რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს, ამის შესახებ middleeasteye წერს.
რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს. წუხელ, გვიან ღამით, სამთავრობო ძალებმა ალეპოს ძირითად ნაწილზე 2012 წლის შემდეგ კონტროლი პირველად დაამყარეს.
ბაშარ ასადის არმიის წარმატებებმა ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედა. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთს სირიის პროვინცია იდლიბზე იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო 1-ლი დეკემბრიდან იდლიბში საკუთარი სახლების დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.