ნაციონალებს „ვარდების რევოლუციის“ მე-9 წლისთავი სრულიად სხვა საქართველოში დაუდგათ. ეს არის იმის მიზეზი, რომ ტრადიციისამებრ, 23 ნოემბერი საზეიმოდ არ აღინიშნება. ნაციონალები „ბელა, ჩაო“-ს სხვებს უმღეროდნენ, ამ დროს კი თავად აღმოჩნდნენ ამ სტატუსის მქონენი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავების აღნიშვნა სახალხო დღესასწაული არც არასდროს ყოფილა და ის პარტიულ ზეიმს უფრო უკავშირდებოდა, ხალხს ამ დღის დავიწყებით არც არაფერი დაკლებია. მით უფრო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აღაშფოთებდა კიდეც, რომ ქართველებისთვის სათაყვანო თარიღს - 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს „ვარდების რევოლუციის“ წლისთავები იმართებოდა და ეს იყო ციფრებზე „ჩაციკლული“ ხელისუფალის უსუსური მცდელობა, წმინდა თარიღებთან გაეიგივებინა თავისი მმართველობა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ 23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ მეცხრე წლისთავს არ აღნიშნავს და სპეციალური ღონისძიებები არ გაიმართება, რადგან 23 ნოემბერს გიორგობაა და ჩვეულებრივად, გიორგობას ავღნიშნავთ ხოლმე.
„ამ თარიღს, ალბათ, მედია გაიხსენებს და, თუ მე მკითხავენ, მეც გავიხსენებ ამ დღეს“, _ დასძინა მაჭავარიანმა.
როგორ გადაიტანა ქართველმა ხალხმა „ვარდების რევოლუციის“ 9-წლიანი ციკლი, უნდა გაგვევლო თუ არა ეს პერიოდი და საერთოდ, უნდა მომხდარიყო თუ არა „ვარდების რევოლუცია“?! ამ კითხვებზე For.ge-ს პოლიტიკოსები და ექსპერტები ესაუბრებიან.
პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი მოხარულია, რომ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და საზოგადოება აღნიშნავს იმ დღესასწაულს, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე აღნიშნავდნენ. ეს არის წმინდა გიორგის ხსენების დღე.
„მინდა, თქვენ მოგილოცოთ და თქვენს რედაქციას, ასევე, მთელ საქართველოს მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული - გიორგობა, ქართველებისთვის განსაკუთრებული დღე. ჩემთვის, როგორც გიორგისთვის, გულდასაწყვეტი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ნელ-ნელა ცდილობდნენ, ხალხს დავიწყებოდა გიორგობა და გვეზეიმა „ვარდების რევოლუციის“ წლისთავები. ეს მართლაც საშინელება იყო. მახსენებდა, როგორ ანგრევდნენ ბოლშევიკები ტაძრებს საქართველოში, როგორ ლეწავდნენ ზარებს და კეტავდნენ ეკლესიებს. სწორედ იგივე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ წლისთავების აღნიშვნისას. სიმბოლურია, რომ პირველი, რაც გააკეთა ვარდოსანმა ხელისუფლებამ, ეს იყო, რომ შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე და ამით შემოაბიჯეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისივე შეფასებით, ეს იყო უმძიმესი განსაცდელი ჩვენთვის და უამრავი რამ გადავიტანეთ ყველამ ერთად. საბოლოოდ კი ამ განსაცდელ გამოვლილებმა 1-ელ ოქტომბერს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, რამაც დაასრულა სააკაშვილის ცხრაწლიანი სისხლიანი ეპოპეა.
დღეს კი გია ცაგარეიშვილის სურვილია, იმ მოედანს, რომელსაც „ვიღაც ვიგინდარებმა და ყაჩაღებმა“ ვარდების მოედანი უწოდეს, გადაერქვას სახელი. ამასთან, პარლამენტარი პარტიული დღესასწაულების განდიდების სასტიკი წინააღმდეგია. მისი აზრით, პარტიული მონაპოვრები არ უნდა ემთხვეოდეს საეკლესიო და საერო დღესასწაულებს და ყველაფერი არ უნდა აეწყოს ერთი პარტიის განდიდებაზე. მეტიც, ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თვითონ 1-ელი ოქტომბრის შედეგები გვიჩვენებს, თუ როგორ დაასრულეს ნაციონალებმა. გვახსოვს, როგორ დაიწყეს, ხალხი ზეიმობდა მათ მოსვლას და დაამთავრეს ისე, რომ ხალხი ზეიმობს მათ წასვლას. ასე რომ, ექსპერტის შეფასებით, ორივე შემთხვევაში, მათი სახელი ზეიმს უკავშირდება.
