ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
ავღანეთში ამერიკული ჯარის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ სონი ლეჯეტის განცხადებით, ავღანელ და ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაუხსნა. მისივე განცხადებით, ინციდენტის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, New York Times-თან საუბარში ავღანელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმას სულ მცირე 5 ამერიკელი და 6 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა.
ავღანეთში ამჟამად 13 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, მოძრაობა „თალიბანი“ კი ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ტერიტორიას აკონტროლებს.
27 იანვარს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.