„ჩანს, სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ მერაბიშვილი დაიწყებს ლაპარაკს 9- წლიანი რეჟიმის შემოქმედზე“

„ჩანს, სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ მერაბიშვილი დაიწყებს ლაპარაკს 9- წლიანი რეჟიმის შემოქმედზე“

მატროსოვზე მყოფი ვანო მერაბიშვილი უკვე მეორედ ხდება მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი. ქვეყნიდან გაქცეული ექს–პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხედავს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ყოფილმა შს მინისტრმა, და რომ არა ეს გადაცდომები,ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“.

„ვანოს რამდენჯერმე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. მან არ აიღო სინდისზე ხელი, არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი. ამიტომ, მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა მაქვს, თუმცა მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც ვანომ დაუშვა. და რომ არა გადაცდომები, ივანიშვილს შედარებით გაუძნელდებოდა, საქართველო ხელში ჩაეგდო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექს–პრეზიდენტის განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი არ იქნება მისი პირადი შტაბის ხელმძღვანელი. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შტაბს თავად უხელმძღვანელებს და როგორც ამბობს, ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა. ანალიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილი ცდილობს ვანო მერაბიშვილის, როგორც მისი მომავალი პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას, რომელიც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ მოღვაწეობას სავარაუდოდ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად გააგრძელებს და დიდი ალბათობით, - ალაპარაკდება.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ შექმნილ პირად შტაბს, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამით სააკაშვილი ცდილობს მისი პირადი რეიტინგის გარკვევას, რომ შემდეგ უფრო ადვილად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მოქმედებებში რაიმე ლოგიკის აღმოჩენა ძალიან ძნელია.

„ვერ ვიტყვი რა აქვს მიზნად. საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს მონაწილეობა მიიღოს პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში, მით უმეტეს არჩევნებში, ეს გამორიცხულია. სააკაშვილი აღიარებული ლიდერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ის განსაზღვრავს „ნაციონალური მოძრაობის“ დღისწესრიგს. რა იქნება, როგორ განვითარდება შემდეგი მოვლენები, ან რას შეცვლის ეს შტაბი პოლიტიკურ დღის წესრიგში, არ მესმის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი შტაბი, რომელიც შედის ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ამიტომ, რას ნიშნავს სააკაშილის დაანონსებული პირადი შტაბი, მისი ფუნქცია იქნება არჩევნები, თუ პროცესების რევოლუციური განვითარება, ზარდიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარი რთულია.

„რა მიზნები აქვს, ეს არ უთქვია. ზოგადად თქვა, რომ მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა. მარტო მის პარტიას არ ეძახის ამ შტაბში, ეძახის ყველას, ვისაც თანამოაზრედ მიიჩნევს. ეს არის საარჩევნო მობილიზება, თუ რევოლუციური მობილიზება, ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი. ეს არის ადამიანი, რომელიც შეშლილია, დაცენტრილია - ცენტრი თვითონ არის და გარშემო ყველაფერი უნდა ბრუნავდეს.

მიუხედავად ამისა მომხრეები ჰყავს, ვინც მისკენ არის, ყველა მისნაირი დაცენტრილია. უნდათ შტაბი შექმნან, რაც უნდათ ის შექმნან, არა მგონია, რომ წარმატებას მიაღწიონ. არჩევნების გზით ამას ვერ ახერხებენ და რევოლუცია არ გამოსდით. თუ ვერ მიხვდებიან ამას, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ საუბედუროდ, საქართველოსაც პრობლემას უქნმნიან, ეს არის ჩვენი ტარგედია. ამ შტაბისგან არავითარ სიკეთეს არ ველი. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს მოსახლეობის 80%. სააკაშვილისგან და „ნაცმოძრაობისგან“ სიკეთეს არავინ არ ელოდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალოვან უწყებებზე კონტროლის არასაკმარის მექანიზმებზე საუბრობდა და არა პერსონალურად ვანო მერაბიშვილის რაიმე ბრალეულობაზე. როგორც მელია აცხადებს, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც საპირისპირო შედეგი რომ დამდგარიყო.

ნებისმიერ არჩევნებში მარცხი და გამარჯვება პოლიტიკური გუნდისთვის რას ნიშნავს – ან მთელი გუნდის დამსახურებაა, ან მთელი გუნდის ბრალია. ეს ყოველთვის ასეა და ასე იქნება ამ არჩევნებზეც და შემდეგ არჩევნებზეც. ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი რომ ავიღოთ, მაგალითად, თქმა იმისა, რომ ცალკეული ადამიანების ბრალი იყო და დანარჩენი ადამიანების ბრალი არ იყო, ასე, რა თქმა უნდა, არ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, არაერთხელ უთქვამს, რომ მათი მმართველობის პერიოდში ძალოვან უწყებებზე კონტროლის არასაკმარისი მექანიზმები იყო. მიხეილ სააკაშვილს ეს ჰქონდა უბრალოდ მხედველობაში, თორემ პერსონიფიცირებულად რომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა იყო რაიმე, რა თქმა უნდა, ასე არ თქმულა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სააკაშვილის განცხადება ყოფილ შს მინისტრზე, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სულ მცირე არაკორექტული და არაკოლეგიალურია. მისი თქმით, პირველი პირის მხრიდან შეცდომების სხვაზე გადაბრალება არასწორია.

