„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი“, - ასეთია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის დასკვნა. როგორც ოდირი-ს დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული. 11-გვერდიან დოკუმენტში არსადაა ნახსენები, ოპოზიციური პარტიების კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანიზაცია ეროვნულ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ანდობს. ამის მიუხედავად, ჩანაწერი მაინც პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი გახდა.
ტრადიციულად, ეუთო-ოდირის დასკვნიდან მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სხვადასხვა გზავნილი ამოიკითხა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციამ მიიღო მარტივი პასუხი ოდირისგან, რომ ამ ორგანიზაციის ფუნქცია ვერ იქნება კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება.
„მარტივი პასუხი გაიცა. ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა. მათ ისეთი კითხვა დაუსვეს ოდირს, რომელზე პასუხის გაცემის პრეროგატივაც ამ ორგანიზაციას არ აქვს. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ოპოზიცია დარჩა იმედგაცრუებული, თუმცა, მათ არაერთი ტყუილი თქვეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამტკიცებდნენ, თითქოს ოდირმა დაადასტურა გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა, რაც არის ძალიან მარტივი ტყუილი და ეს ტყუილი, ბუნებრივია, მეორე დღესვე გაიშიფრა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და უმრავლესობის მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია.
„ამ დასკვნით მიიღეს ის, რასაც არ იჯერებდნენ ჩვენგან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ამას წყვეტს საზოგადოების ლეგიტიმაციით აღჭურვილი პარლამენტის უმრავლესობა და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაზეც საერთო, სავალდებულო შეთანხმება უნდა შედგეს. ეს წერილი, როგორც არ უნდა წაიკითხო და როგორც არ უნდა შეატრიალო, სათქმელი უკვე ნათქვამია. ოპოზიცია თუ თავს კიდევ ერთხელ არ ჩაიგდებს უხერხულობაში, მიატოვებს ქუჩის აურზაურს და მოემზადება არჩევნებისთვის, მისთვის და ქვეყნის იმიჯისთვისაც უკეთესი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
გრიგოლ ვაშაძე სხვაგვარად კითხულობს დასკვანას: „ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის. ეს მოდელი სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და რატომ უნდა დაწერო ის, რაზეც დისკუსია არ არის. ოპოზიციის მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-მ განიხილა და გასცა ძალიან კომპეტენტური პასუხი. ეუთო ცალსახად სთხოვს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, მიიღოს ის საარჩევნო მოდელი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მთლიანად ოპოზიციურ ფრონტში ერთია. მოგვეცით საშუალება პროპორციული სისტემით ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მტკიცებით, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
„არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. ოდირის დასკვნაში წერია, რომ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში შეიძლება მიღებული იქნას ხმების უბრალო უმრავლესობით. ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. უფრო მეტიც, ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირს აქვს გაკეთებული, არის მეტ-ნაკლებად ტექნიკური ხასიათის და ჩვენ მზად ვართ, 6-ვე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ეუთო/ოდირი, მხარს უჭერს ესეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. მიიჩნევს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ ამის იმპლემენტაციაზე, პარლამენტში გავიტანოთ და მას ვუყაროთ კენჭი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ეუთო/ოდერის დასკვნა, რომ კატეგორიული ვერ იქნებოდა, გასაგები იყო კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის, რადგან ეს არის ორგანო, რომელიც, ძირითადად, რეკომენდაციებს იძლევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს იმ დონეზე ვერ ჩაერევა, რომ კატეგორიულად თქვას - კი ან არა.
„მით უმეტეს იციან, რომ ქვეყანაში არც თუ ისე მარტივი პოლიტიკური ვითარება და გარემოა. აქედან გამომდინარე, ასეთი პირდაპირი და უშუალო დასკვნა ვერ გააკეთეს. გარდა ამისა, ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ დასკვნიდან ის ნაწილები გამოიყენოს, რომელიც მათთვის უფრო მისაღებია. მაგალითად, ხელისუფლება ამბობს - ხომ ვამბობდით კონსტიტუციასთან შეთანხმება არ იქნება; ოპოზიცია პირიქით ამბობს - მაჟორიტარული პრინციპი არ ირღვევა, ოლქი ერთმანდატიანი იქნება, თუ მრავალმანდატიანი.
