გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა. საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის „თბილისის განვითარების ფონდიდან“ დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო.
სასამართლოს განჩინება უკვე ჩაბარდა და გიგი უგულავას პენიტენციურ დაწესებულებაში, უახლოეს რამდენიმე საათში გადაიყვანენ. გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ და ფარატინა ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ლიდერს ციხეში.
„სირცხვილია, რომ ეს არის საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილის ჯამბაზები გაბინაშვილი, თადუმაძე და შავლიაშვილი ფაქტიურად არიან ერთ აზრზე. არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ, ფარატინა ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერს ციხეში. წერია უბრალოდ სასჯელები და მეტი არაფერი, ეს არის უხეში ძალის დემონსტრირება არანაირი სამართლებრივი ლოგიკა, არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია ეს არის უხეში ძალა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
„თავისუფლების გზა თუ ციხეზე გადის, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში“, – აცხადებს ბრალდებული გიგი უგულავა, რომლის განცხადებით, წინასწარ იცოდა, როგორი იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მომზადებული აქვს ყველა ის ნივთი, რაც ციხეში დასჭირდება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ხელით მიუსაჯა ეს ბოდვა.
„არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის, ცარიელი ადგილია. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ამ საქმის გაცნობის დროც კი არ ჰქონდათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსპო მოლაპარაკებების სივრცე. ოპოზიცია წყვეტს ყოველგვარ მოლაპარაკებას, ის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი და შეთავაზებები ჰქონდა.
„ვაგრძელებთ არაძალადობრივ ბრძოლას. ხედავთ, რომ გიგი არაძალადობრივად, მშვიდობიანად, ღირსეულად მიდის ციხეში. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი ფასით, ნებისმიერი საბაბით დაეკავებინათ გიგი უგულავა.
თუმცა, რა საბაბითაც დღეს მოხდა უგულავას დაკავება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა კიდევ ერთი სამარცხვინო პრეცედენტი იმის, რომ ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუტი არ არსებობს. არ არსებობს სასამართლო, სამართალი. გიგი უგულავას მიუსაჯეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, რომ ადავოკატისთვის მაინც მიეცათ მისვლის საშუალება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტრადიციულად, ხელისუფლებას „ნაკერზე გახევით“ ემუქრება გრიგოლ ვაშაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, უგულავას ციხეში წასვლა კიდევ ერთი სტიმული იქნება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დასხდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. ვაშაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის პრინციპებზე მსჯელობდა, უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა თქვა, რომ მათ კომპრომისი, ოპოზიცია, მოქალაქეები საერთოდ არ აინტერესებთ.
„პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ, ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უდნა ჩასვათ ციხეში“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძემ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით გიგი უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ ჩაშალა მოლაპარაკება. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, როცა ხელისუფლება ყრუვდება, ბრმავდება, კანონს ფეხქვეშ თელავს და საკუთარ ხალხს დასცინის, მაშინ ის აკეთებს არჩევანს – სტაბილურობიდან ადამიანებს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგებს.
„აბსოლუტურად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე არ მახსოვს არც ერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ. უსასტიკესი რეჟიმებიც კი იგონებდნენ რაიმე ახალს, რომლითაც ადამიანს მიუსჯიდნენ. ეს არის სამართლებრივი ნორმების დარღვევა და აბსოლუტური იგნორირება. ეს არის განცხადება, რომ საქართველოში კანონი აღარ არსებობს.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს გადაწყვეტილება შეგნებულად იქნა მიღებული იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცოდა, ოპოზიციას, დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების შედეგად, ძალიან სერიოზული კონსტრუქციული წინადადებები ჰქონდა, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან უარის თქმა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. ამ სამართლიანი პროცესის შედეგად, მმართველი პარტია წააგებდა არჩევნებს იმიტომ, რომ არანაირი 60%-ის მოპოვების შანსი მას არ აქვს. ამიტომ ხელისუფლება წავიდა ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე, რომ მოლაპარაკება ჩაეშალა. დიახ, ხელისუფლებამ ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი, „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს დატოვონ თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისგება მათაც მოუწევთ.
„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და სასამართლოს და პროკურატურის ზურგს უკან ამოფარებული ქოცბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, თქვენ გეშინოდეთ, არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. მგონი, დადგა დრო საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ერთი რამ, ეს ადამიანები აპირებენ ჩვენს, ქართველი ხალხის ხარჯზე მიისაკუთრონ ეს სახელმწიფო. სკამებს გამოკიდებულო ქოცებო, ვინც კიდევ შერჩით ბიძინა ივანიშვილის გარშემო, დატოვეთ თანამდებობები იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ხართ თანამონაწილე იმ აღვირახსნილი უკანონობის, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ყოფილი ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი. მისი თქმით, ერთია სისხლის სამართლის საქმე და მეორეა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ.
„ყველა აცნობიერებს, რომ ამით დასრულებულია მოლაპარაკებები და თითქმის შეუძლებელია უკვე რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა. მე, როგორც წესი, ყოველთვის ვერიდები სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს ამ საქმეს და პოლიტიკური დატვირთვა მისი არის ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
არ მოსწონს ადამიანის დაჭერა, მაგრამ როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ამ საკითხს მისი პერსონალური დამოკიდებულება ვერ გადაწყვეტს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სტილიც სხვაგვარია. აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა, ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში და არ დატოვონ ისე. აქედან გამომდინარე, ან მე ან შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?
პოლიტიკური არის თუ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვები ვიცი, სამი–ოთხი კილო ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები და ძალიან ვწუხვარ. არ მომწონს ადამიანის დაჭერა, დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ვერაფერს გადაწყვეტს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.