„არ არის სწორი, როდესაც პირველი პირი ვინმეს გადააბრალებს შეცდომებს. როცა ადამიანი საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკობ და ყველას ერთობლივ მიღწევებს აღნიშნავ, როგორც საკუთარ მიღწევას, შეცდომებიც ასევე უნდა აიღო საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ იღებდა გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ბატონ ვანო მერაბიშვილზე გაკეთებული მისი განცხადება მინიმუმ არაკორექტული და არაკოლეგიალურია.

ვცდილობ, ძალიან დელიკატურად ვისაუბრო ამ ეტაპზე სააკაშვილზე, თუნდაც იმის გამო, რომ არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ადამიანები, მისი პარტიის წევრები, ვისთან ერთადაც გვერდიგვერდ ვსხედვართ და ელემენტარულად, ერთმანეთის პატივისცემა მოითხოვს ამას, რომ მათ ლიდერზე თავშეკავებულად ვისაუბრო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტს გასცდა. გია ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე საუბრობს მაშინ, როდესაც მერაბიშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებდა. ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შორის სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.

„მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტებს გასცდა. მხედველობაში მაქვს ამ ადამიანის ფსიქოლოგიური ნაწილი. თვითონ არაფერი ჩაუდენია? ვანო მერაბიშვილი მისი ბრძანების გარეშე მოქმედებდა, თუ ის პერიოდი დაგვავიწყდა, როცა „შტაბელებით“ გამოჰქონდათ ადამიანების გვამები ციხეებიდან? ან ყველაფერი დაგვავიწყდა, რაც თავად გააკეთა და თურმე, ახლა ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის ბრალი ყოფილა. არ მგონია, ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის მსჯელობას შეეფერებოდეს“ , – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილი თუკი ხვდებოდა, რომ მერაბიშვილი აშავებდა, რატომ დასვა პრემიერის თანამდებობაზე? - ეს ერთი და მეორე - როცა, თანამშრომელი არსწორად იქცევა, მისი თქმით, სჯიან ხელმძღვანელს, რომელსაც გამოგეპარა და ვერ მოახერხე სწორად მართვა. ასე რომ, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ამ ფორმულით სააკაშვილს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ფორმულაც არ გამოუვა.

„ბრძოლის წაგება ბრალდება მხედართმთავარს და არა მხოლოდ გენერლებს. გახსოვთ სააკაშვილის განცხადება, ბოკერია მაცდუნებდა თორემ, მე მართმადიდებელი ვარო. ახლა მერაბიშვილი აცდუნებდა, თორემ თვითონ კარგი იყო. ასეთ პასაჟებით ამბობს, რომ რაღაცა მოვლენების მიმართ პასუხისმგებელი არ არის. ხან ერთი, ხან მეორე, მესამე და მეოთხე ადამიანები არიან პასუხისგებელი და არა მეო. რისთვის სჭირდება ეს განცადება, კიდევ ცალკე თემაა. ამით მიშა ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებს, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტს უტევს. სააკაშვილის განცხადებები რაციონალურ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ასეთი ტიპის ლიდერები ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ცდილობენ საკუთარი პრობლემები გადააბრალონ სხვებს. როგორც ძაბირაძე აცხადებს, მერაბიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ცალკე აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას.

„როგორ, მერაბიშვილი აშავებდა მარტო, მაშინ სად იყო უშიშროება, სპეცსამსახურები, არც ერთი სამსახური არ მუშაობდა ისე, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში ჩაეყენებინათ? - აბსურდია. ეს არის გადაბრალება და საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნა. შეგახსენებთ სააკაშვილის განცხადებას – „მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ის უნდა გაერთოს სადმე მოგზაურობით“. არის თუ არა პოლიტიკაში მერაბიშვილის ადგილი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ სააკაშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის.

ჩანს, რომ სააკაშვილს არ უნდა მერაბიშვილთან ასოცირება. ან დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი მიდის სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში და არა მასთან. ამიტომ წინასწარ აკეთებს პრევენციულ დარტყმებს მისი მისამართით. ერთია, რომ ამით ცდილობს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და მეორე - პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტირებას. წინასწარ ამზადებს ნიადაგს იმისთვის თქვას, რომ მერაბიშვილის პასუხისმგებლობა იყო ის 9-წლიანი პერიოდი და არა ჩემიო. მას არ უნდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. როგორც ჩანს, აქვს მოლოდინი, რომ მერაბიშვილი დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, ვინ იყო 9- წლიანი რეჟიმის შემოქმედი. ამიტომ სააკაშვილი წინასწარ ამზადებს საფუძველს, ეს არის თავდაცვა და არა მომხდარი ფაქტების აღიარება, თუმცა ზუსტად რას გულისხმობს, ეს თვითონ სააკაშვილმაც არ იცის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.