„ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა“, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ვაშინგტონურ ვოიაჟს. მათი ინტერპრეტაციით, სენატორ-კონგრესმენებს არ ჰქონიათ სრულყოფილი ინფორმაცია, სრულყოფილი აზრი საქართველოს შესახებ. თუმცა მალე დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს რეალური ინფორმაცია, ხოლო ტყუილზე გაიმარჯვებს სიმართლე.
რას ფიქრობენ ამერიკულ პოლიტელიტაში ქართველი დესპანების შესახებ? ამის თაობაზე For.ge ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
მმართველი გუნდი ამაყობს, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრამ უნაყოფოდ არ ჩაიარა და მათი ტონი შერბილებულია. როგორ ფიქრობთ, ასე გულუბრყვილოები არიან ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომ ჯერ ენდნენ „ნაცებისგან“ ჩაწოდებულ ინფორმაციას, შემდეგ-„ქართული ოცნების“ გზავნილები დაიჯერეს?
- ეს არის პროპაგანდა. გასაგებია, ცუდი შეხვედრები რატომ უნდა ყოფილიყო? ეს არის პოლიტიკური შეხვედრები. ბიძინა ივანიშვილი მიხვდა რა, რომ აქვს პრობლემა, ხალხი იმ მისიით გაგზავნა ვაშინგტონში, რათა ამერიკელებს ყველაფერზე თავი დაუქნიონ, შეჰპირდნენ, რომ ამას გამოასწორებენ, იმას გააკეთებენ. ცხადია, კონგრესმენიც, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები არწმუნებენ, რომ სიტუაციას გამოასწორებენ, კმაყოფილია. რაზე უნდა გაუბრაზდეს კონგრესმენი ქართულ დელეგაციას? ამერიკელებს ხომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, თვალებში უყურონ და მოატყუონ. შესაბამისად, კონგრესმენების კომენტარებიც შერბილებულია, მაგრამ იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ამერიკელებმა თალაკვაძის სიტყვებს დაუჯერეს და ამ სიტყვების გამო ყველაფერი დამთავრდა. ამით არაფერი არ დამთავრებულა. კი ბატონო, თალაკვაძის ამერიკაში ჩასვლით მმართველმა გუნდმა დრო გარკვეულწილად მოიგო, მაგრამ, საბოლო ჯამში, პრობლემები მართლაც უნდა გადაწყვიტონ. თუ არ გადაწყვეტენ პრობლემებს, მაშინ ათმაგად გაბრაზდებიან ამერიკელები, რადგან ერთია, რომ რაღაცას ატყუებ და მეორეა, რომ ჩადიხარ, ატყუებ და კიდევ ერთხელ გადაგდებას უპირებ. თუ თალაკვაძე ჩავიდა, რაღაცებს შეჰპირდა და მართლაც შეასრულა დანაპირები, ჩვენც მეტი არაფერი გვინდა, არ არის ამ საზოგადოების და, მათ შორის, არც ჩემი ამოცანა ხელისუფლების მაინცდამაინც შეცვლა, ეს ხელისუფლება თუ კარგად გააკეთებს რაღაცებს, შეპირებულს შეასრულებს და პრეტენზიებს ადეკვატურად უპასუხებს, თანახმა ვარ, დარჩნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ასე არ იქნება.
ფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნოემბერში ამერიკაში არჩევნების ჩატარებას ელოდება, იქნებ, ამის შემდეგ ამერიკელებს გადაავიწყდეთ „ქართული ოცნების“ პრობლემები?
- მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ახლა აკეთებს ტაქტიკურ სვლას, რაც ერთხელ უკვე შეასრულა, როცა ბრმად გამოიყენა ჩუგოშვილი. როდესაც მას 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ შეექმნა პრობლემები, ივანიშვილი გამოვიდა, საჯაროდ შეგვპირდა პროპორციულ არჩევნებს, ჩუგოშვილი აფრინა დასავლეთში და მისი პირით მთელი საამყარო მოატყუა, რომ პროპორციული არჩევნები ლამის უკვე შემდგარი ფაქტი იყო. თუმცა მერე ყველანი გადააგდო, დასავლეთშიც ამაზე გაბრაზდნენ, ჩუგოშვილი გადაყვა ამას, ახლა კი ბრმა იარაღი მოძებნა თალაკვაძის სახით, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ამერიკელები.
მაგრამ თალაკვაძისა და ჩუგოშვილის ფინალი ერთნაირი არ იქნება. თალაკვაძე არაფრით არ დატოვებს მმართველ გუნდს, ის ჩუგოშვილისგან მკვეთრად განსხვავებულია.
