For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.
თავი მეოთხე
დიქტატურის სისუსტეები
ხშირად ისე ჩანს, რომ დიქტატორისთვის მცირედი ზიანის მიყენებაც კი შეუძლებელია. სპეცსამსახურები, პოლიცია, შეაიარაღებული ძალები, ციხეები, საკონცენტრაციო ბანაკები და სიკვდილის ესკადრონები - ერთ მუჭა ხელისუფლებას ექვემდებარებიან. დიქტატორის მიერ ხშირად ხდება ქვეყნის ფინანსების, ბუნებრივი რესურსების და საწარმოო სიმძლავრეების თვითნებური კონფისკაცია და საკუთარი ნება-სურვილის შესასრულებლად გამოყენება.
მეორე მხრივ, დემოკრატიული ძალები ხშირად ძალზედ სუსტად, არაეფექტურად და უსუსურად გამოიყურებიან. ვითარების ამგვარი აღქმა ოპოზიციის ეფექტურობას ნაკლებად რეალურს ხდის.
და ეს კიდევ ყველაფერი არაა.
როგორ უნდა მოიძებნოს აქილევსის ქუსლი
უძლეველის მოწყვლადობის ნათლად ილუსტრირებას ახდენს კლასიკური ბერძნული მითი. აქილევსის დაჭრა არანაირი დარტყმით იყო შესაძლებელი, მის კანს ვერც ერთი ხმალი ჭრიდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დედამ იგი ჯადოსნურ მდინარეში განბანა, რითიც ყველა საფრთხისგან დაიცვა. მაგრამ რჩებოდა ერთი გამონაკლისი: ბავშვი წყალს რომ არ წაეღო, ქუსლით ეჭირათ, რის გამოც ჯადოსნური წყალი ვერ შეეხო სხეულის ამ მცირე ნაწილს. როდესაც აქილევსი გაიზარდა, შეუძლებელი გახდა მისი რაიმე იარაღით ძლევა. მაგრამ ტროას წინააღმდეგ ბრძოლისას, მტრის ჯარისკაცმა, რომელმაც იცოდა ეს სუსტი მხარე, ისარი სტყორცნა აქილევსს დაუცველ ქუსლში. ჭრილობა სასიკვდილო გამოდგა და მას შემდეგ გამოთქმა „აქილევსის ქუსლი“ ადამიანის, გეგმის ან ინსტიტუციის მოწყვლად ადგილს ნიშნავს.
ეს დაუნდობელ დიქტატორსაც ეხება. თუ ტირანის სისუსტე გამოვლენილია, მაშინ, მინიმალური დანაკარგებით, მისი დამარცხება და საბოლოო განადგურებაც უმოკლეს დროშია შესაძლებელი.
დიქტატურის სისუსტეები
დიქტატურის სისუსტე შემდეგში მდგომარეობს:
- მრავალ ადამიანს, ჯგუფს და ინსტიტუციას, ვისთან თანამშრომლობაც აუცილებელია სისტემის სამართავად, შეუძლია ეს თანამშრომლობა შეზღუდოს ან შეწყვიტოს.
- რეჟიმის პოლიტიკის მოთხოვნები და შედეგები მას ხელს უშლიან მანევრირებასა და უფრო მოქნილი მოქმედების განხორცილებაში.
- სისტემა შეიძლება გახდეს ინერტული, ანუ ნაკლებუნარიანი იმისათვის, რომ ახალ ვითარებას სწრაფად მოერგოს.
- ერთი, გარკვეული ამოცანის შესასრულებლად გამოყოფილი ხალხის, ისევე როგორც რესურსების, სხვა საჭიროებისათვის გადამისამართება იოლი არ არის.
- ხელმძღვანელობის განრისხების შიშით, ხელქვეითებმა შეიძლება არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდონ, რაც ხელს უშლის დიქტატორს მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.
- იდეოლოგია შეიძლება „გაფერმკრთალდეს“, სისტემის მითები და სიმბოლოები არასტაბილური გახდეს.
- რეალობის აღქმაზე გავლენის მქონე იდეოლოგიისადმი უკიდურესი ერთგულება ხელს უშლის არსებული პრობლემების და მოთხოვნების დანახვას.
- ბიუროკრატიული აპარატის უვიცობასა და უსაზღვრო კონტროლს სისტემის ფუნქციონირება შეუძლიათ უკიდურესად შეასუსტონ.
- შიდა კონფლიქტებს და პირად მეტოქეობას შეუძლიათ დააზიანონ დიქტატურის ფუნქციონირება და მისი რღვევაც კი გამოიწვიონ.
