ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები - ოპოზიცია კონსულტაციას იწყებს

ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები - ოპოზიცია კონსულტაციას იწყებს

ოპოზიცია საერთო კანდიდატების აუცილებლობაზე საუბრობს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყანაში ოდირის დასკვნა ჩამოვიდა. ინიციატივა „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის, სადაც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარსდგნენ.

ოთარ კახიძის განმარტებით, დემოკრატიული თამაშის წესების წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების შესაჩერებლად, აუცილებელია გაერთიანება და საერთო მაჟორიტარებზე შეჯერება.

„პროპორციული სისტემა საშუალებას მოგვცემდა პოლიტიკური პარტიები გამოვსულიყავით სხვადასხვა საარჩევნო პროგრამებით, გვქონოდა იდეების კონკურენცია, ამომრჩევლებისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი ხედვები, განსხვავებული შეხედულებები და ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა, როდესაც პროპორციული უკან წაიღო.

ახლა ისეთ სისტემას გვახვევს თავს, რომლითაც უნდა, რომ მესამედი მხარდაჭერით აიღოს უმრავლესობა. ანუ 10 ადამიანიდან 7 რომ მხარს არ გიჭერს და მაინც უმრავლესობა გაქვს, ასეთ სისტემას გვთავაზობს. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, ასეთი სიმახინჯე არ დაუშვას“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დასამარცხებლად ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების იდეას მზარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ცხადია, ოპოზიციამ საერთო ფორმატით უნდა ისაუბროს გამარჯვების საერთო პერსპექტივების თაობაზე, თუმცა კონკრეტულად რა ფორმატზე შეიძლება იყოს საუბარი, შემდეგ გამოჩნდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა და ის სისტემა, რომელიც ოპოზიციის მიმართ არის წარდგენილი, ხელისუფლებას დავათმობინოთ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ცხოვრება უკვე წარსულია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, ოპოზიციამ საერთო ფორმატით უნდა ისაუბროს გამარჯვების საერთო პერსპექტივებზე. რა ფორმატი იქნება ეს, შემდეგში გამოჩნდება. ჯერ აუცილებელია სერიოზული ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოვგლიჯოთ დემოკარტიის ეს მნიშვნელოვანი ფორმულა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების წარდგენა მარტივი გზა არ არის. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია შეინარჩუნებს ამ ერთობას და ოპოზიციური ერთობა ნამდვილად მიაღწევს იმას, რომ ერთმმართველად ვეღარ დარჩება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და უზურპირება არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ექნება.

„განიხილება ერთიანი კანდიდატების მხარდაჭერის საკითხი. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ თუ ეს დარჩება ერთადერთ გზად, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხოს ხელისუფლების უზურპაცია, ამისთვის ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ხელისუფლება გონს მოვა, პირველ ეტაპზე ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. მოვუწოდებ ხელისუფლებას იყოს ადეკვატური და გონივრულ კომპრომისებზე გამოსავალი ვეძებოთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატზე შეთანხმდება, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მათ წარმატების შანსი აქვთ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს იქნება მათი ლუსტრაცია და რეალური სახის ჩვენება.

„თვითონვე აღიარებენ თავისი პირით, როცა, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მხოლოდ 20 და 35%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და თავადვე ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის „ქართული ოცნების“ უპირატესობა. ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ შეესაბამება. თავისსავე ლოგიკაში ირევიან. ოპოზიციისგან საერთო კანდიდატზე შეჯერება და რუსულ ძალებთან კოალიციაში შესვლაში გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გია ვოლსკის არ მოსწონს იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატს შეარჩევს, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებიდან მოძღვრავენ საზოგადოებას. ვოლსკის თქმით, მეორეხარისხოვანია მას ეს მოსწონს თუ არა, მთავარია საზოგადოებამ თავისი პოზიცია საარჩევნო ყუთებთან დააფიქსიროს.

„თუკი ისინი ნებისმიერი გაერთიანებული ძალებით საერთო კანდიდატს დააყენებენ, ეს უკვე კონსტრუქციულია. ვიომოთ საარჩევნო ველზე. საზოგადოებას ვკითხოთ, ხალხს თავისი პოზიცია საარჩევნო ყუთებთან გამოვახატინოთ. მე რაც არ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს, მეორეხარისხოვანი საკითხია. არ მომწონს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ერთიან კანდიდატს შეარჩევენ იმიტომ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებიდან გვმოძღვრავენ. ე.ი. ცრუობენ. თუმცა ეს მეორეხარისხოვანია. რა კონიუნქტურითაც უნდათ, რა შემადგენლობითაც უნდათ გამოვიდნენ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე და იქ იომონ და არა პიკეტირება მოაწყონ საკანონმდებლო ორგანოსთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ მომწიფდება გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით წარსდგეს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება. მისი თქმით, ანალოგიური განცხადებები ადრეც ისმოდა ოპოზიციისგან, რომ ამ სისტემითაც გაიმარჯვებდნენ, თუმცა ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ არსებულ წესებზე უნდა გაიმარჯვოს და მერე იფიქროს მათ შეცვლაზე.

„თუკი ლაპარაკია პოლიტიკურ პროცესზე, ჯერ უნდა გაიმარჯვო იმ წესზე, რა წესიც არსებობს და მერე უნდა შეცვალო ეს წესი ისე, როგორც თვლის საჭიროდ, თუმცა ოპოზიციას საერთოდ შანსი აქვს თუ არა გამარჯვების, ეს არის დღეს მსჯელობის საგანი. ბევრი ანალიტიკოსი კრიტიკულად აფასებს ამ შანსებს, რადგან პარტიების და მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მიმართ ზოგადი დამოკიდებულება ნეგატიურია. ამიტომ, შეიძლება, ოპოზიციასაც გაუჭირდეს გამარჯვება. არც ხელისუფლება უნდათ, არც ოპოზიცია, მაგრამ როგორც წესი, ხელისუფლებას მაინც თავის სახელისუფლებო ხიბლი მოყვება ხოლმე და ეს ოპოზიციას არ გააჩნია, ამიტომ სრულიად თანაბარ პირობებშიც კი ხელისუფლებისკენ იხრება ხოლმე სასწორი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ზურაბი ერთერთი მაჟორიტარი აუცილებლად "კასტილიანი" კაცი უნდა იყოს. უკონკურენტოა.
4 წლის უკან