- თალაკვაძესა და ჩუგოშვილს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უბრალოდ, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ახლა ამერიკაში გახურდება საარჩევნო კამპანია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ოქტომბრის ბოლოსაა არჩევნები, ამერიკაში კი 3 ნოემბერს, ამერიკელებს ჩვენთვის არ ეცლებათ, სანამ ისინი თავიანთი პრობლემებით იქნებიან დაკავებულნი, აქ ყველაფერს მოაყომარებს და ამერიკელები რომ გაიღვიძებენ, უკვე დაახვედრებს შემდგარ ფაქტს. იმათაც მეტი რა გზა ექნებათ, დახუჭავენ თვალებს ყველაფერზე. მოკლევადიანი ტაქტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ამ თამაშმა იმუშაოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბოლოს და ბოლოს, ხომ გაიღვიძებენ ეს ამერიკელები?
თუ „ქართული ოცნება“ ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს, გაიზრდება კრიტიკულად განწყობილ კონგრესმენთა რაოდენობა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ქმედითი ნაბიჯები? იმას, რომ მმართველი გუნდი აპირებს, 60 და მეტი პროცენტი აიღოს 2020-ის არჩევნებში?
- ირაკლი კობახიძის რიტორიკა გასაგებია, ისინი რაღაცნაირად მხნეობის დემონსტრირებას ახდენდნენ და ასეთ დროს კობახიძე არის მათი წითელი ნაჭერი კორიდაზე. კობახიძე გამოვა და 80%-საც იტყვის, მას შეუძლია, 120%-იც თქვას. რეალურობა სხვა არის, თუ 60%-ის იმედი აქვთ, მაშინ რატომ მოაწყეს პოლიტიკური კრიზისი? ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები, აეღოთ თავისი 60%, ხელისუფლებასაც შეინარჩუნებდნენ და სახელსაც.
კობახიძე ამბობს, რომ შიდა პარტიულ სოციოლოგიურ კვლევას ეფუძნება მისი ვარაუდი.
- ამაში ლოგიკა არ არის. თუ მათივე სოციოლოგიური კვლევით 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ, მაშინ რატომ თქვეს პროპორციულზე უარი? ხომ იმიტომ თქვეს უარი, რომ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე შეექმნათ? თუ 60%-ს იღებდნენ, ხელისუფლებას როგორ დაკარგავდნენ? ასე რომ, წინააღმდეგობრივია მათივე მოქმედებები და ლოგიკა. ახლა იძახიან, რომ თურმე, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის აუცილებლობა იქნებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოებას თურმე პრობლემა შეექმნებოდა ამით, ჩამოყალიბდნენ ან ერთზე, ან მეორეზე.
თუკი კოალიციური მთავრობა შეიქმნებოდა და ოპოზიცია არ წავიდოდა „ოცნებასთან“ არანაირ შეთანხმებაზე, ეს არ გამოიწვევდა პოლიტიკურ კრიზისს? იქნებ, სწორედ ეს აუხსნა ქართულმა დელეგაციამ ამერიკელ კონგრესმენებს?
- დამიჯერეთ, ამერიკელი კონგრესმენებისთვის არაფერი არ აუხსნიათ და ვერც აუხსნიდნენ. არ არიან კონგრესმენები ისე მიამიტი ხალხი, თალაკვაძე ჩავიდეს და თავისი მჭევრმეტყველებით გადააფიქრებინოს თავიანთი ნათქვამი ისე, რომ ამერიკელებს ეთქვათ, ეს რა კარგი ვინმე ყოფილა და როგორ შეგვეშალაო. სინამდვილეში, თალაკვაძე იქ სხვა მისიით ჩავიდა, ის ჩავიდა, რომ ეთქვა, კი ბატონო, თქვენი კრიტიკა გასაგებია, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და უახლოეს პეროდში ამ პრობლემებს გადავწყვეტთ, ოპოზიციას მოველაპარაკებით, პოლიტიკურ დევნას შევწყვეტთ, 20-21 ივნისის მოვლენებს გამოვიძიებთ... ამიტომაც იყვნენ კონგრესმენები კმაყოფილნი და არა იმიტომ, რომ თალაკვაძემ მათ რაღაც აუხსნა. რა უნდა აეხსნა? განა იმის ახსნა შეიძლებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს ჩრდილოვან მმართველობაში? რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ კონგრესმენებს დაეჯერებინათ. მისი მისია არც იყო ეს, მისი მისია იყო, ყველაფერზე თავი დაექნია. ვიმეორებ, ეს არის ტაქტიკური სვლა, ბიძინა ეუბნება ყველას, თქვენ შეჰპირდით, მე კი გადავაგდებ.
რაც შეეხება 2020-ის არჩევნების პროგნოზს, ფიქრობთ, რომ „ტოჩნი ზურაბას“ შემდეგ მივიღებთ „ტოჩნი ირაკლას“, როგორც მას ცალკეული ადამიანები ეძახიან?
- ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, დღეს უკეთესი სასტარტო პირობები გვაქვს, ვიდრე 2011-ში გვქონდაო. ეს სისულელე საიდანღა მოიტანა.
თქვენ მიიჩნევთ, რომ მმართველი გუნდი აპირებს არჩევნების ყიდვას?
