რთული სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ დეფიციტად ახალი მიდგომებისა და იდეების ნაკლებობაა. ეს ეხება უსაფრთხოების სფეროსაც, მის თეორიულ და პრაქტიკულ განზომილებებს.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მივიღეთ ქვეყნის უსაფრთხოების ახალი პარადიგმა. ამჟამად არსებობს ობიექტური წინაპირობები იმისათვის, რომ შეიცვალოს აქამდე არსებული ქვეყნის უსაფრთხოების მიდგომები და ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების აქამდე არსებულმა სისტემამ სრული კრახი განიცადა. “არაპროფესიონალური იქნება იმაზე საუბარი, რომ პრობლემა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში იყო. აქ შევეხებით მხოლოდ რამდენიმე პრინციპულ საკითხს, თუ რატომ განიცადა კრახი აქამდე არსებულმა ერთიანი უსაფრთხოების სისტემამ”, - აცხადებს “For.ge”-სთან საუბარში ექსპერტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ობოლაძე. იგი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების მთელ კასკაზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ ვითარებაში დააყენა და დღის წესრიგში კვლავ და მორიგად სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების აუცილებლობა დააყენა
“For.ge” ბესიკ ობოლაძეს ესაუბრება
- უპირველესი შეცდომა, რამაც გამოიწვია სისტემის კრახი ისაა, რომ უსაფრთხოების სისტემა მორგებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფოზე და არა უფრო მაღალი კატეგორიის სისტემაზე – ქვეყანაზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეროვნულ, სოციალურ, კულტურულ და ა.შ. სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ერთობებს, ტერიტორიას და ა.შ. ანუ ქვეყნის უსაფრთხოებამ უნდა მოიცვას სახელმწიფოებრივი, სოციალური, კულტურული, (მათ შორის ინტელექტუალური და ინფორმაციული) პოლიტიკური, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ა.შ. ამ მიდგომებით სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ღებულობს სერიოზულ საპირწონეს, მათ შორის – საზოგადოების სახით, და ეს არ მოქმედებს სახელმწიფოს საზიანოდ, არამედ პირიქით, წინააღმდეგობას უწევს მის საზოგადოებისაგან განცალკევებას, ხელს უწყობს მის განვითარებას და მომართულია სტაბილურად ფუნქციონირებასი სახელმწიფო ხელისუფლების შექმნაზე.
თავის დროზე თქვენ უშიშროების რეფორმებზე მუშაობდით...
- დიახ, მე მომიწია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ჩემს მიერ მომზადებულმა შესაბამისმა ნაშრომმა და კონცეპტუალურმა პრინციპებმა თავის დროზე ნორმალური შეფასება მიიღო როგორც უშიშროების საბჭოდან, ასევე უშიშროების სამინისტროდან. სხვათა შორის, ამ ნაშრომს კარგად იცნობს ბატონი ირაკლი ალასანია და როდესაც მე ვხელმძღვანელობდი უშიშროების სამინისტროს ანალიტიკურ ბიუროს, მისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით (მაშინ ის უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე იყო). სამწუხაროდ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი გახდა უშიშროების მინისტრი, პროცესები არასასურველი მიმართულებით წავიდა. როგორც ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მას მივუთითე კიდეც როგორც პირად საუბრებში, ასევე ტელედებატებისას “რუსთავი 2” –ის ეთერით (მგონი, ეს იყო ერთადერთი მისი ტელედებატი), რომ პროცესები უსაფრთხოების სისტემაში ყველაფერი მიჰყავდათ არასწორი მიმართულებით და ამის შედეგებსაც დღეს ვიმკით.
სისტემა არც პიროვნებაზე ზრუნავდა...
- აქამდე არსებული უსაფრთხოების სისტემის კატასტროფული შეცდომა იყო იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობაც, რომ პიროვნება, როგორც საზოგადოების საწყისი უჯრედი და უმაღლესი სოციალური კატეგორია, საჭიროებს პრიორიტეტულ დაცვას. პიროვნების სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების დაცვას აქვს უპირველესი მნიშვნელობა, შესაბამისად, იგი სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან მოითხოვს გარკვეულ გარანტიებს. როდესაც ვსაუბრობთ პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნვლეყოფა, ჩვენი განმარტებით, გულისხმობს ამ სამი ელემენტის უსაფრთხოების ინტეგრირებულ გამოხატულებას.
