იანვარში ირანის მიერ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმის ქალა-ტვინის ტრავმა 109 ამერიკელმა მიიღო. მანამდე ოფიციალური წყაროები 64 დაშავებულის შესახებ საუბრობდნენ. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულთა თითქმის 70% საკუთარი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა. დაშავებულთა რაოდენობის ზრდას პენტაგონი იმით ხსნის, რომ სამხედროების უმეტესობას სუსტი დაზიანება ჰქონდა, ამიტომ სიმპტომების გამოვლენას დრო დასჭირდა.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.