მეცხრე წლისთავი ილუზიების სასაფლაოზე

მეცხრე წლისთავი ილუზიების სასაფლაოზე

ცხრა წლის წინ საქართველოში «ვარდების რევოლუცია» მოხდა. წლევანდელი 23 ნოემბერი «ნაციონალური მოძრაობის» თავკაცებისთვის გამჭოლი სევდისა და სიცარიელის შეგრძნებას უკავშირდება. ფორმალურად ისინი, რასაკვირველია, აღნიშნავენ ამ უხალისო მეცხრე წლისთავს, თუმცა საზეიმო განწყობა, სავარაუდოდ, არ ექნებათ, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, 23-ში იფიქრებენ არა იმაზე, რას მიაღწიეს, არამედ იმაზე, რაც დაკარგეს. მათი ოპონენტების უმრავლესობა ამ თარიღს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევს, ხოლო დანარჩენები ისარგებლებენ საბაბით, რათა ყოფილი მმართველები კიდევ ერთხელ გააკრიტიკონ. ალბათ, ჯერ კიდევ ძალიან შორია ის დღე, როდესაც ქართველი ექსპერტები ობიექტურად, პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებისა და ემოციების გარეშე იმსჯელებენ იმაზე, რა მოხდა საქართველოში 2003 წლის შემოდგომაზე და რა შედეგი მოუტანა ამან ქვეყანას, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით ნამდვილად ღირს, რადგან ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და მას მატიანედან ვერ ამოვშლით, თუნდაც ბევრ ჩვენგანს ამის დაუოკებელი სურვილი ჰქონდეს.

რევოლუციის სახელით

ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ყელში ამოუვიდა სიტუაცია, რომელშიც ქვეყანა 2003 წლამდე ცხოვრობდა, საიდუმლო არავისთვისაა. არც ისაა გასაკვირი, რომ გაჭირვების, კორუფციის, უსამართლობისა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის ფონზე საზოგადოებაში ცვლილებების მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა კონსენსუსი იმაზე, თუ რა მეთოდებით უნდა განხორციელებულიყო ცვლილებები, არ არსებობდა: ზოგი რადიკალურ მეთოდებს ემხრობოდა, ზოგი კი არჩევანს ნელი, ევოლუციური ხასიათის ცვლილებების სასარგებლოდ აკეთებდა.

ამ უკმაყოფილებას ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაემატა:

ბუშის ადმინისტრაციის მოწადინება, - პოსტსაბჭოთა სივრცეში «ფერადი რევოლუციების» ტალღა ააგოროს და ედუარდ შევარდნაძის თანხმობა ხელისუფლება «ახალგაზრდა რეფორმატორების» ჯგუფს გადააბაროს. ამის გარეშე «ვარდების რევოლუცია», საკმაოდ დიდი ალბათობით, არ მოხდებოდა.

დღეს ბევრი კომენტატორი ირონიულად უდგება ტერმინ ,,რევოლუციის» გამოყენებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით და მართლაც ძნელია უწოდო «ნამდვილი რევოლუცია» პროცესებს, რომელთა დროს «რევოლუციონერებს» დახმარებას მოქმედი ხელისუფლება და უძლიერესი ზესახელმწიფო უწევს, ხოლო წინააღმდეგობა, რომელიც მათ უნდა დაძლიონ, მხოლოდ სიმბოლურ, ფორმალურ ხასიათს ატარებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება, ალბათ, არა ხელისუფლებაში მოსვლის ფორმებს და ცალკეული პოლიტიკოსების რიტორიკას უნდა მივაქციოთ (ამ თვალსაზრისით, ეს მართლაც რომ ოპერეტა იყო), არამედ იმას, რომ რევოლუცია, კლასიკური განსაზღვრების თანახმად, გულისხმობს რადიკალურ, არსებით ცვლილებებს და აშკარა დაშორებას იმ მდგომარეობისგან, რომელშიც საზოგადოება ადრე იმყოფებოდა.

ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინის გამოყენება «ფერად რევოლუციებთან» მიმართებაში მის დევალვირებას ახდენს, რადგან ამ შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის ცვლილებების ფორმა და არა მათი შინაარსი. კარგ მაგალითს, ამ მხრივ, ყირგიზეთის «ტიტების რევოლუცია» გვაძლევს. ეს ტერმინი 2005 წლის მოვლენებთან მიმართებაში საყოველთაოდ დამკვიდრდა (2010 წლის «ნესვების რევოლუციისგან» განსხვავებით), მაგრამ (მაგალითად) მაიკლ მაკფოლი, ექსპერტი დემოკრატიის გავრცელების საკითხებში და აშშ-ს ამჟამინდელი ელჩი რუსეთში, მიიჩნევს, რომ ამ მოვლენებს არ შეიძლება «რევოლუცია» ეწოდოს.

აქ საქმე მხოლოდ ტერმინებში როდია. მსჯელობას ამ თემაზე საინტერესო კითხვებამდე მივყავართ: იყო თუ არა «ვარდების რევოლუცია» რევოლუცია საერთოდ? სად მთავრდება ფორმა და დემონსტრაციული, ლამის თეატრალური განშორება წარსულთან და იწყება რეალური, არსებითი ხასიათის ცვლილებები?

ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერდა: «მხოლოდ იქ, სადაც წარმოდგენილია განახლების პათოსი და განახლება თავისუფლების იდეას ერწყმის... და გათავისუფლება დათრგუნვისგან სულ მცირე მიზნად თავისუფლების დამკვიდრებას ისახავს, ჩვენ გვაქვს უფლება, რევოლუციაზე ვისაუბროთ». ამ ციტატაზე დაყდნობით, თუ პროცესების გარეგნულ მხარეს გვერდზე გადავდებთ, საინტერესოა დაფიქრება იმაზე, თუ როდის მოხდა საქართველოში ნამდვილი რევოლუცია - 2003 წლის 23 ნოემბერს თუ ახლახან - 2012 წლის 1 ოქტომბერს? იქნებ ორი რევოლუცია მოხდა? ან, სულაც, არც ერთი არ მომხდარა? 

ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია: განახლების და თავისუფლების იდეის შერწყმა, რომელზეც ჰანა არენდტი საუბრობს, საქართველოში მხოლოდ პროპაგანდისტული მანიპულაციების სივრცეში მოხდა, ხოლო ის მიზნები, რომელთაც სააკაშვილის ჯგუფი ისახავდა მიზნად, «თავისუფლების დამკვიდრებისგან», როგორც ჩანს, ძალიან შორს იდგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოღვაწეობის შედეგი ასეთი კატასტროფული არ გამოდგებოდა. თუმცა აქვე ჩვენ კიდევ ერთ, მეტად საინტერესო კითხვას ვუახლოვდებით: რამდენად დამოუკიდებელნი იყვნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები მიზნების არჩევასა და მოქმედებაში?

პრობლემა ისაა, რომ ლეგიტიმურობის მთავარ წყაროდ სააკაშვილის ჯგუფი ბუშის ადმინისტრაციას (და ზოგადად თეთრ სახლს) და არა ქართველ ამომრჩეველს განიხილავდა. ცხადია, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციას ნებისმიერი სუსტი ქვეყნის ხელისუფლება ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ამ «გათვალისწინებამ» ჰიპერტროფირებული, თითქმის კომიკური ფორმები მიიღო. ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, რომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, უპირველეს ყოვლისა, ფიქრობდნენ იმაზე, რა რეაქცია ექნება მათ მოქმედებაზე ამერიკელ პარტნიორებს, ხოლო მათ რჩევებს აღიქვამდნენ, როგორც დირექტივებს. უდიდესი როლი ამ მდგომარეობის შექმნაში «ვარდების რევოლუციის» პერიოდში აღმოჩენილმა დახმარებამ შეასრულა და იმან, რომ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს ახალ მმართველებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მხარში ედგა როგორც პოლიტიკური და პროპაგანდისტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ისინი იძულებულები იყვნენ, პარტნიორების ნებისმიერი დაკვეთა შეესრულებინათ («იძულებულის» ხმარება, ალბათ, არც ისე მართებულია, რადგან ყველაფერს სიხარულით და «გეგმის გადაჭარბებით» აკეთებდნენ). ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა რუსეთის მიმართ «ნეოკონებისთვის» სასურველი პოლიტიკის გატარებას და საქართველოს გადაქცევას წარმატებული რეფორმების ერთგვარ «ვიტრინად» სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რასაც, «ფერადი პროექტის» ტრიუმფალური გაგრძელებისთვის ხელი უნდა შეეწყო. ამ ამოცანების შესრულების აუცილებლობამ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად სააკაშვილის ჯგუფს რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დააშვებინა.

