ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე სტიქიურმა მოვლენებმა ქართველ ავტოიმპორტიორებს ახალი სურვილი აღუძრა. რა თქმა უნდა,საუბარია დაზიანებული ავტომობილების იმპორტზე, რომელთა ფასი ძალიან დაბალია. იაფფასიან მანქანებზე კი მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ასე რომ, ავტოდილერებისთვის ამერიკული ჭირი, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მეორადი ავტომობილები შესაძლოა, გაიაფდეს კიდეც. ავტოიმპორტიორთა ნაწილის ინფორმაციით, ფასების კორექტირება გაზრდილი იმპორტის შედეგად მოხდება. მათი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი ამერიკაზე კეთდება, საიდანაც სტიქიით დაზიანებული ავტომობილების დიდი ნაწილის იმპორტი მოხდება და დაბალ ფასად გაიყიდება.
„იმპორტის ზრდა ბაზარს მრავაფეროვანს გახდის ფასისა და ასორტიმენტის მიმართულებით, ეს კი მოკლევადიან პერიოდში ფასებზეც აისახება“, - განმარტავენ ავტოიმპორტიორები.
რაც შეეხება რეალიზაციის მაჩვენებლებს, ვითარება უცვლელია და წინა თვეების მსგავსია. დილერების ნაწილი კი არჩევნების შემდეგ გაყიდვების ზრდაზე ალაპარაკდა. რაც მათივე თქმით, კომერციული ბანკების გააქტიურებითაც არის გამოწვეული.
„ბოლო ორი წელია მეორად ავტომობილებზე ძირითადად ფასები უცვლელია და საწყისი ღირებულება 3000, 7000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კონკურენციის ზრდა ღირებულების კლებას გამოიწვევს“, - ამბობენ დილერები.
უმსხვილესი ავტოიმპორტიორების ავტოგანვადების კუთხით ბანკების გააქტიურებაზე უკვე ერთი თვეა საუბრობენ. როგორც „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი აცხადებს, თუ აქამდე ბანკები მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, ამჯერად ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ და დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი რა პროდუქტებს შესთავაზებენ მომხმარებლებს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი ავტოგანვადების კუთხით დომინანტ ბანკებად „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკს“ ასახელებს, თუმცა აქტიურად თანამშრომლობენ „ბანკ რესპუბლიკასთან“ და „ვითიბი ბანკთანაც“.
ამერიკაში მომხდარმა სტიქიამ მდგომარეობა საგრძნობლად შეცვალა. სტიქიის გამო იქ მეორადი ავტომობილი გაიაფდა და ამ ფაქტმა იმპორტიორ ქვეყნებზეც იქონია გავლენა. ბუნებრივია, მომხმარებელი ყოველთვის არის გაიაფების მოლოდინში. რეალურად კი, ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული.
ახლა დაახლოებით იგივე ვითარებაა, რაც 2 წლის წინათ იაპონიაში ხდებოდა. მაშინდელმა დამანგრეველმა ცუნამმა იაპონური ავტომობილების მკვეთრი გაიაფება გამოიწვია. საქართველოში კი ჯაჭვური რეაქციით არა იაპონური მანქანებზეც შემცირდა ფასები. ამჯერად იგივე მოლოდინია ამერიკიდანაც.
კომპანია „ავტოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართულ ავტობაზარზე ჯერჯერობით არანაირი გაიაფება არ იგრძნობა. კომპანია მეორადი ავტომობილების იმპორტს უმეტესად ამერიკიდან ახორციელებს, თუმცა, სტიქიის გამო, დაზიანებულ ავტომობილებზე შეკვეთა ჯერ არ მიუღია.
„კლიენტების მოთხოვნა თუ იქნება და ასეთი ინტერესი დაფიქსირდება, ამ კატეგორიის ავტომობილების შემოყვანით ჩვენც დავინტერესდებით. ჯერჯერობით, ბაზარზე შესამჩნევი ცვლილებები არ არის. მოთხოვნა ამ ეტაპზეც უცვლელია. რაც შეეხება ფასს, აქაც ანალოგიური სიტუაციაა, არც კლება ფიქსირდება და არც მატება“, -ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.