ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 8069 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.