი აღარც არის. იქ იყო ე.წ. ნადზორი, სახელად ვახო, რომელიც უშუალოდ აუპატიურებდა პატიმრებს, შემდგომში ამ კადრებს იღებდა და ამ პატიმრებს ეუბნებოდა, თუკი ისინი მისი აგენტები არ გახდებოდნენ, მაშინ ამ კადრებს მათსავე ოჯახებს გაუგზავნიდა, უბანში გაავრცელებდა და ამით სახელს გაუტეხდა.

ამით პატიმრების გადაბირება ხდებოდა?

- ვინც თავმოყვარე იყო, თავს იკლავდა. ვინც უთავმოყვარო იყო, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობდა. სხვათა შორის, სრულიად შემთხვევით შევეჩეხე ბატონ ბედუკაძეს. შევესწარი ე.წ. კარანტინის დაშლის პროცესს, რასაც ხელმძღვანელობდა მეტსახელად ქილერა, მაშინდელი ციხის უფროსი. ქილერა რომ ერქმევა სახელად, წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდა. ასევე, იქ იყო ოლეგ ფაცაცია, ყველაზე დიდი სადისტი და დანარჩენი თანამშრომლები. წარმოიდგინეთ, მიწის ქვეშ იყვნენ პატიმრები და იქიდან უნდა აეყვანათ კორპუსში, რათა იქ გაენაწილებინათ კარანტინიდან. როდესაც გამოჰყავდათ პატიმრები, კიბეებზე განლაგებულები იყვნენ ეს სადისტები. როგორც კი ამ ქილერას პატიმრები ეტყოდნენ, თუ რის გამო ისხდნენ და როგორ ჩასვეს კარანტინში, ისიც ეუბნებოდა, კარგი, ადი ზემოთ, თუმცა როგორც კი ე.წ. წითელ ხაზს გადააბიჯებდნენ, იწყებოდა პატიმრის უმოწყალოდ ცემა მარჯვენა და მარცხენა მხრიდან წიხლებით, მუშტებით, ხელკეტებით. ამიტომ, პატიმარს სირბილით უნდა გაევლო ეს მონაკვეთი და, რაც უფრო ჩქარა გაიქცეოდა, უფრო ნაკლები ხვდებოდა. თუკი წაიქცეოდა, მას ხანგრძლივად სცემდნენ.

ბადრაგების ეს კადრები ისევ არიან ციხეში დარჩენილი?

- როგორც მითხრეს, რამდენიმე მათგანი დარჩენილია და ისევ მუშაობენ. ესენი იყვნენ ნამდვილი სადისტები. საინტერესო ის არის, რომ ისინი ხელფასის გამო არ მუშაობდნენ, რადგან დაბალი ხელფასები ჰქონდათ.

მართალია, რომ მათ 300 ლარს აძლევდნენ?

- დიახ, და ღამით თითოეული მათგანი ტაქსისტად მუშაობდა.

გინდათ თქვათ, რომ სადისტური სიამოვნების გამოვლინებისთვის მუშაობდნენ ციხეში?

- როცა 300 ლარის გამო ადამიანს აუპატიურებდნენ და სცემდნენ, ე.ი. სადისტები იყვნენ, ფსიქიკური გადახრები ჰქონდათ ან კარიერისტული წინსვლისთვის იბრძოდნენ. ვინც უფრო მეტად აწამებდა პატიმრებს, მათ მეტად აწინაურებდნენ. ყველაზე მთავარი სადისტი იყო ფაცაცია და ე.წ. ქილერა, თუ არ ვცდები, გვარად მუხაძე, მაშინდელი ციხის უფროსი.

თქვენ აცხადებთ, რომ სააკაშვილისა და ადეიშვილის პატიმარი იყავით, მაგრამ უშუალოდ კალმახელიძე კურირებდა ამ ყველაფერს. ციხეში ყოფნისას პირადად თუ დალაპარაკებიხართ კალმახელიძეს, თუ თავს არიდებდა პატიმრებთან შეხვედრას?