რაც მთავარია, ამბობენ, რომ თქვენ უნდა შეთანხმედეთ ერთმანდატიან, თუ მრავალმანდატიან ოლქების საკითხზე, რომელიც გადაწყდება ორგანულ კანონში ცვლილებით, თუ თქვენ ამისთვის ხართ მზად. აი, ეს არის სულ. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ცდილობს ეს მოტივი წამოწიოს წინ. ესეც გასაგები და ბურებრივი იყო, იმიტომ, რომ ძალიან ცალსახად უნდა ყოფილიყო ნათქვამი რაღაცეები, რომ ერთ, ან მეორე მხარეს გამოეყენებინა. შესაბამისად, მივიღეთ ეს ვითარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, აქ მთავარი პრობლემა ისაა, რამდენად მზად არის ერთი, ან მეორე მხარე იმისთვის, რომ რეალურად მოძებნონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.
„ჩემი აზრით, კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იყოს მარავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუ, რა თქმა უნდა, ამაზე წავა ხელისუფლება და შეთანხმდება. ან, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 100/50-ზე, თუ ეს იქნება ერთჯერადი გამოყენების. ანუ, ეს არჩევნები ჩატარდება ამ პრინციპით და კონსტიტუციის ნაცვლად ცვლილება შევა გარადამავალ დებულებაში, ხოლო კონსტიტუციაში დარჩება ჩანაწერი, რომ შემგდომი არჩევნები ჩატარდება პროპორციულად. ეს ორი მხარეა და რომელზე შეთანხმდებიან, რთული სათქმელია. ეს კომპრომისული ვარიანტი უკეთესია, ვიდრე არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან ეს ვარიანტი უფრო მეტად იქნება იმ რეალობასთან ახლოს, რა განწყობაც არის მოსახლეობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პოლიტიკურ პარტიების გასაგებად ამბობს, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დასკვნას სხვა ქვეყანას არ აძლევს, რადან ამას არც თავის თავს აკადრებენ და არც ქვეყანას, რაც იმთავითვე ცხადი იყო.
„საარჩვენო სისტემის საკითხი არის შიდა პოლიტიკური საკითხი. ოდირის ჩარევა, ისევე როგორც კონგრესმენების, არის სამარცხვინო. ოდირის ჩარევა ამ სამართლებრივ საკითხებში, არის სამარცხვინო. კომპრომისთან ეს რა კავშირშია? კომპრომისი იქნება, როცა სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დაჯდებიან და მოილაპარაკებენ საარჩევნო სისტემის თაობაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა პარალამენტში. მეორედ ამ თემაზე შეთანხმება არ მოხდება“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, მისი თქმით, ეს მოდელი კონსტიტუციიდან აცდენილია, ულოგიკოა და არც განიხილება.
„არის შეთავაზება 100/50-ზე და ეს არის რეალური, რომ რაღაცა თანხმობა ამასთან დაკავშირებით მოხდეს. თუ ოპოზიცია მიიღებს ამას, კარგია. სხვა შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რომელიც გვაქვს. ასეთი ვითარებაა და თუ ამ რეალობის დანახვა არ შეუძლია ოპოზიციას, მაშინ ძალიან სავალალო დღეშია. თუ მათ სურთ რაიმე პროგრესის მიღწევა, მათთვის ხელსაყრელი რაც იქნება, ერთი შანსია, რომ დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას. თუ არ იქნება, კი ბატონო, დარჩნენ ასე და მაშინ საარჩევნო მობილიზაციის ნაცვლად, იმუშავებენ რევოლუციურ მობილიზაციაზე. რაც მთავარია არაფერი გამოუვათ და ძალიან მწარედ წააგებენ არჩევნებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.