მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მადლობას მოგახსენებთ პოლიტპატიმრებზე მზრუნველობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ კომიტეტის მუშაობა ჩვენი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებით დასრულდა, ამისთვისაც დიდი მადლობას გიხდით.
ჩემთვის სულერთია რა მიზეზით მოხდა ეს, მაგრამ , ფაქტია, რომ გუშინდელი დღიდან ახალი სასჯელის ათვლა დაიწყო. დარმწუნებული ვარ გინდოდათ, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი სწრაფად და წარმატებით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ გამოვიდა ისე, როგოროც ყოველთვის ხდება ხოლმე – ქართულად!
ალბათ გამართლებული იქნება კომისიის წევრებსა და კომიტეტს შევახსენო კალენდარი, რომ 2007 წლის ოქტომბერ–ნოემბერი გაცილებით ადრე იყო ვიდრე 2011 წლის მაისი და შესაბამისად, სიის შედგენისას იმ პრინციპით უნდა გეხელმძღვანელათ, ვინ რამდენი წელი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს და არა იმ პრინციპით, ვის უფრო წონიანი ლობისტი ჰყავს კომისიაში ან კომიტეტში. ან იმ პრინციპით მაინც გეხელმძღვანელათ ვისი საქმეებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დიდი ხნის წინ იყო შესაწავლილი და მათი პოლიტპატიმრობა ეჭვს არ იწვევდა. თუ ამ პრინციპზეც ვერ შეთანხმდით, ალფავიტის მიხედვით მაინც შეგედგინათ სია.
ყველაზე გასაოცარი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა დამატებითი სიის არსებობა. ძალიან საინტერესოა, მაგალითად მე, მერაბ რატიშვილი რომელი სიის დანამატი ვარ, „კოჭოიასი“ ხომ არა? რა უნდოდა ამით სიის შემდგენელს ეთქვა ჩემთვის? ჩემი აზრით, ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ იმ პოლიტპატიმრების მნიშვნელობა დაეკნინებინათ, რომლებიც მართლაც, როგორც პოლიტპატიმრებმა ღირსეულად ვიცხოვრეთ ციხეში და „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარეთ ეს წლები.
ამ სიით თუ ვიხელმძღვანელებთ გამოდის, რომ ზოგს ახლა გაახსენდა რომ პოლიტიკური ნიშნით ყოფილა დაპატიმრებული. ესე იგი, იძულებულს გვხდიან, ველოდოთ, სანამ მათ საქმეებს ბოლომდე შეისწავლიან.
იქნებ ის განგვიმარტოს ვინმემ, მანამდე რატომ არ ვიცოდით ამდენი პოლიტპატიმრის არსებობის შესახებ, თუ ახლა გახდნენ, როცა ხელისულფლება შეიცვალა?
მე გამოვრიცხავ რომ ვიღაცას ამ საქმეზე ხელის მოთბობა უნდოდა, მაგრამ, ეჭვები რომ ავიცილოთ თავიდან, ამავე დროს, არ დავაკნინოთ და ეჭვქვეშ არ დავაყენოთ სიაში შეტანილი პირების პოლიტპატიმრობა, საქმეები აუცილებლად მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი.
პირდაპირ გეტყვით, მე არ მინდა ვიყო იმ სიაში, რომლის მიმართაც არსებობს მცირეოდენი ეჭვი მაინც, რომ ვინმე დაუმსახურებლად ან უსაფუძვლოდ მოხვდა პოლიტპატიმრების სიაში, არც ის მინდა, რომ დამატებით სიაში ვიყო ჩაწერილი, როგორც ვინმე „მნიშვნელოვანი ჯგუფის“ დანამატი.
ამიტომ, ოფიციალურად მოგმართავთ და გთხოვთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და კომისიის წევრებს, ამოიღოთ ჩემი გვარი ამ სიიდან და ცალკე განიხილოთ ჩემი საკითხი. დარწმუნებული ვარ, ასეთივე სურვილი სხვა ჭეშმარიტ პოლიტპატიმრებსაც ექნებათ.
მე–6 წელი დაიწყო, რაც ციხეში ვარ. მეც და სხვა პოლიტპატიმრებმაც ღირსეულად გავიარეთ ეს წლები და არ მინდა ვიღაცის პირად ამბიციებს შევწირო ჩემი სახელი. მირჩევნია ციხეში ვიჯდე, ვიდრე ვინმეს ვაჭრობის ან მანიპულიერბის საგანი გავხდე.
უკვე 5 წელია თვალყურს ვადევნებ უკანონო და პოლიტიკურ პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ცელკეულ პირებს და როგორც ექსპერტს შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთისთვის ეს თემა ბიზნესი გახდა, ზოგიერთისთვის კი საინფორმაციო სივრცეში ადგილის დამკვიდრების საშუალება. სამწუხაროა, რომ რეალურად უკანონო და პოლიტპატიმრების ბედი ნაკლებად მნიშვნელოვანია მათთვის. დარწმუნებული ვარ, თუ აღნიშნულ სიას მართალაც მიუკერძოებლად შეისწავლიან ნათლად დაინახავენ, რომ სიაში ის პირებიც არიან შეყვანილები, რომლებსაც არანაირი კავშირში არ აქვთ პოლიტპატიმრობასთან. ამიტომ არ მინდა, მართლაც რომ პოლიტპატიმრების სახელი ვინმემ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს, „კონსტიტუციის 42–ე მუხლს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ჩემი საკითხი ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად.
პატივისცემით,
პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი
2012 წლის 22 ნოემბერი