- ინტელიგენციასა და სტუდენტებს შეუძლიათ მწვავე რეაგირება მოახდინონ შეზღუდვებზე, დოქტრინიორობაზე და რეპრესიებზე.
- საზოგადოება, დროთა განმავლობაში, რეჟიმთან მიმართებაში შეიძლება აპათიური, სკეპტიკური და მტრულად განწყობილიც კი გახდეს.
- შესაძლებელია გამწვავდეს რეგიონალური, კლასობრივი, კულტურული ან ნაციონალური კონფლიქტები.
- დიქტატურის დროს ხელისუფლების იერარქია ბოლომდე სტაბილური არ არის, ხანდახან კი სრულებითაც არ არის სტაბილური. ცალკეული პირები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ წინ მიიწევენ, ან ეცემიან კიდეც. მათ ხშირად საბოლოოდ იცილებენ და ახალი ადამიანებით ცვლიან.
- პოლიციელების ან შეიარაღებული ძალების ნაწილი შეიძლება მოქმედებდეს საკუთარი ინტერესებით, ავტორიტარული დიქტატორის ნების საწინააღმდეგოდ, გადატრიალების შესაძლებლობის ჩათვლით.
- თუ დიქტატურა ახალია, მისი გაძლიერებისათვის დროა საჭირო.
- რადგანაც დიქტატურის პირობებში გადაწყვეტილებას ადამიანების მცირე რაოდენობა იღებს, მათი მოსაზრებები და მოქმედებები, სავსებით შესაძლებელია მცდარი აღმოჩნდეს.
- თუ ამ შეცდომებისათვის თავის არიდების მიზნით რეჟიმი გააფართოვებს კონტროლს, ხელისუფლების ცენტრალური ბერკეტით მართვა კიდევ უფრო გაძნელდება.
თავდასხმა დიქტატორის სისუსტეებზე
ცნობილია რა სუსტი მხარეები, დემოკრატიულ ოპოზიციას შეუძლია წინასწარგანზრახვით შეეცადოს ზეწოლა მიზანმიმართულად აქილევსის ქუსლზე განახორციელოს, რათა სისტემა საფუძვლიანად შეცვალოს ან ბოლომდე ჩამოშალოს.
დასკვნა ნათელია: მიუხედავად გარე ძალისა, ნებისმიერ დიქტატურას დამახასიათებელი სისუსტეები გააჩნია - შიდა არაეფექტურობა, ინსტიტუციონალური არაეფექტურობა, პირადი მტრობა და კონფლიქტები ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის. ამგვარი სისუსტეები დროთა განმავლობაში ამცირებენ რეჟიმის ეფექტურობას და ის ხდება მოწყვლადი პირობების შეცვლის და შეუპოვარი დაუმორჩილებლობის მიმართ. ყველაფერი, რასაც დიქტატურა ბრძანებს, არ სრულდება. მაგალითად, ჰიტლერის პირდაპირი განკარგულებები ყოველთვის არ სრულდებოდა, რადგანაც მისი ხელქვეითები უბრალოდ უარს აცხადებდნენ მათ შესრულებაზე.
ხანდახან, დიქტატორული რეჟიმი სწრაფად ირღვევა, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიქტატურა რისკისა და მსხვერპლის გარეშე დაიმსხვრევა. თავისუფლებისათვის ბრძოლის ნებისმიერი გზა პოტენციურ რისკსა და ტანჯვას ითვალისწინებს და გარკვეულ დროს საჭიროებს. გარდა ამისა, არანაირი მოქმედება არ უზრუნველყოფს სწრაფ და უპირობო წარმატებას. თუმცა, დიქტატურის განსაზღვრულ სისუსტეებზე მიმართულ ბრძოლას გაცილებით მეტი წარმატების შანსი აქვს, ვიდრე დიქტატორის აშკარად ძლიერ მხარეებთან ბრძოლას. საკითხავია, თუ რა სახით უნდა წარვმართოთ ამგვარი ბრძოლა.
თავი მეხუთე
როგორ უნდა იქნას გამოყენებული საკუთარი ძალა
პირველ თავში ვამბობდით, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა დიქტატორს დარტყმას სუსტ წერტილში კი არა, ყველაზე ძლიერ მხარეს აყენებს. ამ დროს წინააღმდეგობის მოძრაობა თვითნებურად ებმება დაპირისპირებაში, სადაც შეჯიბრი მიდის შეიარაღებული ძალების სფეროში, საბრძოლო მასალის მომარაგებაში, შეიარაღების ტექნოლოგიებში და სხვა, რითაც თავს არასახარბიელო პოზიციაში იყენებს. დიქტატურას ამ სფეროებში გაცილებით მეტი რესურსის შეგროვება შეუძლია. ჩვენ იმაზეც ვსაუბრობდით, თუ რამდენად სახიფათოა სხვა ქვეყნის დახმარებაზე დაყრდნობა. მეორე თავში ასევე განვიხილეთ შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების მეშვეობით რეპრესიული რეჟიმის განადგურება.
