"ყინწვისის შეთქმულების“ სახელით ცნობილი საქმე ერთ-ერთი რეზონანსული აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები 2011 წლის 26 მაისს დილით ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა 24-წევრიანი ჯგუფის დაკავების ადგილად ოფიციალურ მასალებში დაფიქსირებულია არა ყინწვისის მონასტრის ტერიტორია, არამედ შსს-ს მთავარი სამმართველოს შენობა. ამ საქმეში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი „არგუმენტი“ დაიდო. ეჭვმიტანილები საქართველოში წყობის შეცვლის მოტივით აიყვანეს, ისინი აწამეს და დააშინეს, რის გამოც უმრავლესობამ ითანამშრომლა პროკურატურასთან და იძულებით გააფორმა საპროცესო შეთანხმება. თუმცა, ადვოკატების თქმით, საქმეში, პრაქტიკულად, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულთა დანაშაულს დაადასტურებდა.
საპროცესო გარიგებას მხოლოდ ორი მსჯავრდებული ნიკოლოზ გოგუაძე და ოლეგ კეშელავა არ დათანხმდნენ. ამიტომ მათ უფრო მკაცრი სასჯელები ხვდათ წილად. გოგუაძეს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კეშელავას კი - 8 წლით.
For.ge-ს ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე ესაუბრა.
2011 წლის 26 მაისს ჩატარდებულ ყინწვისის სპეცოპერაციას არაერთი ადამიანის წამება მოჰყვა. თუმცა, ამ საქმეში ყველაზე მეტად ნიკოლოზ გოგუაძე დაზარალდა.
- ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ნიკოლოზ გოგუაძე. ეს არის უგანათლებულესი პიროვნება, როგორც შინაგანად, ისე ზნეობრივად, მორალურად სუფთა ადამიანი. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა და 32 წლის გახდა საპყრობილეში. 2011 წლის 26 მაისს 12 საათზე მას მერე, რაც აღლუმი დასრულდა, იმ დროისთვის მოქმედმა ტელეარხებმა დაიწყეს იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ოფიციალურად შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ბატონმა შოთა უტიაშვილმა. იმ დროისთვის იგი პოლიციის მაღალჩინოსანი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ. ამ ოფიციალურ ცნობას რამდენიმე დღის განმავლობაში Police.ge-ზე დადებული ინფორმაციაც ადასტურებდა და პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ 26 მაისს ყინწვისში (ქარელის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე) ჩატარდა სპეცოპერაცია და დააკავეს 24 შეირაღებული პირი, რომლებმაც, თურმე, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 27 მაისის საღამოს 21.00 საათზე ვნახე ნიკოლოზ გოგუაძე. იგი იმყოფებოდა თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. თითქმის 18 წელია, ადვოკატი ვარ და არ მინახავს მის მსგავსად ნაცემი და ჩაშავებული სხეული. ეს იყო უზომოდ ნაცემ-ნაბეგვი ახალგაზრდა, რომელსაც თეთრი ადგილი არ ჰქონდა ზურგზე. ხელები, თითები აბსოლუტურად შავი ჰქონდა, სახე კი თითქმის - დალეწილი. ყველაზე რთული დარტყმა, რაც მას მიაყენეს, ეს იყო კუდუსუნის დაზიანება. იგი თვეების განმავლობაში ვერ დგებოდა და ვერ წვებოდა. ეს იყო წარუშლელი საშინელი სურათი ჩემთვის.
რას მოითხოვდნენ მისგან?