როდესაც არ არის უზრუნველყოფილი კონკრეტული პიროვნების უსაფრთხოება, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობა, ზოგადად, უსაფრთხოება. პიროვნების ინტერესების დაუკმაყოფილებლობა ქმნის წინაპირობებს მყარი სოციალური დაძაბულობისაკენ, აქედან გამომდინარე, ხდება საზოგადოების გახლეჩა სხვადასხვა წინააღმდეგობრივ ანტაგონისტურად განწყობილ დაჯგუფებებად. ასეთ პირობებში საფუძველი ეყრება ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას და სუსტდება მისი საერთო პოტენციალი, ვიწროვდება სახელმწიფოს საყრდენი სოციალური ბაზა, იკარგება საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების საქმეში, რომელსაც გააჩნია დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა სოციალური ფენის (ან უმეტესობის) ინტერესების დაცვას, ფლობს უსაფრთხოების უფრო მაღალ იმუნიტეტს, ვიდრე ის, რომელიც ეყრდნობა ვიწრო სოციალურ ბაზას, მცირერიცხოვან პოლიტიკურ ელიტას. ასეთი ქვეყნები, როგორც წესი, იძულებულნი ხდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენონ რეპრესიული და სხვა იძულებითი ღონისძიებები. შესაბამისად, ინგრევა უპირველესი დემოკრატიული ღირებულებები, ხდება უმკაცრესი ზეწოლა „სხვაგვარ აზროვნებაზე“, იდევნება ნებისმიერი კრიტიკა, უკმაყოფილება პოლიტიკური რეჟიმისადმი. 7 ნოემბრის, 26 მაისის ცნობილი მოვლენები, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა.
ეგებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ „საფრთხეში“?
- კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო ის, რომ დიდი ალბათობით ქართულმა უსაფრთხოების სისტემამ ვერ გაიაზრა ტერმინ „საფრთხის“ შინაარსი. ტერმინ „საფრთხის“ ქვეშ ჩვენ უნდა განვიხილოთ რეალური ან პოტენციური წინააღმდეგობები, რომელიც ვითარდება ან შეიძლება განვითარდეს საზოგადოებაში სხვადასხვა ნაციონალურ, რელიგიურ, სხვა სოციალურ ფენებსა და დაჯგუფებებს შორის, საზოგადოებასა და სახელმწიფოს, სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის, იმ ძალებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ხელისუფლებას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, წინააღმდეგობები ეროვნებათშორის ან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ნაციონალური უსაფრთხოების სისტემამ, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ყველა ზემოთაღნიშნული საფრთხის განეიტრალება, მოახდინა ამ საფრთხეებისა და გამოწვევების აქტივიზაცია. რა თქმა უნდა არსებობს საფრთხეები, რომლებიც გამოწვეყლია ობიექტურად განვითარებული პროცესებით.
ალბათ ცალკე უნდა გამოვყოთ საფრთხეები, რომლებიც გამოწვეულია გარკვეული მოქმედებებით?
- ზოგადეროვნული ინტერესებისადმი საფრთხეების წყაროებად გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ სახელისუფლებო სტრუქტურების შეცდომები, თუნდაც სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების განსაზღვრაში, პრობლემების გამოკვეთაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და აუცილებელი ღონისძიებების სათანადო დონეზე ვერგატარებაში და შეფასებაში, რამდენად რეალურია პოტენციური თუ რეალური საფრთხეები. საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას ხელისუფლების მხრიდან პილიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების რეალიზაციისას ავანტიურებისა თუ არაპროფესიონალიზმიდან გამომდნარე და ა.შ.
კიდევ რა შეცდომებს გამოყოფდით?