„არ ვიცი, რამდენად წინააღმდეგობრივია სააკაშვილის პიროვნება, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ადამიანი რომ არის, ეს სადაო ნაკლებადაა. სწორედ პოლიტიკური საქმიანობის მკაფიოდ გამოკვეთილი ნიჭი აქვს. თუმცა, ის, რამაც მის უფრო ხანგრძლივ კარიერას ხელი შეუშალა, ისაა, რომ მას უჭირს გეგმის შემუშავება და გრძელვადიანი გეგმის მიხედვით მოქმედება, ის უფრო ოპერატიული რეაგირების ტიპია, ვიდრე სტრატეგი. სტრატეგიის გამომუშავება უჭირს და მიმდინარე ინტერესების მიხედვით მოქმედებს, რაც ერთი მხრივ, ეფექტური და ენერგიულია, მეორე მხრივ კი, ანგარიშს არ უწევს მორალს. ეს ადრე თუ გვიან ყოველთვის მძიმედ მთავრდება იმ ადამიანისთვის, რომელიც მორალს არ უწევს ანგარიშს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ადასტურებს, რომ „ვარდების რევოლუცია“ უნდა მომხდარიყო. მასვე ახსენდება შალვა რამიშვილის მიერ შევარდნაძის ხელისუფლებისადმი მიძღვნილი „დარდუბალა“. სიტყვა „დარდუბალას“ ჟღერადობა კი არ ნიშნავს ბოროტ დემონს, არამედ ეს ნიშნავს მოუწესრიგებლობას, ქაოსს და იმის უუნარობას, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენო. შევარდნაძის დროს კი ეს პრობლემა მართლაც იდგა და ქვეყნის შიდა პროცესების მართვის უუნარობა იმას იწვევდა, რომ მრავლდებოდნენ მაფიოზები, კლანები და ა.შ.
ამდენად, ექსპერტის აზრით, სააკაშვილმა მოიტანა სწორედ ის, რომ მან ენერგიულად მოკიდა შიდა პროცესებს ხელი, თუმცა არც გარე პროცესებს დააკლო. შედეგად ვნახეთ, რომ ბიუჯეტი ასტრონომიული ზომებით გაიზარდა, კანონმოშიში გახდა ხალხის დიდი ნაწილი. თუმცა, ეს პროცესები არ უნდა გადახრილიყო საწინააღმდეგო მიმართულებით, არ უნდა გაჩენილიყო ელიტარული კორუფცია და კანონი არ უნდა გამოყენებულიყო ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ. სწორედ ამ თვისებების გადაჭარბებამ გამოიწვია, რომ ხალხს საზეიმო გაუხდა ნაციონალების წასვლა.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს „ვარდების რევოლუციის“ ცხრა წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე რუსული გამოთქმა ახსენდება: хотелось как лучше, а получилось как всегда - ეს გამოთქმა ეკუთვნის ჩერნომირდინს. ასევე, მანვე გაიხსენა კიდევ ერთი რუსული ხალხური გამონათქვამი - ჩვენ ველოდით ოპტიმისტურ სცენარს, მივიღეთ პესიმიზმის ნიაღვარი. მართლაც, სოსო ცისკარიშვილის აზრით, ჩვენ ველოდით ვაცლავ ჰაველის სტანდარტების დემოკრატრიას, ამ დროს კი სანატრელი გაგვიხდა ლუკაშენკოს სტანდარტების დემოკრატია. ყველაფერი ეს კი იმის ბრალი აღმოჩნდა, რომ „ვარდების რევოლუციას“ არანაირი შეხება არ ჰქონია ქართულ სიბრძნესთან. მათ უბრალოდ არ გაუგიათ ხალხური ნათქვამი - რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
„მოდით, ყოფილი ხელისუფლების ამგვარი დეგრადაცია გავიზიაროთ თავად ქართულმა საზოგადოებამაც. მით უმეტეს, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ამ რევოლუციას და შემდეგ აღმოვჩნდით არასაკმარისად აქტიურები იმისთვის, რომ ქვეყანაში არ განვითარებულიყო ნეგატიური პროცესები, რომლის მომსწრენიც გავხდით. ქართული საზოგადოების ნაწილის დათესილია „ვარდების რევოლუცია“, შესაბამისად, მანვე მოიმკა, რაც დათესა“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს შანსი ჰქონდა, ქვეყანას დაბრუნებოდა არა მარტო კეთილდღეობა, არამედ აღედგინათ ქვეყნის იურისდიქცია. ამისთვის სრული შესაძლებლობა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერა არსებობდა, მაგრამ უხეშმა შეცდომებმა, დანაშაულებებმა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაანაწევრა და თავის ჩრდილოელ მეზობელთან გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. ახლა კი ეს ყველაფერი წინ დახვდა ახალ ხელისუფლებას და პრობლემატური მემკვიდრეობა ერგოთ ამ მიმართულებით.