- აქ ცოტა რთულად არის საქმე და კურიოზულადაც. სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ თავისი თავი პირველად ნახა ტელევიზორში, როცა მე-8 საპყრობილეში ტელევიზორები დაუშვეს. მის შესახებ მომზადდა ნანა ლეჟავას სიუჟეტი და მას თავისი თავი ნანახი არ ჰქონდა, რადგან თვეების განმავლობაში სარკე არ ჰქონია. ამდენად, პირველად იხილა, თუ როგორი ნაცემ-ნაბეგვი იყო. იმ პერიოდში აღმკვეთი ღონისძიება დანიშნული იყო 28 მაისს და პირველივე სხდომა დახურეს. პროკურორი იყო დავით ხიზანაიძე, ქალაქის მთავარი პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე. სასამართლოზე ითქვა, რომ აქ არის საიდუმლოება და მრავალტომიანი საქმეა. მე ვიკითხე, გამაგებინეთ, რომელი საზოგადოება შეიკრიბა სასამართლო დარბაზში, რადგან ოჯახის წევრები გაიყვანეს, ხოლო იმ 22 დაკავებულს, რომელიც პროცესზე მოიყვანეს, ყველას ეტყობოდა ცემის კვალი. სხდომის ოქმში ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, როგორ უსასტიკესად მოხდა ყინწვისში სპეცოპერაცია, რა დროსაც ისინი მიწაზე დააგდეს, აფორთხიალეს. ამას რომ გავიაზრებთ, მივხდებით, რა იქნებოდა 37 წელს, როცა საზოგადოება ჩაკეტილი იყო და ასეთი კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდათ. სხდომა ჩატარდა ქალაქის სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარბაზში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა დარბაზად არის ცნობილი. ვერანდა სავსე იყო პოლიციის მაღალჩინოსნებით. ვიკითხე, თუკი სხდომას ხურავთ, რატომ ესწრებიან ეს პირები დახურულ სხდომას, ხოლო მეორე მხარეს რატომ სხედან უამრავი რაოდენობის პოლიციელები?! ამის შესახებ ითქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან და იცავენ, რომ ბრალდებულებმა არ მოახდინონ სასამართლო რეჟიმის ხელშეშლა. მოსამართლეს პირდაპირ მივმართე, თქვენო ღირსებავ, გამონაკლისის სახით გოგუაძეს მიეცით უფლება, რომ სასამართლო პროცესზე არ დაჯდეს, არა იმიტომ, რომ სასამართლოს უპატივცემულობას გამოხატავს, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია არც ჯდომა, არც დგომა. მართლაც, ნიკოლოზ გოგუაძე ბანცალებდა პროცესზე. დაკავების დროიდან მოყოლებული, როდესაც მას აღმკვეთ ღონისძიებას უფარდებდნენ, გასული იყო 56 საათი. არადა, კანონი ცალსახად უთითებს, რომ დაკავებიდან 48 საათში პროკურორი ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა, სადაც დასაბუთებულად მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების პროკურორისეულ ხედვას. ამ დროს კი 56 საათი იყო გასული. სასამართლოზე ნიკოლოზ გოგუაძის საქმე რიგითობით პირველად განიხილებოდა, ამიტომ პირველს მომიწია სიტყვის თქმა და ვიკითხე, მე, ბესარიონ ქარცივაძე ვამბობ, თუ ეს ადამიანები ყინწვისში დააკავეს, მაშინ მათ რატომ უფიქსირდებათ დაკავება არა ყინწვისში, არამედ ქალაქის მთავარ სამმართველოში 27 მაისის დილის 6 საათსა და 15 წუთზე? როგორ მოხვდა ეს ხალხი ქალაქის მთავარ სამმართველოში? მაშინ ყინწვისში ვინ ჩაატარა ოპერაცია და რას აცხადებს შს სამინისტრო? რომელი ტყუის, პრტოკურატურა თუ შს სამინისტრო?
ბრალდებაში ასეთი რამ ეწერა, თითქოს ეს ადამიანები ყინწვისის მონასტერთან იყვნენ და ხელისუფლების დამხობა უნდოდათ?