- ეს სიახლე არ არის, ისინი აპირებენ ყველა რესურსის გამოყენებას, როგორც იყენებდა მიხეილ სააკაშვილი. იმავე გზას გადის ივანიშვილი, იმავე ტექნოლოგიით, უბრალოდ, მისი მდგომარეობა ახლა უკეთესია იმით, რომ მეორე პოლუსზე არის ბუა - „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილსაც დიდი მატერიალური რესურსი უჯდებოდა არჩევნების მოგება და ივანიშვილსაც დიდი რესურსი უჯდება, მაგრამ ფიგურალურად რომ ვთქვათ, სააკაშვილს თუ უჯდებოდა ასი მილიონი, ივანიშვილს უჯდება მილიარდი, რადგან ეფექტურობა არ აქვს და ათჯერ მეტის დახარჯვა უწევს სააკაშვილთან შედარებით.
ხომ არ ფიქრობთ, რომ მოსყიდვასაც თავისი ლიმიტი აქვს და სადამდე უნდა მოისყიდონ ადამიანები?
- როგორც პროცესი აჩვენებს, აქ პირდაპირ ფულის გადახდაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია სხვადასხვა მეთოდზე. მოსყიდვა არის პირდაპირიც, არაპირდაპირიც, მათ შორის, ცალკეული პროექტების განხორციელება, გაზის შეყვანა, წყლის გაყვანა. სხვათა შორის, მოსყიდვაა შანტაჟიც, შეშინებაც, ემანდ, მიშა არ ჩამოვიდეს. ასეთი ხალხიც არის, რომელსაც ამის დღემდე ეშინია. აქედან გამომდინარე, ეს არის მთელი ტექნოლოგიური პაკეტი და პლუს დიდი ფული, რომელიც დაიხარჯება არა მხოლოდ საერთო პარტიული სალაროდან, არამედ მაჟორიტარების ჯიბეებიდან, რომლებიც შევარდნაძის შემდეგ პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. ხარჯებს ისინიც აიღებენ საკუთარ თავზე და ბიძინას ცოტა მაინც ექნება მატერიალური შვება.
თქვენ კარგად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს, თუკი მას კოლოსალური თანხა დაუჯდება არჩევნების მოგება, ხომ შეიძლება, უარი თქვას არჩევნებზე და ნელ-ნელა ჩამოშორდეს პოლიტიკას, როგორც არასარფიან საქმეს?
- ამის ილუზია არ მაქვს. სამწუხაროდ, ისე ჩამოყალიბდა, რომ ხელისუფლისთვის დღეს ძალაუფლება გახდა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. ძალაუფლების გარეშე მას მიაჩნია, რომ ის იქნება დაუცველი და ხიფათი ელოდება, ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნება მისთვის სასიცოცხლო ამოცანა გახდა. ეს არის დიდი პრობლემა. მე ვფიქრობ, თუ ის სწორად მოიქცევა, ეს პრობლემა გადალახვადია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი თვითონ ამ გზას ვერ ხედავს. ამიტომ სჭირდება ეს მანკიერი მაჟორიტარები, რომლებსაც ქვეყნის სტაბილურობის გარანტად აცხადებს. თუ ენძელ მკოიანი არ იქნება პარლამენტში, თურმე ქვეყანა დაინგრევა. ენძელ მკონიანი შევარდნაძის დროსაც პარლამენტში იყო, მერე სააკაშვილის დროს და ყოველთვის იყო იმ პარტიაში, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენდა.
სრულყოფილი მხოლოდ უფალია, ჩვენ ადამიანები ცოდვილები ვართ და ყველას გვაქვს მეტნაკლებად ჩვენი უარყოფითი თუ დადებითი თვისებები. ბიძინასნაირი ღვთის კაცები იშვიათი მოვლენაა ქართველების ისტორიაში და ამას დაფასება სჭირდება, თუმცა ჩვენ ის ხალხი ვართ ვინც ილია ჭავჭავაძეს ტყვია ვესროლეთ და მერე ერის მამად ვაღიარეთ. ასეა ეხლაც, ერთი თქვი ვის ხედავ საქართველოს მომავლის შემოქმედად, გაფიცებ თუ კაცობა გაქვს თქვი ალალად, ქვეყნის დამქცევი და ამ გაღლეტილი ქვეყნიდან მილიარდების გამგლეჯი ნაცსექტიდან თუ მსუბუქი ყოფაქცევის ნათელაშვილი, თუ ეს ცუდი რაღაცეებით გაბერილი გუბაზა თუ რომელიმე სხვა...
ყველას ის აზრი გვამოძრავებს რომ უკეთესი გვინდა, მაგრამ სჩანს კი არსებულზე უკეთესი ჰორიზონტზე>!
საღი და ლოგიკაზე დაფუძნებული კრიტიკა, დამნაშავეების დასჯა, ვინც არ უნდა იყოს ის და უკეთესი ცხოვრებისათვის სასარგებლო რჩევები, თუ შეგიძლია ეს გააკეთე, თუ არადა გაჩერდი მაინც და შეფარული ბოღმის ნთხევას თავი დაანებე...