როგორია გზები, რომლებიც დემოკრატიულ ოპოზიციას მნიშვნელოვან უპირატესობას შესძენენ და დიქტატურის სისუსტეებს გააღრმავებენ? მოქმედების როგორი მეთოდი შეიძლება დაეფუძნოს მესამე თავში განხილულ პოლიტიკური ძალაუფლების თეორიას? ალტერნატივა პოლიტიკური დაუმორჩილებლობაა.
მას შემდეგი თვისებები გააჩნია:
- ის არ დაუშვებს, რომ ბრძოლის შედეგი დიქტატურის მიერ შერჩეული ბრძოლის მეთოდებით გადაწყდეს;
- რეჟიმს უძნელდება მასთან ბრძოლა;
- მას შეუძლია დიქტატურის სისუსტეების გაღრმავება და მისი ძალაუფლების წყაროების გადაკეტვა;
- მას შეუძლია მოქმედების ფართოდ გაშლაც და კონკრეტულ მიზანზე ყურადღების კონცენტრირებაც;
- მას დიქტატორები განსჯასა და მოქმედებაში შეცდომებამდე მიჰყავს;
- მას შეუძლია მთელი მოსახლეობა, კერძოდ საზოგადოებრივი ჯგუფები და ინსტიტუციები ჩააბას ბრძოლაში, რომელმაც უნდა დაამხოს უმცირესობის სასტიკი მმართველობა:
- ის ეხმარება საზოგადოებას ძალაუფლების ბერკეტების გადანაწილებაში, რაც დემოკრატიის აშენებას და მხარდაჭერას მეტად რეალურს ხდის;
როგორ მოქმედებს არაძალადობრივი ბრძოლა
შეიარაღებული ბრძოლის მსგავსად, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა შეიძლება სხვადასხვა მიზნებისათვის იქნეს გამოყენებული. შესაძლებელია გავლენა მოახდინონ მოწინააღმდეგეზე გარკვეული ქმედების გამოწვევის მიზნით; შეიძლება შეიქმნას პირობები კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ან საძულველი რეჟიმის ჩამოსაშლელად და დასამხობად. თუმცა პოლიტიკური დაუმორჩილებლობა ძალადობისაგან განსხვავებით სრულიად სხვა საშუალებებით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხერხი ბრძოლის საშუალებაა, ისინი სხვადასხვა მეთოდს სთავაზობენ და შედეგებიც განსხვავებულია. შეიარაღებული კონფლიქტის მეთოდი და შედეგები კარგადაა ცნობილი. ფიზიკური იარაღი გამოიყენება იმისათვის, რათა დააშინოს, დააზიანოს, დაანგრიოს და გაანადგუროს.
არაძალადობრივი ბრძოლა მეტად რთული და მრავალმხრივია, ვიდრე ძალადობა. ხალხიც და საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც იყენებენ ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ იარაღს, რომელიც ცნობილია პროტესტის, გაფიცვის, ბოიკოტის, თანამშრომლობაზე უარის თქმის, უკმაყოფილების გამოხატვის და სახალხო თვითმმართველობის სახით. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია მართოს იმდენად, რამდენადაც მისი ძალის წყაროებს ავსებენ ცალკეული ადამიანებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამშრომლობა, დაქვემდებარება და მორჩილება. ძალადობისაგან განსხვავებით, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა ფლობს უნიკალურ შესაძლებლობას: ის კეტავს ხელისუფლების ამგვარ წყაროებს.
არაძალადობრივი იარაღი და დისციპლინა
წარსულში პოლიტიკური დაუმორჩილებლობის იმპროვიზირებული კამპანიის გავრცელებული შეცდომა იყო ერთ ან ორ მეთოდზე ფსონის დადება, მაგალითად გაფიცვებსა და მასობრივ დემონსტრაციებზე. სინამდვილეში არსებობს მრავალი მეთოდი, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის სტრატეგებს, საჭიროების შესაბამისად, საშუალებას აძლევს მოახდინონ ბრძოლის კონცენტრირება ან გაშლა.
განსაზღვრულია დაახლოებით ორასი კონკრეტული მეთოდი, მაგრამ არის კიდევ მრავალი სხვა. ეს მეთოდები იყოფა სამ დიდ კატეგორიად: პროტესტი და დარწმუნება, უარის თქმა თანამშრომლობაზე, ჩარევა.
