აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზახირ პანახოვის განცხადებით, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ პარლამენტში (მილი მეჯლისი) 65 მანდატს მიიღებს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამ დროისათვის მონაცემების 87%-ია დამუშავებული. ეგზიტპოლის პროგნოზებით, „ახალი აზერბაიჯანი“ 125 მანდატიდან 69-ს მიიღებს, 41 ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გადანაწილდება.
არჩევნების პროცესს აზერბაიჯანში 883 დამკვირვებელი აკვირდებოდა - აქედან 59 საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი.
125 საარჩევნო ოლქში განთავსებული 5573 საარჩევნო უბანი 9 თებერვალს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა.