რუსეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტის სურვილი გავრილოვის ღამის შემდეგაც არ განელებია. რუსები საქართველოს ხელისუფლებისგან მათი დელეგაციისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ.
პრემიერი გიორგი გახარია მიუნხენში იმყოფება, სადაც, ასევე, იმყოფება კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული სერგეი ლავროვიც. გამორიცხული არ არის, ლავროვმა გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.
როგორც ჩანს, რუსები სერიოზულად ემზადებიან 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჩამოსასვლელად. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ კრემლმა საქართველოს გაფრთხილებით მიმართა - ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსული დელეგაციის უსაფრთხოება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, იქნება თუ არა რუსულ დელეგაციაში სერგეი ლავროვი, მაგრამ, როგორც წესი, მსგავს სიტუაციაში რუსეთის დელეგაციებს სწორედ ლავროვი ხელმძღვანელობს.
რუსეთში ფიქრობენ, რომ მათი დელეგაციისთვის საქართველოში პრობლემების შექმნა ხელოვნურადაა გამოწვეული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა თვლის, რომ ხალხს სპეციალურად აბუნტებენ, ჩავა თუ არა ლავროვი საქართველოში, საამისოდ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ. ზახაროვას აზრით, სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით, ან არ ჩამოსვლით.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ლავროვის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოირიცხოს, თორემ საქართველოს ხელისუფლება ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, მთავრობას და ივანიშვილს ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა.
„კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ჯანყს არ გამორიცხავს, თუკი დაინახავს, რომ ლავროვის ჩამოყვანით სახელმწიფოს ვკარგავთ.
„ქართული ოცნების“ ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ კრიტიკული განცხადებები, თითქოს 14-15 მაისს ვიღაცას საფრთხე ემუქრება, დისონანსის შემოსატანად კეთდება და ხელისუფლებას გააჩნია საკმარისი რესურსი, საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლოს, ღირსეული თავმჯდომარეობაც გასწიოს და საკუთარ კანონებსაც პატივი სცეს.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს აინტერესებს, რას გულისხმობენ რუსები გარანტიებში, იმას, რომ რუსული დელეგაცია უბრალოდ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს საქართველოსგან, თუ ითხოვს იმას, რომ მათ ჩამოსვლას რაიმე პროტესტი არ მოჰყვეს?! ანალიტიკოსის განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიები რუსულ დელეგაციას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც ექნება, მათ ტერორისტულ აქტს არავინ არ მოუწყობს, მაგრამ, თუ ისინი ითხოვენ, საპროტესტო აქციები არ იყოს, ეს წარმოუდგენელია.
„ეს ღონისძიება ტარდება არა საქართველოს ეგიდით, არამედ ტარდება ევროპის მინისტერიალივით და ლავროვი გეოგრაფიულ საქართველოში ჩამოდის და არა სახელმწიფო ურთიერთობების დასარეგულირებლად, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ პრობლემები უნდა მოიხსნას და ვალდებულება რახან ავიღეთ, უნდა შეავასრულოთ კიდეც. შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ, მაგრამ დიდ ტრაგედიად არ ვთვლი რუსული დელეგაციის ვიზიტს და დიდ უბედურებად არ ვთვლი, რომ ამით ოკუპაციის შესახებ კანონი დავარღვიეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ პროტესტი არ გამოვხატოთ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და რომელმა ხელისუფლებამაც არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დღევანდელმა, გუშინდელმა, თუ მომავალმა, სანამ ასეთი ვითარებაა რუსეთ-საქართველოს შორის, რაც დღეს არის, მანამ პროტესტი ყოველთვის იქნება. თუ რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში, რა თქმა უნდა, მათ პროტესტით უნდა შევხვდეთ და იქნება კიდეც პროტესტი. უბედურება ის იქნება, თუ პროტესტი არ იქნა და რუსულ დელეგაციას მივეცით კომფორტული საშუალება, რომ თბილისში ისეირნონ. მთავარია, ეს პროტესტი არ გადავიდეს ფიზიკურ დაპირისპირებაში, ან ღმერთმა დაგვიფაროს, ტერორისტულ აქტში. იმ ფარგლებში უნდა იყოს პროტესტი, რომელიც დემოკრატიული პროცესებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისი იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტისას საპროტესტო განწყობა აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
„რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი. უსაფრთხოება ნამდვილად უნდა იყოს დაცული. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ორი ამოცანა, ერთი მხრივ, უზრუნველყოს დემოკრატიული ნების გამოხატვა საქართველოს მოსახლეობაში და ხელი არ შეუშალოს მათ მრავალათასიან გამოსვლებს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ (იმედია, სწორედ მრავალათასიანი გამოსვლები იქნება) და, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა დელეგაციის, მათ შორის, რუსული დელეგაციის უსაფრთხოებას. ქართველებს რომ გვიხაროდა, ევროსაბჭოს თავმჯდომარე გავხდითო, სწორედ ეს არის პასუხისმგებლობაც. ლავროვი ჩამოდის თუ არა საქართველოში, ჯერ არ ვიცით, მაგრამ რუსული დელეგაცია ჩამოვა და ეს დელეგაცია ჩამოვა არა საქართველოში, არამედ ევროსაბჭოს ღონისძიებაზე. ჩვენ თუ ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კეთილი ვინებოთ, მივიღოთ რუსული დელეგაციაც და მათი უსაფრთხოებაც დავიცვათ. ამასთან, დემოკრატიული პრინციპებიც დავიცვათ და ჩვენს მოსახლეობასაც მივცეთ საშუალება, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.