არაძალადობრივი პროტესტისა და დარწმუნების მეთოდი მოიცავს სიმბოლურ დემონსტრაციებს, მათ შორის პროცესიებს, მარშებს, პიკეტებს (54 მეთოდი).
უარის თქმა თანამშრომლობაზე იყოფა ოთხ ქვეჯგუფად:
ა) უარის თქმა სოციალურ თანამშრომლობაზე (16 მეთოდი)
ბ) უარის თქმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის - ბოიკოტი (26 მეთოდი), გაფიცვა (23 მეთოდი)
გ) უარის თქმა პოლიტიკურ თანამაშრომლობაზე (38 მეთოდი)
არაძალადობრივი ჩარევა ისეთი ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა შიმშილობა, არაძალადობრივი ოკუპაცია და პარალელური თვითმმართველობა (41 მეთოდი), ქმნის ბოლო ჯგუფს. ამ 198 მეთოდის სია თანდართულია აღნიშნულ პუბლიკაციაში.
თუ გამოყენებულ იქნა ბევრი მეთოდი - გულმოდგინედ შერჩეული, მუდმივად და ფართოდ გამოყენებადი, გონივრულ სტრატეგიასა და შესაბამის ტაქტიკის კონტექსტში ჩართული, დატრეინინგებული მოქალაქეების მიერ განხორციელებული - მაშინ ნებისმიერი არალეგიტიმური რეჟიმისათვის სერიოზული პრობლემის შექმნაა შესაძლებელი. ეს ყველა სახის დიქტატურას ეხება.
შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებისაგან განსხვავებით, კონცენტრირება არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდების ძირითად საკითხებზე, მოსახერხებელია. მაგალითად, დიქტატურის პრობლემა ძირითადად პოლიტიკურ სიბრტყეშია, ამიტომაც აუცილებელია გამოყენებულ იქნას არაძალადობრივი ბრძოლის პოლიტიკური მეთოდები, ეს მოიცავს დიქტატორის ლეგიტიმურობის არაღიარებას და რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის თქმას. თანამშრომლობაზე უარის თქმა შესაძლებელია მიმართული იყოს რაიმე გარკვეული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, დროდადრო, გახმაურების გარეშე და საიდუმლოდაც კი მიზანმიმართული შეჩერებებისა და გადავადების განხორციელებით. ხანდახან კი ყველას თვალწინ, სახალხო დემონსტრაციისა და გაფიცვის მოწყობით.
თუ დიქტატურაზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაა მოსახერხებელი, ან ხალხი ძირითადად ეკონომიკითაა უკმაყოფილო, არსებულ სიტუაციას ყველაზე უფრო ეკონომიკური მოქმედება, ვთქვათ ბოიკოტი ან გაფიცვა, მიესადაგება. დიქტატორის მცდელობაზე, გამოიყენოს ეკონომიკური სისტემა, შეიძლება პასუხი გაეცეს საერთო, თუმცა ლიმიტირებული გაფიცვებით, მუშაობის შენელებით და მუშაობაზე უარის თქმით, აგრეთვე ცნობილი ექსპერტების მიერ დახმარებაზე უარის თქმით ან მათი გაუჩინარებით. გაფიცვების სხვადასხვა სახის სელექციური გამოყენება საჭიროა მაშინ, როდესაც წარმოება, გადაზიდვები, ნედლეულის მიწოდება და პროდუქციის განაწილება განსაკუთრებით ინტენსიურია.
არაძალადობრივი ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი მოითხოვს მოქმედებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არ არის. საჭირო ხდება პროკლამაციების დარიგება, შიმშილობის გამოცხადება, ქუჩაში მჯდომარე გაფიცვების მოწყობა, იატაკქვეშა ტიპოგრაფიაში მუშაობა. ამის გაკეთება ყველასთვის იოლი არ არის, თუ განსაკუთრებულ ვითარებაზე არ არის საუბარი.
არაძალადობრივი ბრძოლის სხვა მეთოდები მოითხოვს, რომ ხალხი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდეს, თუმცა მცირედ განსხვავებულად. მაგალითად, მათ შეუძლიათ მივიდნენ სამსახურში, მაგრამ მუშაობდნენ ნელა და უარესად ან ხშირად „უშვებდნენ შეცდომებს“. ვიღაცა უცბად „ავად გახდეს“, ან „ვერ შეასრულოს“ სამუშაო, ან სულაც უარი განაცხადოს მუშაობაზე. ვიღაცამ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში, რომელიც არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ რწმენასაც გამოხატავს. შეიძლება პროპაგანდისაგან ბავშვების დაცვა მათი სახლში სწავლებით ან იატაკქვეშა სკოლებში მიყვანით. ვიღაცამ შეიძლება უარი თქვას გარკვეულ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არა მხოლოდ „რეკომენდაციას“ უწევენ, არამედ მოითხოვენ კიდეც. ამგვარი, სავსებით ჩვეულებრივი მოქმედებები და მცირედი გადახრები ნორმალური ცხოვრებიდან ბევრ ადამიანს გამათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად უიოლებს.