საჩვენებელი და მოჩვენებითი

ძალიან ძნელია იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ რამდენი ფული და ენერგია დაიხარჯა იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა მთავარი (ხშირ შემთხვევაში) და ერთადერთი დანიშნულება გარეგნული ეფექტის მოხდენა, «ვიტრინის გალამაზება» იყო. ამ ფულს და ენერგიას ქართული ეკონომიკისთვის სტრატერის როლის შესრულება შეეძლო, თუმცა ქვეყანა სხვა გზით წავიდა და ეს მხოლოდ სააკაშვილის მეგალომანიისა და არშემდგარი რეჟისორის ამბიციის ბრალი როდია; ქართველებს გარეგნული ეფექტები ნამდვილად მოგვწონს, და თუ არჩევანის გაკეთება, პირობითად, რაიონულ ცენტრში მომღერალი შადრევნის გახსნასა და პატარა საკონსერვო ქარხნის აშენებას შორის მოგვიწევს, გამორიცხული არაა, უმრავლესობა პირველ ვარიანტს მიემხროს. Iს, რომ შადრევანი სამუშაო ადგილებს არ ქმნის, როგორც წესი, მოგვიანებით გვახსენდება. ხშირ შემთხვეაში, გვირჩევნია, ვიოცნებოთ იმაზე, რომ შადრევანი რაინულ ცენტრში მილიონ ტურისტს მოიზიდავს, ვიდრე ვიმუშაოთ რეალურ საკონსერვო ქარხანაში, რომელიც თვალწარმტაცი ნამდვილად არ არის.

შადრევნები - ქარხნების ნაცვლად, ფასადების შეღებვა - სახლების გამაგრების ნაცვლად, სწრაფვა რეიტინგებში დაწინაურებისკენ - რეალური ზრდის ნაცვლად. მეტიც, ტელედაპატიმრებები და სამართლიანობის აღდგენის ილუზია - დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად, მილიტარისტული ფსიქოზი და სამხედრო ძლიერების ზრდის ილუზია _ შეიარაღებული ძალების აზრიანი რეფორმირების ნაცვლად; დემოკრატიის ილუზია, თავისუფლების ილუზია... თანდათან ამ ილუზიების ტყვეობაში არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცა; შესაძლოა იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ეს სურდა, რადგან წინა წლების გაჭირვებისგან და უპერსპექტივობისგან დაიღალა.

«ვიტრინის შელამაზების» ფსიქოლოგიამ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა, რომელიც სრულად გაცნობიერებული ჯერ არ არის. ის თავისთავად სასიკვდილო საფრთხეს არ უკავშირდებოდა, ადრე თუ გვიან მათ, ვინც წარმოსახვით სამყაროში გადასახლდა, ცხოვრება უკან, რეალობაში დააბრუნებდა. თუმცა უბედურება ისაა, რომ კონფრონტაცია რუსეთთან სწორედ იმ პერიოდში გარღმავდა, როდესაც «ილუზიებში გადასახლებულთა» რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რომ არა ეს გარემოება, იმის ალბათობა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, საბედისწერო ზღვარს არ გადააბიჯებდა, უფრო დიდი იქნებოდა.

საერთოდ, «ვარდების რევოლუციის» და თანმდევი რეფორმების ისტორია საინტერესოა მხოლოდ 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე მონაკვეთში (ან, მაქსიმუმ, აგვისტოს ომამდე), ყველაფერი დანარჩენი, დრამატული პერიპეტიების მიუხედავად, არსებითად სააკაშვილის ხელისუფლების გაწელილი აგონიის ისტორიას წარმოადგენს. ამ პერიოდში ის მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძოდა და ამას რესურსების უდიდეს ნაწილს ახმარდა; მას თავისუფალი მანევრისთვის დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩებოდა. თითოეული შეცდომა, რომელიც ამ პერიოდში დაუშვა, ადრე დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარეობდა, თუმცა, შესაძლოა, მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის პირველი რგოლი, რომელმაც რეჟიმი კრახამდე მიიყვანა, არა 2007 წლის ნოემბერში, არამედ 2005 წლის თებერვალში უნდა მოვძებნოთ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ განადგურდა ბალანსი სამკუთხედში სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე და შესაბამისი შეკავების მექანიზმები, რამაც გზა გაუხსნა სააკაშვილის ჯგუფს ხელისუფლების ტოტალური უზურპაციისკენ და გაცილებით ხისტი მეთოდების გამოყენებისკენ, რასაც, თავის მხრივ, შეეწინააღმდეგა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია, რაც 2007 წლის კრიზისით და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგებით დაგვირგვინდა.

