"ის რომ პოლიტიკური დევნა არ არის ქვეყანაში, შემიძლია არგუმენტებით გითხრათ. სასამართლოში მათივე დანიშნული, მათივე შერჩეული მოსამართლეებია. რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ბრალი წაუყენა - სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი მონიტორინგია საქმეში ჩართული და ძალიან გააქტიურებულია. ასევე მედიაა საკმაოდ გააქტიურებული - მითხარით, სად არის აქ დევნა. დევნაზე ძალიან დიდი ხმაური ატეხა თავად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და გაირკვა, რომ თურმე გადასახადებს მალავს ეს ორგანიზაცია და ამიტომ შევიდა საგადასახადო, რომ ამ ორგანიზაციამ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს. ამიტომ ხმაური ემსახურება იმას, რომ ერთგვარი თავდასაცავი მექანიზმი შექმნან ეს არის და ეს", - აცხადებს ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზვიად ძიძიგური: "მეტი საქმე არა აქვს ივანიშვილს, უგულავას საუბრებს მოუსმინოს!"
"ამდენი ბიზნესია წართმეული, რამდენი ადამიანი ზის უსამართლოდ ციხეში, რამდენი ადამიანი მოკლეს. ძალიან ბევრი რამე ხდება ხალხო, გააქტიურდნენ ოჯახების წევრები და ესენი კი ყვირიან, პოლიტიკური დევნაა და აბა, სააკაშვილს თუ დაიჭერთო... პროცესი მიმდინარეობს კანონის შესაბამისად. თუ კანონის აღსრულება და კანონის შესრულება ვინმესთვის არის პოლიტიკური დევნა, დაე მან ასე ჩათვალოს.. დღეს ჩვენს ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დევნა არ არსებობს. ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა - ქვეყანა რომ დაიქცეს, კანონის უნდა აღსრულდეს. კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა იცოდნენ პასუხისგება თავიანთ დანაშაულებზე. იმუნიტეტი არ არის არც პოლიტიკოსობა და არც ის, რომ წინა ხელისუფლებაში იყავი მაღალ თანამდებობაზე. მე ერთი ვიცი დღეს, რომ ისინი ვინც ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ან სხვა დარღვევევის გამო მოხვდებიან ციხეებში, მოხვდებიან ნორმალურ ადგილას, სადაც მათ ღირსებას, ფიზიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ არ შეეხება კანონის მიღმა. ჩვენ გვექნება კომფორტული ციხეები ამ თვალსაზრისით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"ძალიან გააქტიურებულია საზოგადოება და ეს მარტო თბილისში არ ხდება. პროცესი არის დაძრული და საზოგადოება რეგიონებშიც ღებულობს მონაწილეობას სამართლიანობის აღდგენაში. მე ვუყურებ ამ საკითხს ძალიან მარტივად. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ახალ ხელისუფლებაში რამე ტიპის პოლიტიკური დევნის გეგმა, ოპერაცია ან შეთქმულება ძველი ხელისუფლების წევრების მიმართ არ დაგეგმილა. ადამიანები, რომელთა უფლებები იქნა შელახული ახლა ძალიან აქტიურობენ, აქედან გამომდინარე იწევა თემები, იწევა საკითხები სადაც ფიგურირებენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ეს საზოგადოებრივი აქტიურობა გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ, შს სამინისტრომ ის დარღვევები, რაც იყო წლების განმავლობაში უნდა შეისწავლოს და ვიღაცების ბრალეულობის საკითხი უნდა გამოიკვეთოს - რეალურად ეს არის მთელი ანატომია ამ პროცესების", - დასძენს რესპონდენტი.