- თავიდანვე წინააღმდეგობრივი წარმოდგენები იყო. გამოძიების პირველ ეტაპზევე საქმე პროფესიულ ხედვას დაშორდა, რაც შემდგომშიც განმეორდა და ასეთ რეალობამდე მივედით. ოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, ესენი დაკავებულნი არიან ყინწვისში, საიდანაც გასულია 48 საათი, ამდენად, უკანონო პატიმრები არიან და გასაშვები ყოფილან დარბაზიდან. ამ დროს კი, პროკურორი აცხადებს, რომ ყინწვისში არანაირი დაკავება არ მომხდარა და ესენი დააკავეს თბილისში. მე ვეუბნებოდი, როგორ, რანაირად, ეს ადამიანები მაშინ როგორ მივიდნენ თბილისის სამმართველოში და ვინ სცემა, ვინ იძალადა მათზე?! მაგალითად, ნიკოლოზ გოგუაძე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასე დალეწილი რომ იყო, სად მოხდა ასეთი რამ? კაპეზეში (წინასწარი დაკავების იზოლატორში), როგორც კი შეიყვანეს, დაფიქსირდა, რომ ნაცემი იყო. მისი დაკითხვა თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამომძიებელ ჩოლოიანს, ვინც იგი დაკითხა ამ რვა საათის განმავლობაში, უწერია, რომ ოთხი საათი არის წყვეტა. საერთოდ, ოქმში იწერება, თუ რატომ შეჩერდა დაკითხვა და რა მოხდა სინამდვილეში. როდესაც მე ვკითხე გამომძიებელს, რით ავხსნით ამ წყვეტას, მან მითხრა, მე დავიღალეო. მესმის, რომ ის დაიღალა, ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონია, მაგრამ მე ვეკითხები, თქვენს წინაშე გოგუაძე ასეთი ნაცემი იყო-მეთქი? არ ეტყობოდაო. ვუთხარი, როდესაც თქვენ დაკითხეთ გამთენიისას და იგი სცანით ბრალდებულად და დააკავეთ, თქვენვე წერთ, რომ, ნაცემ-ნაბეგვია, მაშინ ასეთი ნაცემი როგორ დაკითხეთ-მეთქი? სხვათა შორის, კაპეზემ, ციხემაც დააფიქსირა მისი ნაცემობა, რადგან ის ფეხზე ვეღარ დგებოდა.
ეს ადამიანები როგორ მოიხელთეს და რაღა მაინცდამაინც მათ დააბრალეს ყინწვისის ამბოხი?
- ძალიან საინტერესო და ამოუცნობი თემაა. ნიკოლოზ გოგუაძის ცემის ფაქტზე თვითონ პროკურატურამ საქმის წარმოება დაიწყო და შიდა ქართლს დაავალა ამ საქმის გამოძიება. რა მუხლია იცით? სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, ახლა რომ სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს და მაღალჩინოსნების დაკავებები მიმდინარეობს. გოგუაძის ცემის ფაქტი უნდა გამოეძია გორს, სადაც მოხდა მისი დაკავება, მაგრამ არაფერი გამოუძიებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდით სახალხო დამცველ ტუღუშს. პრაქტიკულად მან ამ საქმეში არაფერი გააკეთა, საქმეც კი ვერ გამოითხოვა და შვიდი წერილი მაქვს, სადაც ტუღუშს ვწერდი, შეისწავლეთ დაზიანება, დაინტერესდით, რატომ არ ხდება გამოძიება. ამ დროს ყინწვისის საქმე ტუღუშმა საერთოდ არ შეიტანა თავის მოხსენებაში. ეს თემა ტაბუდადებული იყო. როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა თურმე წინააღმდეგობა გასწია, ბატონ უტიაშვილს მივწერე, ადასტურებთ თუ არა იმ ინფორმაციას, რაც არის Police.ge-ზე? ხომ შეიძლება, შეცდომა იყოს ან ვინმემ არასწორად დაბეჭდა-თქო? მან მიპასუხა, ვადასტურებო. გამოვიდა, რომ პოლიცია ამბობს, შეიარაღებული წინააღმდეგობის ჯგუფი დავიჭირეთო, ამ დროს კი იარაღი არ არის. ამის პარალელურად, პროკურატურა ამბობს, რომ არ ყოფილა შეიარაღებული ჯგუფი და ისინი თბილისში დააკავეს, მაშინ, როცა პოლიციამ ისინი თურმე ნაცემ-ნაბეგვი ჩამოიყვანა ყინწვისიდან. სიმართლე სად არის?