– კიდევ ერთი შეცდომის შესახებ: როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფაზე, აუცილებელია გადაიხედოს საკითხისადმი ისეთი მიდგომა, როგორიცაა სახელმწიფოს მონოპოლია უსაფრთხოების უზრუნვეყლოფის სფეროში. საზოგადოებრივმა სტრუქტურებმა (საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა. პოლიტიკურმა პარტიებმა, სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა და ა.შ.) თავიანთი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა იპოვონ უსაფრთხოების ერთიანი სისტემის სუბიექტებს შორის, სხვადასხვა ფორმით მიიღონ მონაწილეობა ამ საქმიანობაში, მოახდინონ ანალიზი და პროგნოზირება საკუთარი პოზიციებიდან გამომდინარე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის საციცოცხლო ინტერესებისადმი საფრთხეების შეფასებაში, განახორციელონ პროპაგანდისტული უზრუნველყოფა, აუცილებლობის შემთხვევაში-მომზადებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების ექსპერტიზა და ა.შ. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ყველაფერს წყვეტდა ყველას მაგივრად „ხერხემალი“ და მისი დოქსოფულოები. ამ თვალსაზრისით მისასალმებელია ბატონ ი.სესიაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის დასაწყისი.
სად ხედავთ სპეცსამსახურის ადგილს უსაფრთხოების ერთიან სისტემაში?
- სპეცსამსახურის ადგილი უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კანონმდებლობით უნდა განისაზღვრებოდეს. უსაფრთხოების ერთიან კომპლექსში, სპეცსამსახურის (კონტრდაზვერვითი) ფუნქციაა გაატაროს კონტრზომები ქვეყნის სტრატეგიული, სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროებისადმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ფარული ქმედებების გამოსადევნად, არდასაშვებად და აღსაკვეთად. ამ ამოცანების შესასრულებლად სპეცსამსახური იყენებს სპეციალურ ძალებსა და საშუალებებს.
იმის გათვალისწინებით, რომ სპეცსამსახურს მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრდაზვერვითი მიმართულება გააჩნია, ყოველივე ზემოთაღნიშნული მკაფიოდ განასხვავებს მის ფუნქციასა და ამოცანებს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის კომპლექსში, სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისაგან. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს სპეცსამსახურების ორგანიზაციული პროექტირებაა, ესაა გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებერლი კრიზისული სიტუაციები, მოვლენები, როდესაც იზრდება ქვეყნის სტრატეგიული სფეროებისა და მიმართულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის რისკი საშინაო და საგარეო საფრთხეებისადმი. დგება იმის აცუილებლობა, რომ მოხდეს კრიზისული სიტუაციების, მოვლენების (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა) პროგნოზირება, ანალიზი და შესაბამისად, გადაიდგას ადექვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ მოვლენები ამდაგვარად არ განვითარდეს.
ასეთი რამ ქვეყანაში არსებობდა?
- ყველაფერს წყვეტდა პრეზიდენტი გარე ფასადების ფერების შერჩევის პარალელურად. ამ დროს კი გვერდზე რჩებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა უცხო ქვეყნების გეოპოლიტიკური მისწრაფებები, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა სახელმწიფოებრივ ინტერესებს
გამოდის, რომ დღემდე სისტემის საქმიანობა არასწორი და ქვეყნისათვის საზიანო იყო?