- პატიმრებთან შეხვედრას თავს არიდებდა და მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული პატიმრების ცემა-ტყეპას ესწრებოდა. ეს იქიდან ვიცი, რომ ჩვენ სერიოზული კამათი მოგვივიდა. წინა დღეებში გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ციხესა და პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც კალმახელიძე პირდაპირ სადიზმში დავადანაშაულე. შემდგომში, ციხეში რომ მოვხვდი, მან პირდაპირ განუცხადა ჩემს ახლობელს, ძლივს მოვიგდე ის ხელში და ნახავს, რასაც ვუზამო. ეს „ნახავს, რასაც ვუზამ“ იყო სწორედ ის, რომ თუ ადამიანი წესით კარანტინში უნდა გააჩერონ ერთი და ორი დღე, მე გამაჩერეს ათი დღე. ეს იყო  ჯოჯოხეთში გატარებული ათი დღე. როცა კარანტინში ავდიოდი, ერთ-ერთმა პატიმარმა მითხრა ასეთი ფრაზა და ეს არასდროს დამავიწყდება - სანდრო, დედამიწაზე ჯოჯოხეთი გინახავს? - არა-მეთქი. - აი, ახლა ნახავ, რამდენიმე წუთშიო. მართლაც, ჯოჯოხეთი ვნახე დედამიწაზე.

ამ ეტაპზე ხათუნა კალმახელიძე არ ჩანს არც საქართველოში, არც უცხოეთიდან შემოუთვლია რაიმე.

- როგორც ვიცი, მას ბიძა ჰყავს მონაკოში, რომელიც ძალიან ახლოს არის მონაკოს პრინცთან. რა თქმა უნდა, თუ კალმახელიძე გაქცეულია მონაკოში, ყველაფერს იღონებენ, რომ მისი ექსტრადირება არ  მოხდეს საქართველოში. თუმცა მისი ექსტრადირებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რადგან ეს ადამიანი საპყრობილეში უნდა იჯდეს და უნდა ნახოს, საპყრობილეში როგორ უნდა მოექცეს პატიმარს ნორმალურად. როდესაც ციხეში ჩაჯდება ქალბატონი კალმახელიძე, არავითარ შემთხვევაში, მას არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ის ექცეოდა თავის დროზე პატიმრებს. მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, მორალური პასუხისმგებლობა სხვა არის. მე ვერ წარმომიდგენია, ასეთი ადამიანი დედა როგორ უნდა გახდეს, ან თავის შვილს როგორ უნდა მოეფეროს?! ამიტომ მორალური პასუხისმგებლობის გარდა, რა თქმა უნდა, მან პასუხი ციხეში ჩაჯდომითაც უნდა აგოს.

ჯალათი ვახსენე და მათი უმეტესობა დღეს დაკავებულია, მაგრამ ამ ჯალათების სათავე გახლდათ კალმახელიძე და კალმახელიძის უფროსი იყო ახალაია. კალმახელიძე გახლდათ ახალაიას ნება-სურვილის უტყვი შემსრულებელი. იმ უზნეობასა და მის მორალურ მხარეზე, რასაც იქ პატიმრები მიყვებოდნენ, ახლა აღარ ვილაპარაკებ.

ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დაწყებას შევარდნაძის გასამართლებას უკავშირებთ. ასევე, აცხადებთ, რომ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებულები უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ისინი უზურპატორის წინააღმდეგ სამართლიანობას აღასრულებდნენ.

- რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. ტერაქტის გამო სხედან ციხეში, იყვნენ სამხედრო ოპერაციის მონაწილეები, რომლებიც ხალხის ნება-სურვილს, ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ასრულებდნენ. იმ დროს სწორედ შევარდნაძე გახლდათ უზურპატორი და არაკანონიერი ხელისუფალი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველო, დაწყებული სამეგრელოდან, დამთავრებული აფხაზეთამდე და კიდევ ათასი სისაძაგლე ჩაიდინა ქართველი ერისა და კაცობრიობის წინაშე. იმის გამო, რომ სასამართლოთი მას ვერაფერს უხერხებდნენ და სამართალდამცავი ორგანოები მას, ფაქტობრივად, დაშლილი ჰყავდა, მის წინააღმდეგ ის აქტი განახორციელეს. ეს იყო სამხედრო ოპერაცია კანონიერების აღსადგენად. ეს ადამიანები ბევრს ეტანჯნენ საქართველოს გულისთვის. ამიტომ, ისინი, პირველ რიგში, უნდა გამოუშვან ციხიდან. ისინი საქართველოს გმირები არიან. პირდაპირ გეუბნებით, ვწუხვარ, რომ იმ მოვლენების დროს დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. ეს სამწუხარო მოვლენა იყო, მაგრამ აქეთა მხრიდანაც დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება შევარდნაძეს, სანამ შევარდნაძე და შევარდნაძიზმი არ გასამართლდება, მანამდე სამართლიანობა არ იქნება. ყველა იმ უკეთურების სათავე, რითაც ჩვენ პროდუქტად მივიღეთ შევარდნაძის შვილობილი და მისი მახინჯი ფორმა სააკაშვილი, თუ არ იქნა გასამართლებული, ისე არაფერი გამოვა.

პირადად თქვენი დაკავების ფაქტს რით ახსნით? ცნობილია, რომ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელთან შელაპარაკების გამო 2011 წლის თებერვალში დაგაკავეს.

- დაკავებამდე, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ერთხელ მენაგვემ მომაყენა შეურაცხყოფა, მეორედ - „სტაიანშჩიკმა“. მოგვიანებით რომ მოვიკითხე ის „სტაიანშჩიკი“, მისმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ის ადამიანი არც მანამდე უნახავთ, არც შემდეგ. ანუ, სპეციალურად ჩემთვის იყო დაყენებული. რა თქმა უნდა, ეს ბოლო შემთხვევაც პირდაპირი პროვოცირება გახლდათ. როდესაც ქართველ ადამიანს, მამაკაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ, შემდგომში ხელს მოუქნევენ და ოთხი კაცი დაეცემა თავს, ცხადია, მათ პასუხს გასცემს. იმის გამო, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ, ოთხივე მათგანი ვცემე. ვფიქრობ, ისინი იყვნენ საპყრობილეში ჩასასმელები და არა მე. სხვათა შორის, იცით, გამომძიებელმა რა მითხრა? შენ რომ ჩივილი დაგესწრო, ვერაფერს გაგიკეთებდითო. მე ვუთხარი, სამართლიანობა თუ იმაზეა დამოკიდებული, ვინ პირველი ჩივის, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე-მეთქი.

კონკრეტულად რის გამო გადაწყვიტეს თქვენზე შურისძიება?

- გახსოვთ, ალბათ, კონსტანტინე გამსახურდია როდესაც შევიდა პარლამენტში, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. შემდგომში, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მთავაზობდნენ სახელმწიფო მინისტრის, ხოლო შემდეგ - ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის პოსტს, რადგან ჯოზეფ ბაიდენი როდესაც ჩამოვიდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებს უთმობდა მინისტრის მოადგილეების სავარძლებს. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე გამსახურდია შევიდა პარლამენტში, მათ უნდოდათ, იმავე კონტექსტში მეც მოვხვედრილიყავი და ეთქვათ, აი, ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდა, მეორე - მინისტრის მოადგილედ წავიდაო. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე და პირდაპირ ვამხილე ეს ბინძური გარიგება. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამას არ მაპატიებდნენ და არც მაპატიეს. თუმცა ამას არ ვნანობ, რადგან იქ იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი და ისეთი გამოცდილება მივიღე, რომელიც ცხოვრებაში ნამდვილად გამომადგება, მაგრამ სხვას ნამდვილად არ ვუსურვებ თავისი თვალით ამის ხილვას.