მაინცდამაინც ამ 25 კაცს რატომ დასწამეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა?
- ჩვენც ამას ვეკითხებოდით. აქ ბევრი კურიოზი იყო. მაგალითად, ნიკოლოზ გოგუაძეს ორი ბრალი დასდეს, ერთი 75-ე (შეთქმულების) და მეორე - 236-ე (იარაღის კუთხით). არადა, ერთადერთი იარაღი იყო ერთ-ერთი მსჯავრდებულის - დავით ქილიკიშვილის, რომელიც ამ იარაღის გამო გასამართლდა. თუმცა ამავე იარაღზე, ასევე, გაასამართლეს ნიკოლოზ გოგუაძე და თქვეს, გოგუაძე იქ დადიოდა იარაღითო და მერე თურმე მანქანიდან ამოუღეს. ჩვენ იარაღზე დაქტილოსკოპიის ჩატარება მოვითხოვეთ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზიდან მქონდა წერილი, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩავატარებთ ექსპერტიზას და დავადგენთ, იარაღი მოხვდა თუ არა სხვის ხელში. ანუ დამუშავება, გასროლა მოხდა თუ არა. როდესაც ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ სასამართლოზე, პროკურორმა თქვა, პრაქტიკა არ არისო, მოსამართლემ კი თქვა, მეც ასე ვიციო. ამ დროს კი ჩვენ ვეუბნებით, რომ მაშინ ექსპერტი რატომ გვიდასტურებს, რომ შეგვიძლია დაქტილოსკოპიის ჩატარება?! მოკლედ, არ მოგვცეს ამის საშუალება. არადა, ამით დამტკიცდებოდა, რომ გოგუაძეს იარაღთან შეხება არ ჰქონია. ყველაზე მთავარი, რატომღაც ეს იარაღი აღმოჩნდა ე.წ. ბარდაჩოკში და მანქანა გადააადგილა სპეცნაზმა. ეს მანქანა საკმაოდ მაღალი კლასის, ძვირადღირებული ჯიპია, რომელიც დააყენეს ქალაქის სამმართველოსთან. წარმოიდგინეთ, ვითომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები დააკავეს და წამოიყვანეს ჯიპი. თანაც, ეს ჯიპი დაცულ ტერიტორიაზე კი არ შეიყვანეს, არამედ დააყენეს ქალაქის სამმართველოსთან. კურიოზი ის იყო, რომ ჩხერეკას დაასწრეს დიდუბის გამგეობის იურისტი. საერთოდ, იგი რატომ დაასწრეს ჩხრეკას, არ მესმის. დიდუბის გამგეობის იურისტს დაურეკეს და მოიყვანეს. ვეუბნებოდი, გამაგებინეთ, ხშირად დადიხართ მანქანების ასეთ დათვალიერებაზე-თქო? - არაო, -მითხრა. აქ როგორ მოხვდით-მეთქი? - დამავალესო, ვინ დამავალა და ჩემმა უფროსმაო. რა შეხება გაქვთ დიდუბის გამგეობის იურისტს ჩხრეკასთან, როგორ ამოიღეთ იარაღი, გასაღებით გააღეთ-თქო მანაქანა? არა, ღია იყოო. გამოდის, ღია მანქანა ჩამოუყვანიათ ყინწვისიდან თბილისში, მაშინ, როცა ეს გასაღებები ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებული აქვს გოგუაძეს და ეს ამოღებული ნივთები შემდეგ აღარ გახსნილა, დაკეტეს.