- სისტემის საქმიანობა არ ეყრდნობოდა არანაირ კონცეპტუალურ ხედვას, არ არსებობდა არანაირი სტრატეგია. მუშაობა მიმდინარეობდა ინერციით; შესაბამისად, არ იყო დაგეგმილი, გაანალიზებული და გათვალიწსინებული რისკ-ფაქტორები და პოტენციური საფრთხეები, რომელშიც ქვეყანას უწევდა ყოფნა მთელი რიგი შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შედეგები კი ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია. იმეორებდა რა ოპერატიულ საქმიანობაში საბჭოთა სუკ-ის ფორმებსა და მეთოდებს, რომელიც აბოსლუტურად არაეფექტურია დღევანდელი პირობებში, სისტემა ცდილობდა კვლავაც ტოტალიტარული ფორმით წარემართა საქმიანობა რეალურად კი სახეზე იყო ერთგვარი ქაოსი. ხდებოდა ყველას და ყველაფრის უნივერსალიზაცია: დანაყოფების, თანამშრომლების, ოპერატიული საშუალებების. ტოტალიტარული სტრუქტურის მოდელში სტიმულირებული იყო. არა ხარისხობრივი, არამედ რაოდენობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურებისა და მეთოდიკის პირობებში სისტემა უუნარო იყო მიეღო არამცთუ სტრატეგიული, არამედ სახელმწიფო უშიშროების ამოცანებიდან გამომდინარე მეტნაკლებად სერიოზული პირველადი ინფორმაცია და უზრუნველეყო მისი სრულფასოვანი შესწავლა-დამუშავება. ამიტომ ვღებულობდით „კოჭოიასა“ თუ ფოტოგრაფების, მაისაიას, კიღურაძის შპიონაჟის მსგავს აბსურდებს.
მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფერმა სისტემის დისკრედიტაცია გამოიწვია?
- კიდევ ერთი შეცდომა იყო ის გარემოება, რომ უსაფრთხოების წინა სისტემამ მოახდინა სისტემის დისკრედიტაცია. უდავოა, რომ ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამართულობა, სწორად ორგანიზებული მუშაობა მთლიანობაში მნიშვნელოვან ნაწილად განაპირობებს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობის ეფექტურობას, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც აღდგება ავტორიტეტი და დაძლეულ იქნება საზოგადოების უნდობლობა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისადმი.
შეუძლებელია ოპერატიული საშუალებების გამართული სისტემის ფორმირებაზე საუბარი საზოგადოების თანადგომის, ნდობის გარეშე. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობის ოპერატიული მეთოდები რეგულირდება სამართლებრივი ნორმებით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს უშიშროების, ქვეყნის უპირველესი კონსტიტუციური ნორმების დასაცავად. საზოგადოების ნდობა სისტემისადმი კონკრეტულად მისი საქმიანობის ისეთი ასპექტებისადმი, როგორიცაა ოპერატიული მეთოდები, მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ოპერატიული საქმიანობისათვის აუცილებელი ოპერატიული საშუალებების რგოლის, სისტემის ფორმირებისათვის.
როგორ შეაფასებთ წინა ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას, რომელიც მათ ამ სფეროში წლის მანძილზე ახორციელეს?
- კიდევ ერთი შეცდომა – მათ ვერ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ძლიერი სპეცსამსახურის საკადრო პოლიტიკაში თვით სისტემის ბაზისი თანამშრომელი-პიროვნებაა. ე.წ. ძალოვანი სამინისტრების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეცსამსახურებს, გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმე დიდადა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დროულად დატოვებს მათ ძველი აზროვნება და რამდენად რეალურია ტოტალიტარული და გარდამავალი სისტემების მენტალიტეტიდან გათავისუფლების ტენდენცია. ამაში მრავალ მომენტს შეუძლია ითამაშოს არსებითი როლი.
სისტემაში ახალი დემოკრატიული წესები შესაბამისი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრებას ხელს შეუშლის რეტროგრადული სისტემის თვითგადარჩენის ინსტინქტი, საერთო საფრთხის შეგნებით მანიპულირება. სისტემის მომავლისათვის აუცილებელია არავინ დარჩეს ძველ მენტალურ განზომილებაში - ძველი მიდგომების, ძველი აზროვნების ტყვეობაში. ბუნებრივია, რომ ამ სისტემის ახალ განზომილებაში გადართვა მთელი რიგი ობიექტური წინაპირობებისა და სუბიექტური მომენტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად განსახორციელებელი პრობლემაა. საჭიროა, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში სისტემამ სასწრაფოდ მონახოს თავისი კუთვნილი, შესაფერისი ადგილი, შეეგუოს იმ აზრს, რომ წავიდა ის დრო, როდესაც თვითონ მართავდა ყველას და ყველაფერს. დადგა დრო, როდესაც თვითონ უნდა მოერგოს პროცესებს.
