პარლამენტმა 200-ზე მეტი პირისთვის პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება დროებით გადაიფიქრა. გუშინ, საკანონმდებლო ორგანოს 186 პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭებინა, ხოლო 22 ადამიანისთვის - პოლიტდევნილის, თუმცა, საკითხის განხილვა 5 დეკემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად კი, განხილვის გარეშე დარჩენილი სხვა საქმეების შესწავლა დასახელდა, რაც ნაკლებად სარწმუნოდ ჟღერს, რადგან სხვა საქმეების შესწავლის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს, საქმიანობისთვის დამატებით ორკვირიანი ვადა ჯერ კიდევ, მიმდინარე კვირის ორშაბათს მიეცა. მართალია, საკითხის გადადების რეალურ მიზეზებს კანონმდებლები არ ასახელებენ, თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჯგუფის მიერ პატიმართა და ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების საქმეების შესწავლა მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედგენილი სიის დაზუსტება კი, დიდი ვნებათაღელვის, დაპირისპირებების, კამათისა და კრიტიკის ფონზე ხდებოდა. ყოველ დღე, სიაში ცვლილება შედიოდა და სია ზუსტდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, სიის დაზუსტება პლენარულ სხდომაზე საკითხის გატანამდე, რამდენიმე წუთით ადრეც კი მიმდინარეობდა. არადა, თავდაპირველად, სია ორშაბათის კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს და სიაზე კამათი სწორედ აქედან დაიწყო. კერძოდ, სიაში რიგი პატიმრები ნანა კაკაბაძემ ვერ აღმოაჩინა, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. კაკაბაძემ სიაში რიგი პირების ჩასმა მოითხოვა, მაგრამ მას შემდეგ რაც, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სიას არცერთი პირი აღარ დაემატებოდა, კაკაბაძემ გაღიზიანება ვეღარ დამალა და განაწყენება ხმამაღლა გამოხატა - „უპატრონოს პატრონი არასოდეს ეყოლება. თქვენ ვის მხარეს ხართ?“.
დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, კომიტეტის სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა და სიაზე მუშაობა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ რიგი საქმეების შესწავლას სამუშაო ჯგუფი დამატებით ორ კვირიან ვადაში გააგრძელებდა. ამ გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, კომიტეტზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ სიასთან დაკავშირებით, დაპირისპირება უმრავლესობის წევრებს შორის გაგრძელდა. კერძოდ, ეკა ბესელიასა და ზურაბ ტყემალაძეს შორის. ტყემალაძემ კოლეგასთან იმ მიზეზის გამორკვევა სცადა, კონკრეტული პირი სიაში თუ რატომ არ იყო. ბესელია ტყემალაძის კითხვით გაღიზიანდა და განაცხადა, რომ სიაში იმ პირს ვერ ჩასვამდა, რომლის საქმეც მას საკუთარ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდა. ტყემალაძე კი, ბესელიას ტონით გაღიზიანდა და კოლეგას მოუწოდა „ნუ ტუქსავდა“. კანონმდებლებს შორის მომხდარი ინციდენტი ორშაბათის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა. ამის შემდეგ კი, სიაზე ნებათაღელვა კიდევ უფრო გამძაფრდა. ორშაბათიდან ოთხშაბათის ბიუროს სხდომამდე, მედიის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული სია ხელმიუწვდომელი იყო და მისი დაზუსტება ეკა ბესელიას სამუშაო კაბინეტში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორშაბათის მონაცემებით, პოლიტდევნილის სტატუსი 180 პირისთვის უნდა მიენიჭებინათ და სია აღარ უნდა გაზრდილიყო, თუმცა, დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ეს სია 185 ადამიანამდე იყო გაზრდილი. ბიუროს გადაწყვეტილებით კი, სია კიდევ ერთი ადამიანით - „რესპუბლიკელი“ გიგა გოგიჩაშვილით გაიზარდა. კერძოდ, სხდომაზე დავით ბერძენიშვილმა აღმოაჩინა, რომ ეს პირი სიაში არ იყო, თუმცა, მისი დაპატიმრების ამბავი ყველასთვის ცნობილი იყო. ბერძენიშვილის ინფორმაციით, ოთხი წლის წინ, 17 წლის გოგიჩაშვილის პოლიტიკური დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან ქარელში, საკუთარ სახლში, პარტიული ოფისი გახსნა და რესპუბლიკელთა ახარგაზრდულ ფრთას სათავეში ჩაუდგა. მისი ცნობით, გოგიჩაშვილი უკვე 4 წელია, რაც სასჯელს იხდის და მას 6 წელი კიდევ დარჩა. ბიუროზე, ამ პიროვნების სიაში ჩასმა ეკა ბესელიამ არ გააპროტესტა და განაცხადა, რომ გოგიჩაშვილის საქმის განხილვა ვერ მოესწრო და მის სიაში ჩასმას მხოლოდ მიესალმებოდა.
პლენარულ სხდომაზე საკითხის გადადება, რომ მოხდებოდა ეს ბიუროს სხდომაზეც ნათლად ჩანდა, მაგრამ როგორც ჩანს, უმრავლესობაში საკითხის გადადებაზე ბჭობა სესიის განმავლობაშიც ხდებოდა, რადგან სხდომაზე დადგენილების პროექტი ეკა ბესელიას დაახლოებით 7 საათისთვის უნდა წარედგინა, თუმცა, მან საკითხის მომზადებისთვის დამატებითი დრო ითხოვა. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, ბესელია კი სესიაზე დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით წარდგა. უმრავლესობის წევრმა დადგენილების პროექტი დეპუტატებს გააცნო და საკითხის მომდევნო სხდომისთვის გადადება თავად მოითხოვა, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებები კი, სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.