ე.ი. მანქანაში იარაღი ჩაუდეს?
- ლოგიკა ასეთია, ღია მანქანას ვინ დატოვებდა? და, თუ ღია მანქანა დატოვეს, მაშინ დამთავრებული თემაა. თანაც, ახლა სპეცნაზმა გადააადგილა მანქანა და თავად ჩაჯდა ტერორისტის მანქანაში? ხომ ტერორისტებად მოიაზრებდნენ ამ ადამიანებს? მით უმეტეს, გოგუაძეს. თუ ტერორისტად მოიაზრებოდა და ამ დროს სპეცნაზი ჩაჯდა მანქანაში, ხომ დაათვალიერებდა კიდეც მანქანას? დაუთვალიერებელ მანქანაში სპეცრაზმის თანამშრომლის ჩაჯდომა აბსურდია.
მათ აბრალებდნენ ორი ათასი ეროვნებით რუსი, მაგრამ ქართულად მოლაპარაკე კაცის ცხინვალის მისადგომებიდან შემოყვანას.
- ამაზე მოგახსენებთ, რომ მათ თავიდან დააკავეს 23 კაცი. მათ შორის, მამა-შვილი შუკაკიძეები - გიორგი და დავითი. გიორგი შუკაკიძე თბილისში გაუშვეს, მამა დაიჭირეს და დღესაც პატიმარია. შესაბამისად, ხომ უნდა აეხსნათ შეთქმულება? ამიტომ, ამ 22 კაცს დაკავებიდან თითქმის თვენახევრის ვადაში უსწრაფესად გაუფორმეს საპროცესოები. ყველას რეალური სასჯელები მისცეს - სამი, ოთხი და ხუთი წელი და უთხრეს, უნდა აღიაროთ „დანაშაული“. სინამდვილეში, მათი აზრით, რა არის შეთქმულება? ფაქტია, რომ ნიკოლოზ გოგუაძე ამ ადამიანების უმრავლესობას არ იცნობდა. ეს ხალხიც ამბობდა, რომ ნიკოლოზ გოგუაძეს არ ვიცნობდითო. ესენი ასულები იყვნენ მოსალოცად, ტრაპეზზე ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში. ამბობდნენ კიდეც, თუ რომელი მამაო იყო მათთან ერთად და რომელ მამაოსთან ერთად ხდებოდა ტრაპეზის მიღება.
ზოგიერთი მათგანი ხომ არც ყოფილა ყინწვისში და მეუფე იობთან იყო ურბნისში?
- ურბნისში იყო კეშელავა, რომელიც შემდეგ ყინწვისის თემას მიაკერეს, ყინწვისის ჯგუფთან ერთად გაასამართლეს, ექვსი წელი მიუსაჯეს და უთხერეს, ყინწვისში ხარ მონაწილე პირად წარმოდგენილიო. ეს კაცი იძახის, მე არ ვყოფილვარო. ის ჩავიდა ურბნისში, უნდოდა, მეუფე ენახა, იქ კვეთები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მეუფე არ იყო და უკან წამოვიდა. სხვათა შორის, 24 მაისს იყო ცოტა სუსხიანი ამინდი, 25-სა და 26-ში კი იყო კოკისპირული წვიმა. ვეუბნებოდი ამ ბიჭებს, როდის ხდებოდა თქვენი შეხვედრა, ნიკოლოზ გოგუაძე სად ნახეთ? პირველივე მათგანმა მითხრა, როცა კოცონთან ვისხედით, ნიკოლოზ გოგუაძემ ჩაიარა და 25-ში ვნახეთო. როგორი ამინდი იყო-თქო? არ წვიმდაო. მერე, როდესაც გაიგეს, რომ 25-ში თურმე წვიმდა და ავდარი იყო, მერე თქვეს, 25-ში კი არა, თურმე 24-ში გვინახავსო. თურმე ესენი კოცონთან როდესაც ისხდნენ, ნიკოლოზ გოგუაძეს განუცხადებია, ახლა 2000 ქართულად მოსაუბრე რუსი შეიარაღებული პირი უნდა გადმოვიდეს ცხინვალის მისადგომებიდან და მერე ჩვენ მათთან ერთად უნდა განვახორციელოთ სტრატეგიულ ობიექტთა დაკავება, დესტაბილიზაცია და თბილისისკენ წასვლაო. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ეს საქმე უნდა ასწავლონ, როგორც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, აბსურდი რეალობად წარმოადგინონ. მე ვკითხე, დავუშვათ, გოგუაძემ ეს გითხრათ 24-ში, რატომ არ წამოხვედით? გქონდათ საშუალება? კი, გვქონდაო. ნიკოლოზ გოგუაძემ გაიძულათ-მეთქი? არა, როგორ გვაიძულებდა, არ ვიცნობდითო, არც არაფერს დაგვპირებიაო. მაშინ მე ვუთხარი, კომბლეს ზღაპარი წაკითხული გაქვთ-თქო? რომელი სტრატეგიული ობიექტები უნდა დაგეკავებინათ-მეთქი? უნდა ნახოთ, ოქმში რეები წერია. იქ დაკავებულები არიან ძმები, დეიდაშვილები, ნათელ-მირონები, ანუ საქეიფოდ ასული ხალხი. რა სტრატეგიული ობიექტი, რომელი სტრატეგი ნიკოლოზ გოგუაძე ნახეს? ვეუბნები, ბატონო სისაურო, ბატონო გელაშვილო, თუ შეთქმულებაზეა საუბარი, რა გითხრათ ნიკოლოზ გოგუაძემ, ვის უნდა შეხვედროდითო? სასამართლო სხდომის ოქმებში წერია ის, რასაც ტრაგი-კომედია ჰქვია, როცა ადამიანს ეუბნებიან, შენ ახლა იდიოტის როლი უნდა შეასრულო, იმიტომ კი არა, რომ დოსტოევსკი გაქვს წაკითხული, არამედ კარგია, ასე იდიოტად წარმოჩნდე, თანაც, ეს უნდა თქვა დამაჯერებლად. ეს ხალხიც ამბობდა, ნიკოლოზ გოგუაძემ ასე თქვაო. დავუშვათ, მართლაც ასეთი რამ თქვა, იყო თუ არა ეს მტკიცებულება, რომ ნამდვილად ცხინვალის მისადგომ ტერიტორიაზე იდგა 2000 რუსი, თანაც, ქართულად მოსაუბრე?! ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, თუ 2000 რუსი ქართულად მოსაუბრე იდგა, რა მაგრები ვყოფილვართ ქართველები, რომ ქართული ენა გვისწავლებია რუსებისთვისო. მართლაც, გამოდის, თუ ასე იყო, ამ ადამიანებისთვის ღირსების ორდენები უნდა მიეცათ. სწორედ ეს იყო „შეთქმულება“, რომ თურმე გოგუაძემ თქვა, აბა, ბიჭებო, გამოფხიზლდით, ჩვენ ველოდებით 2000 რუსს ქართულად მოსაუბრეს, უნდა გადმოვიდნენ, უცბად ავმხედრდეთ და დავიწყოთ დესტაბილიზაციაო, რაც არ მომხდარა. ბრალდებას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, არც ძალისმიერი სტრუქტურის შესაბამისი სამსახურის მიერ (კონტრდაზვერვიდან, დაზვერვიდან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან) მოპოვებული მასალა, რომ 24-ში, 25-ში ან 26-ში, ან მთელი მაისის განმავლობაში, ამ პირების დაკავებამდე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ცხინვალის მისადგომები ჰქვია, უცხო ძალის გარკვეული დისლოკაცია ხდებოდა. მსგავსი რამ წარმოდგენილი არაფერი აქვთ. ანუ, ამ ხალხმა დაიბრალა თუ დააჯერეს ცემა-ტყეპითა და უბედურებით, რომ დამნაშავენი იყვნენ. მოგვიანებით ყველა მათგანი წერდა, როგორი ჯოჯოხეთი, დამცირება გაიარეს და ასე აღმოჩნდნენ „შეთქმულებაში“ მონაწილენი.
