"საზმაუწყებლის" დილემა - რაში იხდის ფულს ივანიშვილი წინასწარ 20 წლით?!

სტატისტიკით, საზოგადოებრივი ტელევიზია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკუთრებისა და მართვის ფორმებით. მაგალითად, გერმანულ ARD-ს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებით დაკომპლექტებული საბჭო მართავს (ეკლესია, პარტიები, პროფკავშირები და ა.შ). ესპანური RTVE სააქციო საზოგადოებაა და მას პარლამენტის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. ირლანდიური RTE-ს მმართველ საბჭოს კი იქაური კავშირგაბმულობის მინისტრი აკომპლექტებს.

ამ განსხვავების მიუხედავად (კიდევ მრავალი ტელეკომპანიის ჩამოთვლა შეგვეძლო, მაგრამ შორს წაგვიყვანს), მათ ერთი საერთო აქვთ - არიან ორიენტირებულები საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში.

ოფიციალური სტატისტიკით, ზემოხსენებულ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის საქართველოც შედის. თუმცა მხოლოდ ფორმალურად - კოსტავას #68-ში მდებარე ორგანიზაცია ვერა და ვერ იქცა "საზოგადოებრივ მაუწყებლად" და ისევ სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტად რჩება. სახტელერადიო კომიტეტი (ფსევდონიმი "საზმაუწყებელი), ტრადიციულად, საზოგადოების ინტერესებს კი არა, მმართველი გუნდის დაკვეთებს ახორციელებდა.

სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ კომიტეტი ბოლოს და ბოლოს "საზმაუწყებლად" გადაიქცეოდა. გადამხდელი როგორც იხდის გადასახადებს იმისთვის, რომ მაგალითად, მეტრომ შეუფერხებლად იმუშაოს, ისევე იხდის იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

მოლოდინს ნამდვილად ვერ აძლიერებს "საზმაუწყებელთან" დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება.

"თუ უახლოეს პერიოდში მოხერხდა და "პირველი არხი" ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდება, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ქონება, რომელიც "მეცხრე არხს" აქვს, "პირველ არხს" ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას. ამას კი გამჭირვალედ გავაკეთებთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, 20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს და ოჯახთან დამოკიდებულების კავშირიც "ჩაიხსნება"" - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა ასე ვთქვათ, მოვლენების განვითარების ორ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა, თუმცა უბრალოდ, ფორმაშია განსხვავება, შინაარსი კი ერთია. თუ "პირველ არხი" საჩუქრად "მეცხრე არხის" ქონებას მიიღებს და ამავე ტელეკომპანიის კადრებით დაკომპლექტდება, იქნება ეს ობიექტურობის გარანტია? რამდენად შეძლებს დასაჩუქრებული და "მეცხრე არხის" კადრებით დაკომპლექტებული "საზმაუწყებელი", რომ კრიტიკულად შეხედოს მთავრობის საქმიანობას?

გამოსავალი ალბათ, არც იმაშია, რომ ივანიშვილმა წინმსწრებად 20 წლის ფული გადაიხადოს და "მეცხრე არხს" საზოგადოებრივი ტელევიზიის როლის შესრულება მოსთხოვოს. რა მნიშვნელობა აქვს, ფული 20 წლით იქნება წინასწარ გადახდილი, თუ 100 - ის მაინც ივანიშვილის ფული იქნება.

თუ "საზმაუწყებლის" და საერთოდ, ტელემედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამოსწორება გვსურს, ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას საკანონმდებლო თუ სხვა სახის გარანტიები, რომ ტელემედია, მათ შორის "საზმაუწყებელი", აღარ იყოს დამოკიდებული ხელისუფალის კეთილ ნებაზე და აღარ აღმოჩნდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ-ფინანსური ჯგუფების გავლენის ქვეშ. შეიძლება ისეთი ფორმის მოფიქრება (თუნდაც იგივე გერმანული ARD-ს მაგალითზე), რომ "საზმაუწყებლის" ხელმძღვანელობა მართლაც საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს და არა პოლიტიკური გუნდის წევრებით. ასევე, თუ სხვა ტელემედიასაშუალებების შემოსავლის მთავარი წყარო ობიექტურ ინფორმაციაზე დამყარებული რეიტინგი იქნება და არა პოლიტიკურად მოტივირებული დოტაციები, მათაც ეშველებათ.