რადგანაც არაძალადობრივი ბრძოლა და ძალადობა ფუნდამენტურად სხვადასხვანაირად ხორცილდება, შეზღუდული ძალადობრივი წინააღმდეგობაც კი კონტრპროდუქტიული იქნება, რადგანაც ბრძოლას მიმართავს იმ სფეროსკენ, სადაც დიქტატურას აბსოლიტური უპირატესობა გააჩნია. არაძალადობრივი მოქმედების დისციპლინა წარმატების გასაღებია და მიუხედავად პროვოკაციებისა და სისასტიკისა დიქტატორის ან მისი აგენტების მხრიდან, იგი შენარჩუნებულ უნდა იყოს.
თუ ბრძოლა მიმდინარეობს მტერთან, რომელიც ძალადობას იყენებს, ჩვენ ვიცავთ არაძალადობრივ დისციპლინას, ის უზრუნველყოფს ოთხი მექანიზმის მოქმედებას (იხილეთ ქვევით). არაძალდობრივი მოქმედების დისციპლინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჯიუ-ჯიცუს დროსაც, ანუ მაშინ, როდესაც რეჟიმის ღია სისასტიკე აშკარა არაძალადობრივი მოქმედებების საწინააღმდეგოდ დარტყმას აყენებს დიქტატორის პოზიციას, იწვევს რა უკმაყოფილებას მის გარემოცვაში და წინააღმდეგობის მოძრაობის თანამგრძობი რეჟიმის უფრო და უფრო მეტი მომხრე და ნეიტრალური ადამიანი ხდება.
თუმცა, ხანდახან, შეზღუდული ძალადობა გარდაუვალია. რეჟიმის მიმართ რისხვას და სიძულვილს შეუძლია გამოიწვიოს აფეთქება. გარდა ამისა ზოგიერთ ჯგუფს სურს გააგრძელოს ძალადობრივი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებენ არაძალადობრივი ბრძოლის მნიშვნელობას. ამგვარ შემთხვევებში არ არის აუცილებელი უარი ვთქვათ პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ საჭიროა რაც შეიძლება დაშორიშორდეს ძალადობრივი და არაძალადობრივი მოქმედებები. ეს ეხება ადგილმდებარეობასაც, დროსაც, მონაწილეებსაც და თავად შინაარსსაც. სხვაგვარად ძალადობას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს პოტენციურად საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაუმორჩილებლობა.
ისტორიული მონაცემები აჩვენებენ - მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის დროს მოსალოდნელია ადამიანური მსხვერპლი და ჭრილობები, ეს გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე შეიარაღებული მოქმედებებისას. გარდა ამისა, ბრძოლის მოცემული ტიპი მკვლელობებისა და სისასტიკის დაუსრულებელ ციკლს არ ახანგრძლივებს.
არაძალადობრივი ბრძოლა მოითხოვს შიშის გაქრობას ხელისუფლებისა და მისი რეპრესიების მიმართ (ან მისი გაკონტროლების უნარის შეძენას). შიშის ამგვარი გაქრობა ან მისი გაკონტროლება - დიქტატორის ძალაუფლების დამსხვრევის საკვანძო ელემენტია.