ფაქტია, რომ სისტემა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას
- კიდევ ერთი შეცდომა, რამაც ჩემი აზრით გამოიწვია სისტემის კრახი, ესაა საბჭოური, ტოტალიტარულ სახელმწიფო მოწყობაზე გათვლილი, მმართველობითი სტილი. სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ეს შეეხება სპეცსამსახურებსაც, სადაც ბიუროკრატიული სისტემისათვის დამახასიათებელი გადაჭარბებულ სუბიექტივიზმის, ერთ კაცამდე, ერთ ხელმძღვანელამდე და არა მმართველობით რგოლამდე აყვანილი ცენტრალიზაციის შედეგად, სახეზე გვქონდა უაღრესად დაბალი მმართველობითი და ორგანიზაციული კულტურა. მმართველობითი ტექნოლოგიები, ორგანიზაციული გადაწყვეტილებების გამომუშავების პროცესი და რეალიზაცია არ ეყრდნობოდა არანაირ კონცეპტუალურ პრინციპებს. აქტუალური იყო რა საერთო საფრთხის შეგნებით მანიპულირება, მართვის ავტორიტარული ფორმები და ორმაგი სტანდარტების პრაქტიკა, ჩვეულებრივად რეალური სურათი იცვლებოდა ხელმძღვანელთა სუბიექტური ხედვის ნიშნით შედგენილი ოპერატიული ვითარების ამსახველი ცნობებით, მოხსენებით და ა.შ.
როგორ გგონიათ, სისტემის ახალ განზომილებაში გადართვა მთელი რიგი ობიექტური წინაპირობებისა და სუბიექტური მომენტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად განსახორციელებელი პრობლემაა?
- ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სპეცსამსახურის ორგანიზაციული და მმართველობითი საქმიანობა უნდა აიწყოს ახალ პრინციპებზე, რომელიც შეესაბამება ახალ რეალობაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნებისადმი, საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი თვისობრივად განსხავებული მიდგომების პირობებში, სახელმწიფო უშიშროების ამოცანის გადაწყვეტას.
ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი, განვითარების თანამედროვე ეტაპი დღეს წესრიგში აყენებს საკითხს სპეცსამსახურის საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ. ბოლო წლების მანძილზე საქართველოს რეალობაში სპეცსამსახურების საქმიანობაზე კონტროლის არარსებობის გამო დამდგარი ნეგატიური შედეგები ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საყოველთაოდ ცნობილია. სპეცსამსახურის საქმიანობაზე კონტროლი განსაზღვრული უნდა იყოს კანონმდებლობით, რომელიც უნდა შეიცავდეს კონტროლის განხორციელების რეალურ მექანიზმებს და რეალურ პასუხისმგებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა ატარებს ფარულ, კონფიდენციალურ ხასიათს, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ყველგან ფუძემდებლური საკითხია პიროვნების უფლებების და თავისუფლებების დაცვა.
მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა გამორიცხავს სპეცსამსახურების საქმიანობაზე კონტროლის ასპექტებში ხელისუფლების რომელიმე შტოს მხრიდან მონოპოლიზებას. თითქმის ყველგან, სპეცსამსახურებზე კონტროლის სუბიექტია პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო. ამას გარდა, სპეცსამსახურები, წარმოადგენენ რა სახელმწიფო ორგანოს, განიცდიან უწყებრივ კონტროლს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, ჯანდაცვა, კაპიტალური მშენებლობა და სხვა. გარკვეულ შემთხვევებში, ნორმატიულ ბაზაზე დაყრდნობით, სპეცსამსახურის საქმიანობაზე კონტროლის სუბიექტები შეიძლება იყვნენ კონკრეტული მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სპეცსამსახურების საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმი მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ასპექტები, როგორიცაა კონტროლი სპეცსამსახურების მიერ სპეციალური საშუალებებისა და ძალების გამოყენებაზე, ასევე კონკრეტულ ოპერატიულ მასალების დამუშავებაზე; იმ მოქალაქეთა უფლებები და გარანტიები, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სპეცსამსახურთან კონფედენციალურ ურთიერთობაში, ამ საკითხში სრული ქაოსი იყო და მეტი დეტალიზაციისაგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ სისტემის ის სახე, რომელიც აქამდე არსებობდა იყო სპეცსამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მახინჯი სიმბიოზი. ადგილი ჰქონდა არამარტო სპეცსამსახურის ჩართვას სხვა სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ მას ენიჭებოდა სათავო სტრუქტურის ფუნქციაც და ეს არ იყო მხოლოდ ქვეყნის ერთიანი უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. დამატებითი ფუნქციები სპეცსამსახურებს უკარგავდა უმთავრეს კონტრდაზვერვით ფუნქციას და მოქმედების პრინციპს: არის და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ყველგან, რეალურად კი არსად. ყველას კარგად გვახსოვს უსაფრთხოების სისტემის სუბიექტების მიერ ჩატარებული რთველი, ციხე–სიმაგრეები, მშენებლობები და ა.შ.