ზვიად ძიძიგურის თქმით, რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყო გარკვეული წინსვლა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, გადასახადების გადახდა ისწავლა ხალხმა და ბიზნესმა, კომპიუტერული წესები დაინერგა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ვერ აღმოჩნდა ხალხის იმედების გამმართლებელი. სწორედ ამან განაპირობა ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის სურვილი.
„ჩვენ გავიარეთ ტერორი, შიში პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება, ზეწოლა ადამიანებზე, მათი უფლებების მასობრივი დარღვევა, ბიზნესის დაწიოკება, ყოველი მოქალაქის ყოველღიურ ცხოვრებაში შეჭრა, რამაც გამოიწვია, რომ ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას შეფასება მისცა 1-ელ ოქტომბერს. ციფრები 55 და 40 არ ასახავს რეალურ თანაფარდობას, გაცილებთ სხვა იყო თანაფარდობა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ეს იყო ხელისუფლებასთან იდენტიფიცირებული ძალა და, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ებრძოდა არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნოდ, არამედ ხელისუფლებას, თავისი ძალოვანი სტრუქტურებით, მისი ფინანსური მონაცემებით“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
ამასთან, ვერ აკონკრეტებს, აუცილებელი იყო თუ არა „ვარდების რევოლუციის“ მოხდენა. პირადად მას ერჩივნა, რომ რევოლუციის ნაცვლად მომხდარიყო ევოლუცია, თანდათან გადასულიყო ხელისუფლება და, ყველა ვარიანტში, შევარდნაძის ხელისუფლება ახალი პოლიტიკური ძალის ხელში გადავიდოდა.
დღესაც ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ ერთი ძალის ხელში თავმოყრილი მთელი ძალაუფლება ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ არის. ამდენად, იგი ახალ ხელისუფლებასაც არ უსურვებს, გაეკეთებინოს იგივე, რაც გააკეთა ნაცმოძრაობამ. ამიტომ პირადად იგი შეეწინააღმდეგება სასამართლოზე კონტროლის დამყარებას, მედიის ჯიბეში ჩადებას, არასამთავრობო სექტორის მასიურად სამთავრობო ძალად გადაქცევას. მისი თქმით, ეს ყველაფერი იყო სერიოზული შეცდომა, რომელმაც სააკაშვილის მიერ ხელისუფლების უზურპაცია კრახით დაასრულა.
„სერიოზული მხარდაჭერაა ახალი ხელისუფლების მიმართ დასავლური სამყაროსგან და ჩვენი კოლეგა ოპოზიციონრების სიტყვები არაფერს ნიშნავს. რასმუსენის ბუნდოვანი განცხადება შემდგომში შეიცვალა, ივანიშვილსა და სააკაშვილს ბრიუსელში ჰქონდათ შეხვედრები. არ არის კარგი, როცა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ვიზიტებით დადიან უცხოეთში და ერთსა და იმავე ადამიანებს ხვდებიან და ამ დროს, ფაქტობრივად, პრეზიდენტი ოპოზიციის როლშია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ეს სააკაშვილის არასწორი პოზიციაა, მაგრამ იგი ახლა ისევ მისტირის თავის დაკარგულ ძალაუფლებას, ისევ ცდილობს ნირვანაში იმყოფოს თავი და ამ მიმართულებით მისთვის მკვებავია ჯერ კიდევ შერჩენილი სახელისუფლო ნაწილი“.
ამდენად, ზვიად ძიძიგური ურჩევს „ვარდების რევოლუციით“ მოსულ ხელისუფალს, რეალობაში დაბრუნდეს თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, რომელიც ისევ ისეთ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრობას, რომ, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, თურმე მართალი ყოფილა.სწორედ ამიტომ, ისინი გააფთრებით იცავენ პოზიციას. ზვიად ძიძიგურის აზრით, როგორც ჩანს, ნაციონალები გაუგებრობად თვლიან იმას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფებიან. არადა, საქართველოს მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო სერიოზული რისკის ფასად. ყველა, ვინც ხმას აძლევდა „ქართულ ოცნებას“, არ იცოდა, როგორ შემოუბრუნდებოდათ ეს ყველაფერი. მათ ხომ „ვარდების რევოლუციის“ რეჟიმის დასასრულის დროსაც სამსახურებიდან გაშვებით და ნათესავების დაპატიმრებით კვლავაც ემუქრებოდნენ.