გახსნილობა, საიდუმლოების დაცვა და მაღალი სტანდარტები
არაძალადობრივი მოქმედებისას საიდუმლოების დაცვა, დეზინფორმაცია და იატაკქვეშა საქმიანობა რთულ პრობლემებს ქმნიან. ზოგჯერ პოლიციისაგან და საიდუმლო სამსახურებისაგან საკუთარი გეგმებისა და ზრახვების დაფარვა შეუძლებელი ხდება. საიდუმლოების დაცვა დაფუძნებულია შიშზე, უფრო მეტიც, ის მას აძლიერებს, ამიტომაც აქრობს წინააღმდეგობის სურვილს და ამცირებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც შესაძლოა მონაწილეობა მიეღოთ ამა თუ იმ აქციაში. გარდა ამისა ის აღვივებს ეჭვს (ხშირად უსამართლოდ); ადამიანებს ადანაშაულებენ, რომ ისინი „ჩამშვებნი“ არიან. მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის. საიდუმლოების დაცვამ შესაძლოა, თავის მხრივ, ძალადობა გამოიწვიოს. გეგმებსა და განზრახვებზე ღიად საუბარი კი არა მხოლოდ მოკლებულია ამ საფრთხეებს, არამედ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის ადეპტები ძალიან ძლიერნი არიან. რა თქმა უნდა, პრობლემა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩანს და არსებობს მნიშვნელოვანი ასპექტები რომელთა დაფარვაც აუცილებელია. მათ, ვინც გარკვეული არიან არაძალადობრივი ბრძოლის დინამიკაში და დიქტატურის შესაძლებლობებშიც, ნებისმიერი ვითარება აუცილებლად საიმედო მონაცემებზე დაყრდნობით უნდა შეაფასონ.
საიდუმლოების დაცვას მოითხოვს მაგალითად, იატაკქვეშა პუბლიკაციების რედაქტირება, ბეჭდვა და გავრცელება, არალეგალური რადიოგადაცემების გამოყენება და დიქტატურის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება.
კონფლიქტის ყველა სტადიაზე აუცილებელია დაცულ იქნას მაღალი მორალური სტანდარტები. ისეთი ფაქტორები როგორიცაა ვთქვათ, სიმამაცე და დისციპლინა, ყოველთვისაა საჭირო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხშირად მოქმედებებში მონაწილეობა ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს. მათი საიმედობა მაღალ სტანდარტებზე პირდაპირაა დამოკიდებული.
ძალთა თანაფარდობა და მათი შეცვლა
სტრატეგებს უნდა ახსოვდეთ, რომ კონფლიქტს, სადაც გამოიყენება პოლიტიკური დაუმორჩილებლობა, მოქმედების და საწინააღმდეგო ქმედების მუდმივად ცვალებადი ბრძოლის ველი გააჩნია. ერთ ადგილზე არაფერი ჩერდება. ძალთა აბსოლუტური და შედარებითი ფარდობაც მუდმივად და სწრაფად იცვლება. ეს შესაძლებელია, თუ რეპრესიების მიუხედავად, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები ჯიუტად არაძალადობის მიმდევარნი რჩებიან.
ამგვარ სიტუაციაში ძალთა ცვლილება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალადობის გამოყენებით მიმდინარე კონფლიქტებში და შედარებით სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა, ცალკეულ მოქმედებას მოწინააღმდეგეთა მხრიდან შეიძლება ჰქონდეს შედეგი, რომელიც კონკრეტული დროის და ადგილის ჩარჩოებს საკმაოდ სცილდება; ეს შედეგები მომავალში გააძლიერებენ ან შეასუსტებენ ამა თუ იმ ჯგუფს.
გარდა ამისა, არაძალადობრივად მოქმედ ჯგუფს, საკმაო დოზით შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს მოწინააღმდეგის შედარებითი ძალა. მაგალითად დიქტატურის სისასტიკისადმი დისციპლინარული და გულადი წინააღმდეგობის გაწევა, ზოგ შემთხვევაში, ჩვეულებრივ ადამიანებში და ჯარისკაცებშიც კი იწვევს წუხილს, უკმაყოფილებას, უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ ან პირდაპირ პროტესტს. ამან შეძლება გამოიწვიოს დიქტატურის დაგმობა სხვა ქვეყნებშიც. გარდა ამისა, გონიერ დისციპლინირებას და მუდმივ დაუმორჩილებლობას შეუძლიათ მოიზიდონ ადამიანები, რომლებიც პასიურად უჭერდნენ მხარს დიქტატურას ან რჩებოდნებ ნეიტრალურნი.
ცვლილების ოთხი მექანიზმი
არაძალადობრივი ბრძოლა ცვლილებებს ოთხი ხერხით იწვევს. პირველი მექანიზმი ნაკლებად რეალურია, თუმცა ამგვარ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა. თუ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მონაწილეთა ტანჯვა და სიმამაცე იმოქმედებს მტრის მომხრეებზე ან ამ უკანასკნელთ დაარწმუნებენ მოძრაობის სამართლიანობაში, მათ შეიძლება გაიზიარონ მოწინააღმდეგეთა მიზნები, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ. ამგვარ მექანიზმს რწმენის შეცვლას ეძახიან. ის ძალზედ იშვიათია. უმეტეს კონფლიქტებში მას საერთოდ არ აქვს ადგილი, ან, თითქმის არ ხდება.
