„სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა თუ არა საქმე, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი. შეიძლება, დაძაბულობა სჭირდებოდეს ივანიშვილს იმისთვის, რომ მიიღოს გარკვეული გარანტიები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხელისუფლების დათმობასთან დაკავშირებით“,-აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში და პარალალებს ავლებს შევარდნაძისა და სააკაშვილის მიერ დასავლური გარანტიების მიღებასთან.
გიგი უგულავას დაკავების შემდეგ სიტუაციის დასაცხრობად ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტარებს იწვევს, ამის პასუხად ოპოზიცია მარტივ გზას ეძებს, რაღა ევროპარლამენტარები, ბარემ ევროპროკურორები ჩამოვიყვანოთ და მათ შეისწავლონ ყველა დასაჭერის საქმის დეტალები. როგორ გგონიათ, რატომ მაინცდამაინც გიგი უგულავა? ოპოზიციას თუ დავესესხებით, იგი სათანადოდ ვერ „მოთვინიერდა?“
- რთული სათქმელია, მოთვინიერდა უგულავა თუ არ მოთვინიერდა და ამიტომ მოხდა თუ არა მისი დაკავება. ვერც იმ მსჯელობაში შევალთ, რა საბუთები არსებობდა მის წინააღმდეგ და რამდენად სწორი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ უდროო დროს რომ მოხდა მისი დაკავება, ეს ფაქტია. საქმე, რასაც გიგი უგულავას ედავებიან, 2013 წელს უკვე ცნობილი იყო, იმ პერიოდში შესაბამისი კადრებიც გავრცელდა. როდესაც ასეთი სენსიტიური საქმეა და საკითხი ეხება პარტიის ლიდერებს, პოლიტიკოსებს, რომელთაც გადაწყვეტილებების მიღებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მაშინ ეს საქმეები ამდენ ხანს, 7 წელი არ უნდა ჭიანურდებოდეს. სულ ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ შარშან რომ მომხდარიყო ის, რაც ახლა მოხდა, ალბათ, ამხელა ვნებათაღელვას არ გამოიწვევდა, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არ დარჩებოდა მხოლოდ სამართლებრივი რეგულაციის სფეროში და მან მიიღო კიდეც პოლიტიკური შემადგენელი.
ევროპარლამენტარები და ევროპროკურორები ჩამოვლენ თუ არა საქართველოში, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მოჰყვა მძაფრი კრიტიკა ევროპაშიც და ამერიკაშიც. შესაბამისად, ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა უცხოელებს შესთავაზა, გაიხსნას ეს თემა და აქ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები. ალბათ, აქ მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები არ ჩამოვლენ, სავარაუდოდ, ეს იქნება ჯგუფი, რომელშიც შევლენ თუნდაც იმავე სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც, სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებიც და სხვები. ეს იქნება მიუკერძოებელი ჯგუფი და მხოლოდ სამართლებრივ მხარეს კი არ შეეხება, არამედ პოლიტიკურსაც. მათი შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ხელისუფლება ცდილობს, დასავლური წრეებიდან წამოსული კრიტიკა ან მოხსნას, ან შეარბილოს მაინც. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, რომ ევროპროკურორებიც ჩამოიყვანონ, მაგრამ არც ეს უშველის საქმეს, პრობლემა უფრო ღრმაა.
როგორც ვიცი, „ნაცმოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს დღემდე, ოპოზიციას არ უჭირს ამერიკაშიც და ევროპაშიც კონგრესმენებთან და ევროსაბჭოს დეპუტატებთან ურთიერთობა და მიაწვდიან კიდეც მათ ინფორმაციას საქართველოს შესახებ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, თუ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ, არ შეიძლება ყველაფერზე კითხვის ნიშნები გვქონდეს, იქნება ეს ხელისუფლება, თუ ოპოზიცია. სტრასბურგის სასამართლო მაშინ არის კარგი, თუ ის ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე რომ მაწყობს და ცუდია, თუ ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს? ასეთი სასამართლო ხომ საქართველოშიც გვაქვს? მე მესმის და სრულიად ბუნებრივიცაა, რომ არ ვენდობით სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოში, არც დღევანდელს, არც გუშინდელს, არც გუშინწინდელს, მაგრამ რომელიღაც ინსტიტუტისადმი ნდობა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ გვინდა, ამ ჭაობიდან ამოვიდეთ.
სიტყვიერად მაინც ყველანი ვთანხმდებით, რომ მივდივართ ევროპისკენ და გვინდა დასავლეთი, მაშინ კეთილი ვინებოთ და ვაღიაროთ ეს სტრუქტურები და არა მარტო ვაღიაროთ, არამედ ვთქვათ, რომ ისინი არიან მიუკერძოებლები ამ შემთხვევაში მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით სხვა განზომილებაში, რაც ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სვლას ევროპისკენ.
