ჩინეთში ერთი დღის დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბავშვი უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, 2 თებერვალს დაიბადა და 30 საათში მისი ანალიზის პასუხებმა დადებითი პასუხი აჩვენა. ექიმების ცნობით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, თუმცა უცნობია როგორ გადაეცა ახალშობილს ვირუსი: ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში თუ გაჩენის შემდეგ. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
პარალელურად ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ შექმნის კორონავირუსის ვაქცინას. აშშ და ჩინეთი უკვე აქტიურად მუშაობენ როგორც ვაქცინის, ისე ანტივირუსული და სხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად.
ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.