ხშირად არაძალადობრივი ბრძოლა იმგვარად ცვლის ვითარებასაც და საზოგადოებასაც, რომ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ, ისე არ შეუძლია მოქმედება, როგორც სურდა. სწორედ ამ ცვლილებას მოჰყავს მოძრაობაში შემდეგი სამი მექანიზმი: შეწყობა, არაძალადობრივი იძულება და გახრწნა. რომელიმე მათგანის გააქტიურება დამოკიდებულია იმაზე, რა ხარისხით იცვლება ძალთა შედარებითი და აბსოლუტური შეფარდება დემოკრატების სასარგებლოდ.
თუ დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არ დგას, ოპოზიციის მოთხოვნები არც ისე დიდია, ხოლო დაპირისპირებამ გარკვეულწილად შეცვალა ძალთა თანაფარდობა, კონფლიქტის მოგვარება ურთიერთშეთანხმების გაფორმებით, გარიგებით ან კომპრომისითაა შესაძლებელი. ამ მექანიზმს შეწყობას ეძახიან. გაფიცვების დიდი ნაწილი სწორედ ასე მთავრდება, ამასთან თითოეული მხარე რაღაც მიზანს აღწევს, მაგრამ არა ყველაფერს. ხელისუფლება ხშირად ამგვარ შეთანხმებაში გარკვეულ უპირატესობას ხედავს, ის ანელებს დაძაბულობას, ქმნის „სამართლიანობის“ შეგრძნებას, ან აუმჯობესებს რეჟიმის საერთაშორისო რეპუტაციას. ამიტომაც, საჭიროა ძალზედ გულმოდგინედ იქნას შერჩეული ის პრობლემები, რომლებიც ამ გზით გადაწყდება. დიქტატურის დამხობისათვის ბრძოლა ამ პრობლემებს არ მიეკუთვნება.
არაძალადობრივი ბრძოლა შეიძლება აღმოჩნდეს გაცილებით მძლავრი, ვიდრე ამას შეწყობის მექანიზმი მიუთითებდა. თანამშრომლობაზე მასობრივად უარის თქმას და პირდაპირ დაუმორჩილებლობას იმდენად შეუძლიათ შეცვალონ სოციალური და პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებით - ძალთა თანაფარდობა, რომ დიქტატურას უკვე არ ძალუძს ხელისუფლებაში და საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესები გააკონტროლოს. მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები შესაძლოა გახდეს იმდენად არასაიმედო, რომ ისინი უბრალოდ შეწყვეტენ ბრძანებებზე დამორჩილებას, ანუ არ დასჯიან წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებს. მიუხედავად იმისა, რომ დიქტატურის მხარდამჭერი ლიდერები რჩებიან ხელისუფლებაში და ძველებურად ცდილობენ თავიანთ საწყისი მიზნების განხორციელებას, ისინი ეფექტურად მოქმედების უნარს კარგავენ. ამას არაძალადობრივ იძულება ჰქვია.
ცალკეულ უკიდურეს ვითარებაში არაძალადობრივი იძულების პირობები კიდევ უფრო მეტს იძლევა. მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობა კარგავს მოქმედების უნარს და ხელისუფლების სტრუქტურა ჩამოიშლება. თვითმმართველობა, უარის თქმა თანამშრომლობაზე და დაუმორჩილებლობა იმდენად ძლიერი ხდება, რომ მოწინააღმდეგეს მათზე კონტროლის მცირე შესაძლებლობაც კი არ რჩება. ბიუროკრატული აპარატი უარს ამბობს ხელმძღვანელობის მორჩილებაზე. სამხედროები და პოლიციელები აჯანყდებიან. მოწინააღმდეგის ტრადიციული მიმდევარნი უარს ამბობენ ძველ ლიდერებზე, არ აღიარებენ რა მათ უფლებას ხელმძღვანელობაზე. ამით მათი მხრიდან რეჟიმის მიმართ დახმარება და მორჩილება წყდება. ცვლილების მეოთხე მექანიზმი - სისტემის გახრწნა - იმდენად ეფექტურია, რომ რეჟიმს ძალა დანებებისთვისაც კი არ რჩება. ის უბრალოდ იფშვნება.
გათავისუფლების სტრატეგიის დაგეგმვისას ეს ოთხი მექანიზმი გათვალისწინებულ უნდა იყოს. ხანდახან ისინი შემთხვევით ამოქმედდებიან, რომელიმეს, ან რამოდენიმე მათგანის განზრახ შერჩევა კი იძლევა შესაძლებლობას მოხდეს კონკრეტული ან ურთიერთშემავსებელი სტრატეგიის ელემენტების ფორმულირება. მექანიზმის (ან მექანიზმების) შერჩევა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის ძალთა აბსოლუტურ და შედარებით თანაფარდობზე, აგრეთვე არაძალადობრივი ბრძოლის წამმართველი ჯგუფის მეთოდებსა და მიზნებზე.
