ჩინელი ექიმი, რომელმაც მსოფლიო კორონავირუსის საფრთხის შესახებ გააფრთხილა, ამ ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი, რომელმაც მსოფლიო კორონავირუსის საფრთხის შესახებ გააფრთხილა, ამ ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი ლი ვანლინი, რომელიც კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით პირველმა დაიწყო განგაში, ამ ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის ოფთალმოლოგმა, რომელიც უხანის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, ახალი ინფექციის შესახებ კოლეგები 30 დეკემბერს გააფრთხილა და მათ პირბადეების ტარება ურჩია. 4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოლიციამ მას ბოდიში მოუხადა.

ექიმს ვირუსის სიმპტომები 10 იანვარს დაეწყო, რის შემდეგაც ლი საავადმყოფოში მოხვდა. თვის ბოლოს მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.