წლებია საქართველოში მცირე მთავრობის კონცეფციის აუცილებლობაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ფაქტობრივად ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას სჭირდება უფრო მოქნილი და ეფექტური მცირე მთავრობა, რომელიც ზედმეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მოაგვარებს ყველა პრობლემას. მართალია, ბოლო წლებში რამდენიმე სამინისტრო გაუქმდა ან შეერწყა დარჩენილ სხვა სამინისტროებს, თუმცა რეალურად, ამ გადაწყვეტილებით ბიუროკრატიული ხარჯები დიდად არ შემცირებულა და გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა ახალ სტრუქტურებში გადანაწილდნენ.
წლიდან–წლამდე მთავრობის შენახვა საქართველოს ბიუჯეტს სულ უფრო ძვირი უჯდება. საქართველოს აუდიტის სამსახურის, პროექტ ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით 2019 წლის 9 თვეში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტია.
გაზრდილია პრემია/დანამატების მაჩვენებელიც. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საჯარო დაწესებულებებში ჯამში 167 790 080 ლარის პრემია/დანამატი გაიცა. პრემია–დანამატების წილმა შრომის ანაზღაურებაში 15% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 149 მილიონი ლარის პრემია/დანამატები იყო გაცემული.
ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული პრემია 4.8 მლნ ლარია, ხოლო სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. თუ წინა წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სულ 141 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, წელს იგივე მაჩვენებელი 22 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია დანამატების ხვედრითი წილი მთლიანად მთავრობის შრომის ანაზღაურებაშიც.
აღსანიშნავია, რომ თანხობრივად ყველაზე მეტი დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. 64,3 მილიონი – სწორედ ამ რაოდენობის პრემია/დანამატი გაიცა ძალოვან უწყებაში 2019 წლის პირველ ცხრა თვეში და მისმა წილმა კი მთლიანი შრომის ანაზღაურებაში 18.12% შეადგინა . პრემია/დანამატების რაოდენობით შსს მთავრობის ყველაზე მხარჯავი უწყებაა. უწყებაზე წელს მთლიანად გაცემული პრემიებისა და დანამატების მესამედზე მეტი მოდის. აღნიშნული თანხიდან 62,7 მილიონი ლარი დანამატების სახით გაიცა, ხოლო 1,6 მილიონი ლარი – პრემიების. წინა წლებში დამკვიდრებული პრემიების გამოწერის პრაქტიკა ბოლო ორი წელია, ძირითადად, დანამატის სახით შეიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსდევენ სხვა ძალოვანი სტრუქტურები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 12 მილიონი პრემია/ დანამატით და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 5 მილიონიანი პრემია/დანამატით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტრუქტურებში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი დანამატების პროცენტული წილი შრომის ანაზღაურებაშიც საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში არ ჩანს თავდაცვის სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში გაცემული პრემია დანამატები.
რაც შეეხება პროცენტულ განაწილებას, შრომის ანაზღაურებასთან შედარებით ყველაზე მაღალი პროცენტული წილის დანამატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიცა და და მან 24.53% შეადგინა, ხარჯი კი ჯამში 487,647 ლარი იყო. მას მოჰყვება 23%–ით (ხარჯი 8 მილიონი ლარი ) საერთო სასამართლოები და 20.73% –ით საქართველოს უზენაესი სასამართლო – ხარჯი 898 900 ლარი.
რაც შეეხება მივლინებებს, 2019 წლის 9 თვეში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 62,3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 3,7 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ, 5,2 მლნ ლარი განათლების სამინისტრომ დახარჯა. მას მოსდევს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,4 მლნ ლარით და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 3, 1 მლნ ლარით.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მივლინებებში დახარჯულ თანხას, ასე გამოიყურება:
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 2 მლნ ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 1,6 მლნ ლარი; მთავრობის ადმინისტრაცია – 2,4 მლნ ლარი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 119, 9 ათასი ლარი; ფინანსთა სამინისტრო – 1,5 მლნ ლარი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1,6 მლნ ლარი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 293 800 ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 666 300 ლარი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო – 1,9 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 2,2 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 4,4 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი 14 საქვეუწყებო ორგანიზაცია – 3,1 მლნ ლარი; განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 5,2 მლნ ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა თავისი “ზომით” (სამინისტროების რაოდენობით) დასავლურ ქვეყნებს არათუ შეესაბამება, რიგ შემთხვევაში ჩამორჩება კიდეც, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ქვეყნებში არსებობს სამინისტროები, რომელთა არსებობის საჭიროებაც ჩვენს რეალობაში არ დგას – იმიგრაციის სამინისტრო (ევროპა იმიგრაციული კრიზისის წინაშეა), საზღვაო საქმეების, კუნძულებისა და თევზჭერის სამინისტრო, ოჯახის სამინისტრო (ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში მყარია) და ა.შ.
გარდა ამისა, თუ შედარებას იმის გათვალისწინებით მოვახდენთ, რომ საქართველოში მხოლოდ 3.717 მილიონი ადამიანი (2017 წლის აღწერით) ცხოვრობს, გამოდის, რომ 1 სულ მოსახლეზე 0.0000029 სამინისტრო გვაქვს, რაც ბევრად აღემატება დანიის, ირლანდიის, სლოვაკეთისა და ფინეთის მაჩვენებლებს – იმ ქვეყნების, რომლებიც პოპულაციით ჩვენი მსგავსია.
ხოლო თუ სამინისტროების რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით დავთვლით, აღმოჩნდება, რომ 11 სამინისტრო არც ისე ცოტაა, მეტიც, ასეთი ანგარიშით ყოველ ერთ დოლარზე (მშპ ესმ-ის) საქართველოში 0,0099 სამინისტრო მოდის, რაც ამ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.