კიდევ რა შეცდომებს გამოყოფდით?
- კონტრდაზვერვითი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ანალიტიკა. აქ ყურადსაღებია ერთი დეტალი-ანალიტიკოსებს საქმე აქვთ ისეთ მოვლენებთან და პროცესებთან, რომლებიც ძნელად ექცევიან სისხლის სამართლებრივ კლასიფიკაციაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგი – როგორც შეფასება, ხშირად ატარებს სავარაუდო ხასიათს. ამ ვარაუდის შემდგომ, უნდა ხდებოდეს საფუძვლიანი შემოწმება, დამუშავება და ა.შ. მხოლოდ ვარაუდების სამართლებრივ სიბრტყეში გადაყვანა იწვევს კურიოზულ საქმეებს და ეს სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს კონკრეტული ადამიანებისათვის და მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის იმიჯისათვის. ანალიტიკოსები უნდა ასრულებდნენ მხოლოდ იმ საქმეს, რაც მათ კომპეტენციაშია და არ აწვდიდნენ, არ უკეთებდნენ თითქმის ყველაფერზე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოხსენებებს. უნდა იყოს მოთხოვნა და დაკვეთა სპეციალიზირებულ ანალიტიკურ პროდუქციაზე, ისეთზე, რომელსაც სხვა უწყებები ვერ შექმნიან. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ზემოდან წამოვიდეს დაკვეთა - ამდენი ჯაშუშია დასაჭერი, ანუ ამის რაოდენობრივი დაგეგმვა სრული აბსურდია. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ასეთი შეცდომების ფართოდ გაშუქება სისტემისა და ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.
კიდევ ერთი შეცდომაა ერთიანი უსაფრთხოების სისტემის დამოკიდებულება საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებისადმი. ზოგადად, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედებით შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი საფრთხეები: ზიანი მიადგეს პიროვნების ჯანმრთელობას; გაუცნობიერებელ დონეზე მოხდეს პიროვნების თავისუფალი ნების გამოხატვის ბლოკირება, ხელოვნურად მოხდეს მასზე შთაგონება, მიწოდებულ ინფორმაციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბება; დააკარგვინოს პიროვნებას უნდარი პოლიტიკური, კულტურული, ზნეობრივი თვითიდენტიფიკაციისა; საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება; დაირღვეს ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო და სულიერი სივრცე; დაირღვეს საზოგადოების ტრადიციული საფუძვლები, მათ შორის ტრადიციული ღირსებები; ზიანი მიადგეს პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერესებს;
ჩვენ დასაწყისში ვსაუბრობდით უსაფრთხოების ისეთ შემადგენლობაზე, როგორიცაა კულტურული უსაფრთხოება და მისი ინფორმაციული შემადგენელი. ქართულ საზოგადოებას არ გაუჭირდება იმის გაანალიზება, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა ზემოთ გამოკვეთილ საფრთხეებთან მიმართებაში იცავდა პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას, თუ თვითონ იყო თანამონაწილე ამ საფრთხეების აქტივიზაციის. და ყველაზე მთავარი დანაშაული – სპეცსამსახურები იქცა სახელმწიფო ტერორიზმის ინსტრუმენტად.