დევნილობაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ, სადავო ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში დაბრუნდა. ოპოზიცია ამ მოვლენის უკან დაგეგმილ თამაშს ხედავს. ვითარება გაურკვეველია.
დევნილობიდან დაბრუნების შესახებ პარიზში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს არაერთხელ განუცხადებია. საბოლოოდ კი ეს მოულოდნელად მოხდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის მწვავე კრიტიკოსი, სამშაბათს საქართველოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში ის დააკავეს. 39 წლის ოქრუაშვილზე დაპატიმრების სანქცია იყო გაცემული. სასამართლო მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გამოძალვაში სდებს ბრალს და 2008 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა თერთმეტწლიანი პატიმრობა. მისი ადვოკატი განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
წარსულში ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლად ითვლებოდა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ის სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე მსახურობდა: გენპროკურორად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად. სააკაშვილთან ურთიერთობაში ბზარი 2006 წელს გაჩნდა, როდესაც მას ნაკლებგავლენიანი სამინისტროს მმართველობა უნდა გადაებარებინა. ოქრუაშვილმა უარი თქვა და საკუთარი პარტია დააარსა. მან ხელისუფლების შეცვლის მოწოდება გააკეთა, თბილისს ავტორიტარიზმში სდებდა ბრალს და ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი ქართველი ბიზნესმენის, პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავდა. მთავრობის საიდუმლოებით მოცული ოპონენტი 2008 წელს, 52 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული მძიმე ბრალდებებიდან რამდენიმე დღეში ოქრუაშვილი დააკავეს, თუმცა უცნაური აღიარებისა და ბრალდებების უკან წაღების შემდეგ, პირობით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. ოპოზიციურ წრეებში ის სადავო ფიგურად ითვლებოდა. საფრანგეთიდან, სადაც მან თავშესაფარი მიიღო, ოქრუაშვილი კვლავ სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედებდა. 2011 წლის ქუჩის აქციებთან დაკავშირებით ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციონერები შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდნენ. მოსაზრება, რომელიც ოქრუაშვილმა აბსურდულობის გამო უარყო.
ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების გარშემო სხვადასხვა ვერსიები ტრიალებს. ეს დაბრუნება, პარლამენტში იმ რეზოლუციის შესვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რომელიც 184 პოლიტიკური პატიმრისა და 22 პოლიტიკური დევნილის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. მედიასაშუალებები ოთხშაბათს იუწყებოდნენ, რომ კომისიას ოქრუაშვილის ყოფილი ადვოკატი ხელმძღვანელობს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მან თვითონ განაცხადა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა: პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოშორება და საკუთარი უდანაშაულობის საბოლოოდ დამტკიცება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ დროისათვის განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდება ალბათ მართლაც პოლიტიკური მოტივების შემცველია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი უდანაშაულობა სრულებით დამტკიცებულია.
სააკაშვილის პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახეები ასეთ გამონათქვამებში ოქრუაშვილსა და ივანიშვილის მთავრობას შორის გათამაშებული გარიგების დამამტკიცებელ საბუთს ხედავენ. ისინი ეჭვობენ, რომ ოქრუაშვილის დახმარებით ყოფილი ელიტის წინააღმდეგ „პოლიტიკური ნადირობა“ უფრო გაძლიერდება. ამ თვის დასაწყისიდან მრავალი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი და სამხედრო დააკავეს, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ახალაია. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად. ოქრუაშვილის დაბრუნებით პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდება.
foreignpress.ge