პოლიტიკური დაუმორჩილებლობის დემოკრატიზირებადი ეფექტი
ძალისმიერი მოქმედება არის გზა ცენტრალიზაციისაკენ, ხოლო არაძალადობრივი ბრძოლა ხელს უწყობს საზოგადოების დემოკრატიზაციას რამოდენიმე მიმართულებით.
ამგვარი ზემოქმედების ერთი მხარე უარყოფითია (არა შეფასებით, არამედ პირდაპირი აზრით). ძალისმიერი მეთოდებისგან განსხვავებით, ეს ტექნიკა მოძრაობის ხელმძღვანელებს არ აძლევს საშუალებებს განახორციელონ რეპრესიები, რასაც შეეძლო დახმარებოდა დიქტატურის დამყარებაში ან ხელი შეეწყო მისი არსებობისათვის. მოძრაობის ლიდერებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ან ზეწოლა მოახდინონ თავიანთ მომხრეებზე, მაგრამ არ შეუძლიათ მათთვის თავისუფლების აღკვეთა ან მათი სიკვდილით დასჯა, იმის გამო, რომ მომხრეებმა სხვა ლიდერი აირჩიეს.
მეორე მხარე - დადებითია. არაძალადობრივი ბრძოლა ხალხს აძლევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, არსებული ან პოტენციური დიქტატორის წინააღმდეგ, საკუთარი თავისუფლების მისაღწევად და დასაცავად. აი, არაძალადობრივი ბრძოლის დადებითი დემოკრატიზაციის რამდენიმე ეფექტი:
- მუქარებისა და რეპრესიების მიმართ პირისპირ დგომამ შეიძლება ადამიანებს თავდაჯერებულობა აუმაღლოს;
- არაძალადობრივი ბრძოლა იძლევა დაუმორჩილებლობის და არათანამშრომლობის საშუალებებს, რომელთა მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ წინააღმდეგობა ნებისმიერ დიქტატორულ ჯგუფს გაუწიონ;
- არაძალადობრივი ბრძოლის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ რეპრესირებული მმართველობის დროს დამკვიდრდეს დემოკრატიული თავისუფლება, მაგალითად სიტყვის თავისუფლება, ბეჭვდის (პრესის) თავისუფლება, დამოუკიდებელი ორგანიზაციების თავისუფლება და შეკრების თავისუფლება;
- არაძალადობრივი ბრძოლა ხელს უწყობს საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფებისა და ინსტიტუციების გადარჩენას, აღორძინებას და გაძლიერებას. ისინი მნიშვნელოვანნი არიან დემოკრატიისათვის, რადგანაც შეუძლიათ მოახდინონ მოსახლეობის ძალების მობილიზება და შეზღუდონ პოტენციური დიქტატურის რეალური ძალაუფლება;
- არაძალადობრივი ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომლის დახმარებითაც ადამიანებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ დიქტატორული მმართველობის პოლიციურ და სამხედრო რეპრესიულ აქციებზე;
- არაძალადობრივი ბრძოლა იძლევა მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც ცალკეულ პირებს და დამოუკიდებელ ინსტიტუციებს შეუძლიათ დემოკრატიის ინტერესებისათვის შეზღუდონ ან გადაკეტონ მმართველი ელიტის ძალის წყაროები, დააყენებენ რა მისი მმართველობის შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ.
არაძალადობრივი ბრძოლის სირთულე
როგორც ამ განხილვიდან ვნახეთ, არაძალადობრივი ბრძოლა სოციალური მოქმედებების რთული მექანიზმია. ის მოიცავს მრავალ მეთოდს, ხერხს და მორალურ მოთხოვნას. იმისათვის, რომ ეს ბრძოლა გახდეს ეფექტური, განსაკუთრებით დიქტატურის წინააღმდეგ, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გულმოდგინე დაგეგმვას და მომზადებას საჭიროებს. მომავალ მონაწილეებს უნდა ესმოდეთ, თუ რას მოითხოვენ მათგან. მათ უნდა მოიძიონ საჭირო რესურსები. სტრატეგებმა თავიდანვე უნდა გააკეთონ ანალიზი, თუ მეტი ეფექტის მისაღებად როგორ უნდა გამოიყენონ არაძალადობრივი ბრძოლა.
ახლა ყურადღება გადავრთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტზე - სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობაზე. (გაგრძელება იქნება)