როდის გამოუშვებენ ამ ადამიანებს და ვისი პასუხისმგებლობა დადგება?
- აუცილებლად უნდა დადგეს ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობა. დიდი შოკი იყო, როცა საზოგადოებამ ნახა, თითქოს ტანკები მოდიოდა და ომი იწყებოდა. მოდელირებული ქრონიკა ერქვა ამას. ასეთი მოდელირება უნდა დასრულდეს. ადამიანი იდიოტის როლში არ უნდა ჩააყენონ და არ უნდა ალაპარაკონ ის, რისიც თვითონაც არ სჯერა. ამ საქმის გადახედვას მოვითხოვთ, ბევრი პირი იქნება პასუხისგებაში მისაცემი. გოგუაძის მხრიდან ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას და შესაბამისი გამოძიება მოვითხოვეთ, თუ ვინ ჩაატარა ყინწვისში ოპერაცია, ვინ დააკავა ეს ხალხი, რომელი დანაყოფი მონაწილეობდა, ვისი ბრძანება შეასრულეს. როგორც კი გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და შიდა სამსახურეობრივ მოკვლევას დაიწყებს, გაირკვევა, რამდენი ადამიანი წავიდა ყინწვისში და რომელი ძალისმიერი დანაყოფიდან, რომელი სპეცრაზმი, სახელებითა და გვარებით შეიძლება ამის დადგენა. დაიკითხებიან მაღალჩინოსნები, რომლებმაც ამის სცენარი დაწერეს და, რომელზეც მერე თვითონვე უარი თქვეს. შსს და პროკურატურა იმთავითვე ვერ გაერკვა ერთმანეთში, ვისი ინფორმაცია იყო მართალი და მცდარი. ფაქტია, რომ ეს არ იყო რეალობა. ნიკოლოზ გოგუაძის საქმე გასაჩივრებულია სტრასბურგში. ამ საქმემ მიიღო პრიორიტეტი, რადგან ამ ახალგაზრდას დაუნგრიეს ჯანმრთელობა. ეს 32 წლის კაცი რა რეალობის წინაშე დადგება, ამდენი ცემა, თავის, სახის მიდამოში მასზე რა კვალს დატოვებს, არავინ იცის. ვფიქრობ, მასაც იგივე თანმიმდევრობით გამოუშვებენ, როგორც ტელეკომპანია „კავკასიაში“დაკავებულ ბიჭებს. ნიკა გოგუაძეს და მართლმადიდებელ ბიჭებსაც შევუთვალე, თქვენს შორის პირველი აღარ არსებობს, თქვენ ერთად გამოხვალთ-მეთქი.
ყინწვისის სპეცოპერაციაში დაკავებულ სხვა ბიჭებსაც გამოუშვებენ. სხვათა შორის, ნიკას შესახებ ძალიან ბევრს წერს ვლადიმერ ბედუკაძე, სკანდალური კასეტების ავტორი. მან ნიკას უპატრონა. ბედუკაძემ თავს ინტერვიუში თქვა კიდეც, გოგუაძე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როცა შემოიყვანეს და მე მოვეფერე, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა შემემსუბუქებინაო. ნიკამ მითხრა, ბედუკაძე რომ არ ყოფილიყო, იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდიო. ბედუკაძემ იგი მედიკამენტებითაც უზრუნველყო, რომ მას პირველი დღეები გადაეტანა. ნიკა 28 მაისიდან დღემდე ორადგილიან საკანშია.