უსაფრთხოება დიდ ავიაციაში - გაგვაგებინეთ რა ხდება ჩვენ ზევით!

უსაფრთხოება დიდ ავიაციაში - გაგვაგებინეთ რა ხდება ჩვენ ზევით!

საქართველოში ყველაფრის უსაფრთხოება იგნორირებულია და ავიაციის სფერო რატომ იქნებოდა გამონაკლისი? მაგრამ ამ სფეროში პრობლემები მასშტაბურია. მაგალითად, აეროპორტებიდან ხორციელდება არალიცენზირებული ფრენები, პილოტებთან ვერ ხერხდება რადიოკავშირის დამყარება, დარღვეულია განათების სტანდარტები და ვინ მოთვლის კიდევ რა...

სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არალიცენზირებულ ფრენებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისიდან 2 არალიცენზირებული ფრენა, 20 ივლისსა და 11 აგვისტოს, განხორციელდა. ავიაციის გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ნებისმიერი აეროპორტიდან არალიცენზირებული რეისის შესრულება დაუშვებელია, თუ საქმე თვითმფრინავის გატაცებას და ტერორისტულ აქტს არ ეხება. 

კოდუა ვერ აკონკრეტებს, თუ რა მიზნით ან რა მიზეზით შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არალიცენზირებული ფრენები, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებით საფრთხე ექნება სხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავებს და მით უფრო, მგზავრთა უსაფრთხოებას.

„უსაფრთხოების მხრივ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგანაც ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც საჰაერო ზონაში უნდა აფრინდეს უნდა იყოს კოორდინირებული ნავიგაციის დისპეჩერების მიერ. ეს კოორდინატები შემდგომ გადაეცემა ყველა იმ ავიაკომპანიას, რათა არ მოხდეს, ვთქვათ, საფრენი აპარატების შეჯახება ან სხვა სახის კატასტროფა. ნავიგაციის სამსახური შექმნილია იმისათვის, რომ აკონტროლებდეს ყველა საფრენი აპარატის კოორდინატებს თუ სად იმყოფებიან ეს თვითმფრინავები, რათა ახალი მარშრუტები დაიგეგმოს ისე, რომ არ მოხდეს რეისების დაპირისპირება.

ვთქვათ, თუ რომელიმე საერთაშორისო ავიაკომპანია მოფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ემზადება დაჯდომისთვის და ამ დროს მოხდეს არალიცენზირებული აფრენა, ხომ შეიძლება კატასტროფა მოხდეს?! მსოფლიოში არსად ასეთი ინციდენტი არ ხდება საქმე თუ არ გვაქვს ტერორისტულ აქტთან, ან თვითმფრინავის გატაცებასთან. ყველა რეისი, რომელიც აეროპორტიდან აფრინდება უნდა იყოს ლიცენზირებული, ანუ მასზე უნდა იყოს შესაბამისი ნებართვა“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

საერთოდ, ქვეყანაში ავაიციის კუთხით უამრავი პრობლემაა და მათ შორის, უსაფრთხო ფრენების თვალსაზრისითაც. ამიტომაც სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალები ქვეყანაში უსაფრთხო ფრენის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათ მაგალითად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული საჰაერო მიმოსვლის კონტროლის განმახორციელებელ სპეციალურ კოშკურა „თაუერი“ მოჰყავთ. 

საუბარია იმაზე, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კოშკურას გარედან ლითონის კონსტრუქცია მიაშენეს, რომელიც ანძიდან გამომდინარე სიხშირეებს ახშობს და თვითმფრინავის დაჯდომას აეროპორტში გარკვეული საფრთხეები ექმნება.  არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, პრობლემები ბათუმის სამეთვალყურეო კოშკურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ფრენის უსაფრთხოებას ეხება, არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე და თითოეული შემთხვევა, დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული შესაბამისი კომისიის მიერ.

სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ცნობით, ბოლო პერიოდში საჰაერო ხომალდების ეკიპაჟმა რადიოკავშირის არასტაბილურ მუშაობასთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია გამოთქვეს.

სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების წევრი, ნავიგაციის ექსპერტი, ზაზა ჩხაიძე აცხადებს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომა პილოტისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ხშირად თვითმფრინავს არ მიეწოდება სათანადო სიხშირეები. როგორც გაირკვა, საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურეებთან რადიოკავშირის დაკარგვის შედეგად, რაც ფრენისთვის განსაკუთრებით საშიშ მოვლენად ითვლება, ერთ-ერთი რეისის ფრენის ეკიპაჟი, იძულებული გახდა განეხორცილებინა ე.წ. ბრმა დაფრენა, ანუ პილოტმა ყოველგვარი კოორდინატების გარეშე შეძლო თვითმფრინავის დასმა საფრენ ზოლზე. პილოტმა არც ის იცოდა ამ დროს ხომ არ ხდებოდა, რომელიმე სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავის აფრენა.

„გადამცემი სიგნალი, როგორც იცით ხორციელდება სპეციალური ანძისგან, რომელიც დამონტაჟებულია „თაუერის“ ზედა ნაწილზე. იმავდროულად, ეს ლითონის კონსტრუქციაც თავად წარმოადგენს ანძას, ოღონდაც უფრო მძლავრს, ვიდრე ძირითადი ანძაა, რომელმაც ფრენის რეგულირებისათვის უნდა იმოქმედოს. დარღვეულია ასევე განათების სტანდარტები. ნებისმიერი განათება უნდა იყოს მინიმიზებული, რადგანაც ის უნდა იყოს კომბინირებული ერთ ელექტროსისტემასთან. 

აი, მაგალითად, როდესაც თქვენ ტელევიზორს უყურებთ და თქვენი მეზობელი ელეტრობურღს იყენებს, ამ დროს თქვენი ტელევიზორი იწყებს ციმციმს და ხდება გამოსახულების წყვეტა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ტელევიზორის გამოსახულებაზე ელექტროენერგია მოქმედებს, არამედ ეს ხდება იმიტომ, რომ ელეტროენერგია ასუსტებს ტელევიზორის სიგნალს და ის სიგნალი, რომელიც არის ჰაერში, მცირდება.

წლების განმავლობაში ფრენების უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი აკრძალული იყო. დღეს არის დრო, რომ როგორმე მოინახოს გამოსავალი და მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა. ამ პრობლემების გადაწყვეტა კი ერთი ადამიანის ან ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია რეისების დისპეჩერიზაციასთან. საქმეში უნდა ჩაერთონ რადიოტექნიკის, ელექტროკავშირისა თუ სხვა დარგის სპეციალისტები“, - აცხადებს ზაზა ჩხაიძე.

გაერთიანებას ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება და არსებული ფინანსური რესურსების გამოყენება სწორედ ამ მიზნით.