უგულავამ პასუხი უნდა გაამზადოს ყველა გაფლანგულ თანხაზე

უგულავამ პასუხი უნდა გაამზადოს ყველა გაფლანგულ თანხაზე

თბილისის ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში თანხები გაურკვეველი მიმართულებით და გაურკვეველი ოდენობით მიედინებოდა. ასეთი გაუმჭვირვალე და დახურილი თითქმის არც ერთი საჯარო ინფორმაცია არ იყო. ახლა დადგა დრო, როცა გიგი უგულავამ პასუხი უნდა გაამზადოს ყველა გაფლანგულ თანხაზე.

დედაქალაქის მცხოვრებთ უფლება აქვთ იცოდნენ როგორ და სად იხარჯებოდა მათი თანხები. თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის გულიკო ზუმბაძის თქმით, უაზროდ და პოპულისტურად არის დახარჯული თანხები პუშკინის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე“.

მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე  ძველი თბილისის კედლები გახსნეს.

ეს წინასაარჩევნოდ იყო გაკეთებული, თბილისელების მოსახიბლად. არჩევნების შემდეგ კი თავი დაანებეს. “ნგრევა, ნალექები და ატმოსფერული ზემოქმედება შლის ამ კედელს. მისი სასწრაფო კონსერვაციაა საჭირო, ფული კი არ აქვთ. ისმის კითხვები, რატომ არ არის თბილისის ბიუჯეტში ფული? ესე იგი წინასაარჩევნოდ სადღაც გაქრა, ხომ?

ასევე ინგრევა აღმაშენებლის გამზირი, მუყაოსგან და თაბაშირისგან არის გაკეთებული. რამდენი თანხები გადაიყარა, ის ხომ  ძველი  თბილისის საცხოვრებელ პირობებს მოაგვარებდა!“ – აცხადებს ზუმბაძე.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა არქიტექტორების, არქეოლოგების, ურბანისტების, გეოლოგების გარეშე.„ბუნებრივია ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მოუწევს უგულავას გააკეთოს ყველა ხარჯის პრეზენტაცია მინიმუმ 2008 წლიდან დღემდე. მან უნდა გააქარწყლოს ეს ეჭვები საზოგადოებაში. გააკეთოს ეს ბოლოს და ბოლოს“, – ამბობს  ზუბაძე.

წლების განმავლობაში თბილისში მშენებლობებს  თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებდა, რომლის დირექტორი დაკარგული და გაქცეულია. „მე ვფიქრობ, რომ ეს საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი უნდა იყოს. თბილისში არასოდეს არ ყოფილა გამჭვირვალე არანაირი პროექტი, არანაირი ხარჯთაღრიცხვა თვალით არავის არ უნახავს“, – დასძენს ზუმბაძე.

თბილისის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი  თამაზ შოშიაშვილი კი აცხადებს, რომ ძველი თბილისის  რეაბილიტაციისთვის არის კონკრეტული პროგრამა, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა. „თუ რაიმე კონკრეტულ გადაცდომაზეა საუბარი, ან რომელიმე ჩინოვნიკის დანაშაულზე, ამას სჭირდება სათანადო დასკვნები, კონკრეტული ფაქტები და ამის შემდეგ შეგვეძლება მაზე საუბარი“, – ამბობს შოშიაშვილი.

მართლაც იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც მერია რაიმე ტიპის ინფორმაციას იძლეოდა და რეალურად სად რა კეთდებოდა და რა ჯდებოდა თითოეული აქტივობა და მშენებლობა, თბილისის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დღემდე გაუმჭვირვალე და დახურულია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სასამართლოში (როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში) ორი პროცესი აქვს მოგებული, რომლის საფუძველზე თბილისის მერიას უნდა გაეცა ამ ფონდების მიერ გაწეული ხარჯების ანგარიში. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს რეალურად ვინ რას აკეთებდა თბილისში ნებისმიერ ობიექტში, სადაც ფონდი ფიგურირებდა. “ეს ფონდები დაფინანსებას თბილისის ბიუჯეტიდან ღებულობდნენ, თუმცა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. თბილისის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და იმედია, რომ ძალიან მალე ნათელი მოეფინება ამ საკითხსაც”, - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას საია-ს წარმომადგენელი სულხან სალაძე.

“რაც ჩვენ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციებში არც ერთი კონკრეტული კომპანია არ ფიგურირებს არა იმიტომ, რომ ეს კომპანიები ჩვენი ინტერესის სფერო არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად ინფორმაცია თბილისის რეაბილიტაციის და განაშენიანების შესახებ, რომელიც 2005–11 წლებს შეეხებოდა, იყო აბსოლუტურად დახურული, გაუმჭვირვალე და ძალიან რთული იყო ხელშესახები ინფორმაციის მოპოვება.

ერთადერთი წყარო, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო დოკუმენტების მოპოვება და შეფასება, ეს იყო საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციები, ასევე იყო  თბილისის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც ძალიან მწირ ინფორმაციას გვაძლევდა” - აღნიშნავს სალაძე.