აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. CBNNEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა Daytona-500-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„Daytona-500 ლეგენდარული რბოლაა. დღეს ათი ათასობით პატრიოტი მოვიდა აქ, რათა მსოფლიო კლასის უსწრაფესი ავტომობილები იხილონ. თუმცა, NASCAR-ის ფანები არასოდეს დაივიწყებენ, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს დღეს, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. რეზინა დაიწვება, ფანები იყიჟინებენ და უდიდესი ამერიკული ავტორბოლა დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.
გახსნის ცერემონიას დონალდ ტრამპთან ერთად მისი მეუღლე მელანია ტრამპიც ესწრებოდა. რბოლის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ლიმუზინზე საპატიო წრე დაარტყა.
NASCAR Daytona 500-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიას დაახლოებით ასი ათასი ადამიანი დაესწრო. ეს აშშ-ში ყველაზე პოპულარული საავტომობილო რბოლაა. ღონისძიების ყოველწლიური საპრიზო ფონდი 18 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.