აშშ-მა იაპონიაში კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-იდან საკუთარი მოქალაქეებს ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანენ. ჯანმრთელი მგზავრები კი ჩარტერული რეისებით აშშ-ში დაბურნდებიან, სადაც მათ 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ.
Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხომალდზე კარანტინი გამოცხადდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1665-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 9419 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.