ბესელიას განცხადებით, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეები მნიშვნელოვანია და ეს საკითხი, ძალიან სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად, საკითხი სამართლიანად უნდა გადაწყდეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ადამიანის საქმე შეუსწავლელი დაგვრჩა, ამ საქმეებს შევისწავლით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, - დასძინა სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, სამუშაო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, ბესელია საყვედურების მიღებას არ აპირებდა. კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი მძიმედ და ცუდად მიმდინარეობდა. მისი თქმით, ყველა საქმის შესწავლა და ანალიზი ევროსაბჭოს სტანდარტებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამუშაო პროცესში, ძალიან დიდ წინააღმდეგობას ნანა კაკაბაძისგან აწყდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩუგოშვილის გარდა, ჯგუფში არსებულ პრობლემებზე „კონსტიტუციის 42“-ე მუხლიც საუბრობდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის ვარაუდით, სამუშაო ჯგუფიდან პატიმრებთან ინფორმაციები ნანა კაკაბაძისგან გადიოდა. არასამთავროების პრეტენზიებთან დაკავშირებით კი, ბესელიამ for.ge-ს განუცხადა, რომ შენიშვნას ვერავისგან მიიღებდა.
„იმას, რასაც რომელიმე არასამთავრობოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა და მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არაკორექტულია. კომიტეტი სამუშაო ჯგუფის მასალებს ეყრდნობოდა და ეს საქმეები მინიმუმ 3-4 წელია, რაც დევს და ძალიან ბევრი საქმე უკვე შესწავლილი მივიღეთ და ხელახლა გავიარეთ. მათ შორის, საია-მ 49 დასკვნა მოგვაწოდა და მათი დასკვნა, არ მიგვეღო?“, - განაცხადა ბესელიამ და პროცესის დარტყმის ქვეშ მოქცევა უმცირესობის ინტერესად მიიჩნია.
მართალია, ყოფილი მმართველი ძალისთვის კონკრეტული პირებისთვის პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება სახარბიელო და სასიხარულო არ არის, მაგრამ მომავლისთვის, სიაში არსებულ პირებთან დაკავშირებით, უმცირესობას განცხადებების გაკეთების საბაბი უმრავლესობამ არ უნდა მისცეს და სიები კონკრეტული მტკიცებულებების მიხედვით უნდა შედგეს და არა ადვოკატების მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე. უმცირესობა სიებს უკვე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კომიტეტის მიერ წარდგენილი სია „სამარცხვინოა“.
როგორც for.ge-ს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განუცხადა, სია ნანა კაკაბაძისა და ეკა ბესელიას „შინაურ წრეში“ მომზადდა.
„სამარცხვინო სიაა, რადგან ამ ნუსხაში ქარქუსოვები, კოჭოია და ა.შ. რა მოტივით მოხვდნენ, გაუგებარია. სჯობს, ამ სიაში შეყვანილ პირებს გვერდით ლობისტები მიუწერონ და ხალხმა იცოდეს, ისინი გარეთ თუ რა დამსახურების გამო გამოდიან. ჯგუფში ნანა კაკაბაძე ქურდივით იჯდა და სიის დიდი ნაწილი, სწორედ მან გადაწყვიტა“, - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ, პირისთვის პოლიტიკური დევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება - თუ რას ითვალისწინებს, საკითხის სამართლებლივი კუთხით განმარტება for.ge-მ პროფესიით იურისტ, დეპუტატ შალვა შავგულიძეს სთხოვა. კანონმდებელის განმარტებით, პარლამენტის მიერ ადამიანისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებლივი დევნას სისხლის სამართლებლივი საფუძველი არ ჰქონდა და მისი დევნა პოლიტიკური მოტივაციით იყო განპირობებული.
„აქედან გამომდინარე, შემდეგ ასეთი ადამიანის ბედი უნდა გადაწყდეს. კომიტეტის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით, საქართველოს პარლამენტს ვალდებულება დაეკისრება, რომ სტატუს მინიჭებულ პირთა სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებლივი მექანიზმები უზრუნველყოს. ხოლო, იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც უკვე გამოტანილია განაჩენი, ეს შეიძლება პოლიტიკური ამნისტიის ფორმით გამოიხატოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სასჯელი მოეხსენებათ, მაგრამ ის განაჩენი გადაისინჯება, რომელიც მათ მიმართ არსებობს. იმ პირთა მიმართ კი, რომელთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლოში საქმე განხილვის სტადიაშია, ისინი სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი“, - განაცხადა შავგულიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის გადადებით გულდაწყვეტილი მხოლოდ ნანა კაკაბაძე დარჩა, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებას თვალცრემლიანი შეხვდა.
მართალია, საკითხის განხილვის თარიღად, პარლამენტმა 5 დეკემბერი განსაზღვრა, მაგრამ დადგენილების პროექტის დამტკიცება ამ დღეს მართლაც მოხდება თუ არა უცნობია, რადგან უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, რომ რიგი პირებისთვის პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება კომპეტენტური ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს, რომლის მიერ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებიც კი არ გაჩნდება.