«ვარდების რევოლუციის» ნამდვილი ისტორია მხოლოდ მას შემდეგ დაიწერება, როდესაც საზოგადოება გაიგებს, რა მოხდა თბილისში 2005 წლის 3 თებერვლის საღამოს; ეს საკვანძო მომენტია, გარდატეხის წერტილი, რომლის შემდეგ «ვარდოსანმა ხელისუფლებამ» მოქმედების საბედისწერო სცენარი აირჩია და, საბოლოო ჯამში, თვითგანადგურების გზას დააადგა.

არივედერჩი, დუჩე!

იტალიელებს ძალიან მოეწონათ, როდესაც ბენიტო მუსოლინიმ მაფიის თარეში აღკვეთა, თუმცა დიდად დამწუხრდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ფაშისტი ჩინოვნიკები და ძალოვანები, ხშირ შემთხვევაში, მაფიოზებზე დაუნდობლები იყვნენ. აგრეთვე, იტალიელებს მოსწონდათ, რომ დუჩე კორუფციას ებრძოდა (სააკაშვილისგან განსხვავებით, ელიტარულსაც), აშენებდა ავტოსტრადებს და ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა დაამარცხა (ამ მხრივ, სააკაშვილმა ვერ ივარგა, ამ მაჩვენებლით ევროპაში, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს). მოკლედ რომ ვთქვათ, იტალიელებს ბევრი რამ მოსწონდათ, მაგრამ ყოველივე ამას ჰქონდა ფასი, რომლის გადახდას XXI საუკუნეში არც ერთი საღად მოაზროვნე ერი არ ისურვებს. შეგვიძლია ჩავატაროთ გამოკითხვა იტალიის ქალაქებსა და სოფლებში იმის თაობაზე, სურთ თუ არა მუსოლინის რეჟიმი დაბრუნდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ცოცხალი თავით არ სურს. ვერცერთი სოციალურ-ეკონომიკური წარმატება ვერ გაამათლებს განსხვავებული აზრის ტოტალურ დათრგუნვას, ადამიანების წამებას და მკვლელობას (ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩათრევას თავი რომ დავანებოთ). არადა, მუსოლინიმ, სააკაშვილისგან განსხვავებით, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, სერიოზულ, რეალურ და არა წარმოსახვით წარმატებებს მიაღწია, რისთვისაც, უბრალო იტალიელების დიდ ნაწილთან ერთად, მაჰათმა განდი და ფრანკლინ დელანო რუზველტი აქებდნენ.

სააკაშვილის რეფორმებზე სხვა რა უნდა ვთქვათ? იცვლება დეკორაციები და მოქმედი პირები, პიესა კი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, იტალიაში დადგამენ მას, საქართველოში, სალვადორსა თუ ჰონდურასში. 

1 ოქტომბერს (სინამდვილეში, ალბათ, გაცილებით ადრე, უბრალოდ, საპარლამენტო არჩევნებზე ეს საბოლოოდ გაფორმდა) ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ არ გადაიხდიან იმ საფასურს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა და აღარაფერი ამ ქვეყანაში თავისუფლების ხარჯზე აღარ მოხდება. თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწეობს არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც სააკაშვილის რეფორმებით, უფრო სწორად «ქართული ვიტრინით» მოიხიბლნენ და სურთ იგივე თავის ქვეყანაში გაიმეორონ. მათ არაფერი იციან იმ ტკივილის შესახებ, რომელსაც საქართველო ამ პერიოდში გრძნობდა. მათი გადარწმუნება ჩვენი საქმე ნამდვილად არაა; ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია ვურჩიოთ, ალბათ, იმაზე დაფიქრებაა, რა ფასი აქვს თავისუფლებას და ადამიანის სიცოცხლეს და სად გადის ზღვარი, რომელსაც ისინი ვერ გადააბიჯებენ.