ისანში სოლომონ დოდაშვილის N17-ში ინდოეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. 32 წლის მალიკ მაჰმად მაუტინი საკუთარმა მეზობელმა, სავარაუდოდ, სადავო ტერიტორიიის გამო მოკლა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, უკვე ერთი წელია, რაც ინდოელებმა ამ ქუჩაზე მიწა იყიდეს და ერთი წლის განმავლობაში სახლს აშენებენ.
მეზობლებს შორის კონფლიქტი კი მათ შორის მდებარე მიწის გამო დაიწყო. ორივე მათგანს სასამართლოსთვის ჰქონდათ მიმართული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ტრაგიკულად დასრულდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეზობლებს ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ და ადგილზე პატრულიც არა ერთხელ გამოუძახებიათ.
„გრიშა ქვია იმ ბიჭს, სომეხი ბიჭია, მაგრამ აქ არის დაბადებული და გაზრდილი. ეს მიწა იმანაც იყიდა და ამ ინდოელმაც. რაღაც დაუკანონებელ ტერიტორიაზე ჰქონდათ დავა. ეს ამბობდა გრიშა ჩემიაო, ის ინდოელი იძახდა არა ჩემია.
“ეს უცხოელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უკვე. ერთი წელია რაც ამ სახლს აშენებს. ასე 4 საათისთვის გავიგე სროლის ხმა და რომ მივედით ეს უცხოელი უკვე ეზოში იწვა და გარდაცვლილი იყო მგონი. ჩაცხრილულია, გულში ჰქონდა ყველა ტყვია მორტყმული“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
მოკლული მალიკ მაჰმად მაუტინის ცოლისძმა კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი ტერიტორიული დავა გახდა. ის ყვება, რომ მისმა სიძემ იუსტიციის სამინისტროს და პოლიციას არა ერთხელ მიმართა, რათა ეს კონფლიქტი მოგვარებულიყო. თუმცა მის მოთხოვნას არანაირი რეგირება არ მოჰყოლია.
მისი განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი დაურეგისტრირებელი მიწაა, რომელზეც მეზობლები უკვე თვეებია დაობენ. გარდაცვლილის ცოლისძმა ამბობს, რომ მისი სიძე მეზობელმა მსუბუქად ადრეც დაჭრა, მაგრამ ამაზე რეაგირება და გამოძიება არ მომხდარა.
„ამ დავის გამო 20-ჯერ ან 25 ჯერ თუ გვაქვს დარეკილი, მაგრამ რეაგირება არავისგან ყოფილა. დღეს კი ისევ ჩხუბი მოხდა. ჩემს სიძეს, რომელიც ეზოში მეზობელს ეკამათებოდა სამჯერ ერსოლეს. მას ყველა ტყვია კულმკერდის არეში აქვს მოხვედრილი. ფაქტობრივად ჩაცხრილეს. ჩემს დას 2 პატარა ბავშვი ჰყავს. რაც გქვონდა ამ სახლის აშენებაში ჩავდეთ. რა უნდა ვქნათ ახლა, სად წავიდეთ არ ვიცით.
დილით მეზობელი გამოვიდა და ღობე დაგვილეწა. კამერები დაამტვრია და შემდეგ სახლში შებრუნდა. უკან კი იარაღით დაბრუნდა და ჩემს სიძეს ყველანაირი აღელვების გარეშე სამჯერ ესროლა“, - აცხადებს მოკლულის ნათესავი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.