გიგი უგულავას რომ დავუბრუნდეთ, ის არ ყოფილა ისეთი პირსისხლიანი „ნაცი“, როგორც „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო გაფრთხილება ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომელიც სულ მალე დატოვებს საპატიმროს, რომ გამოსვლის შემდეგ გაჩუმდეს, თუ არადა, უკან შებრუნებას არაფერი უკლია?
- რახან ვლაპარაკობთ პოლიტიკურ შემადგენელზე, ცხადია, პოლიტიკური შემადგენელი აქვს ამ საქმეს და შესაძლოა, ხელისუფლება ამ ნაბიჯით არა მარტო მერაბიშვილს, არამედ სხვებსაც აფრთხილებდეს და ცდილობდეს, ოპოზიციის დაშინებას, მაგრამ ეს არ მუშაობს, არც არასდროს მუშაობდა. თვითონ „ნაცები“ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ გაცილებით მძიმე და რთული ვითარება იყო გნებავთ, საპყრობილეებში, გნებავთ, დემოკრატიული, თუ სიტყვის თავისუფლების მხრივ, მიუხედავად ამისა, ამან არც „ნაციონალებს“ უშველა, მათ არ უშველა არც ძალიან კარგად აწყობილმა რეპრესიულმა სისტემამ. „ნაცებს“ კი არა, ასეთმა სისტემამ კომუნისტებსაც არ უშველა, რადგან, როცა საზოგადოების განწყობა რეალურად იცვლება, მაშინ რეპრესიული მეთოდები საქმეს არ შველის. არა მგონია, მერაბიშვილი ამ ნაბიჯით დაშინდეს, ან კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოს, უკვე 8 წელია, ეს კაცი „წესიერად“ ზის.
ამ სიწყნარესაც უწუნებს ყოფილი პრეზიდენტი და ცდილობს, მერაბიშვილი წარმოაჩინოს 9-წლიანი ეპოპეის მთავარ დამნაშავედ, რომლის ფონზეც სააკაშვილმა თურმე არაფერი იცოდა და თეთრი ხელთათმანებით მუშაობდა.
- ეს საშინელებაა, როცა ცდილობ, ყველაფერი ვიღაცას გადააბრალო.
დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა ასეთია - მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ცალკეული პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, არჩევნები ოქტომბრამდეც დაინიშნოს, ანუ აპრილში ან მაისში, ზოგიერთები სამოქალაქო დაპირისპირებასაც პროგნოზირებენ. თქვენ როგორ ხედავთ უახლოესი თვეების პერიოდს? ვადამდელი არჩევნები იქნება აპრილ-მაისში?
- გამორიცხვით ამ ქვეყანაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს ანალიზს კი არ ეფუძნება, არამედ ივანიშვილის გუნება-განწყობას. მაისში, თუ ის გადაწყვეტს, არჩევნები მაისში უნდა იყოს, იქნება კიდეც მარტივად შეიძლება ამის მიღწევა, პარლამენტი არ დაამტკიცებს მთავრობას, უნდობლობას გამოუცხადებს და შემდეგ კონსტიტუციის მიხედვით დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, თუ ძალიან გაუჭირდებოდა ხელისუფლებას სისტემის ცვილებასთან დაკავშირებით, მაშინ გადადგამდა ამ ნაბიჯს, ანუ გაითამაშებდა და უკვე ვეღარ მოესწრებოდა კოდექსის ცვლილება, მაგრამ დღესდღეობით, რადგან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს ხელისუფლებასთან, თითქოს საჩქაროც არაფერია.
გულწრფელად გითხრათ, ველოდები არა რიგგარეშე არჩევნებს, არამედ მთავრობაში ცვლილებებს, გახარიას ჩანაცვლებას სხვა ვინმეთი და საარჩევნო ბატალიების დაწყებას. სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა თუ არა საქმე, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი. შეიძლება, დაიწყოს ესკალაცია, დაძაბულობა, მაგრამ ეს სჭირდებოდეს ივანიშვილს იმისთვის, რომ მიიღოს გარკვეული გარანტიები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხელისუფლების დათმობასთან დაკავშირებით. ასეთი რამ სიახლეს არ წარმოადგენს ჩვენთან, ასეთივე გარანტიები მიიღეს შევარდნაძემ, სააკაშვილმა, ეს გარანტიები შეიძლება სჭირდებოდეს ივანიშვილს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს საქმე. არც იმას გამოვრიცხავ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე რეალურადაც მივიდეს საქმე, მაგრამ ეს უკვე იქნება რუსული თამაში და არა ქართული, ან დასავლური თამაშის ნაწილი.