ყველაფერი რიყეზე მშენებარე „ტრუბებით“ დაიწყო და „ბუდა ბარით“ და კაზინო „შანგრილათი“ გაგრძელდა. მთავრობასთან და სპეციალისტებთან რამდენიმე საათიანი დისკუსიის შემდეგ შედგა სია, რომელშიც ჩამოთვლილია თბილისში, მცხეთაში, თელავსა და ბათუმში მდებარე 25 ობიექტი, სადაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა შეჩერდეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები ალექსანდე მარგიშვილი, მარინე მიზანდარი, ასევე მოწვეული სტუმრები - არქიტექტორ-ურბანისტები, ხელოვნების ისტორიკოსები, „ICOMOS საქართველოს“ წევრები, „თბილისის ჰამქარი“, იურისტები, არქიტექტურის მკვლევარები, თბილისის მერიის თანამშრომლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
კულტურის სამინისტროში დისკუსიის მოანწილეებმა ისტორიულ თბილისში შესაჩერებელი მშენებლობების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავეს და შენობა-ნაგებობების სრული სია მერიას გადაუგზავნეს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ისტორიულ თბილისში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საფრთხეს უქმნის კულტურულ მემკვიდრეობას, ქალაქების სახეს და ურბანულ განვითარებას.
„აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნული პროექტებისა და მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება, დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს შექმნა და ამ საბჭოს მიერ თითოეული პროექტის საფუძვლიანი განხილვა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ორ-საათიანი დისკუსიის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეების ნაწილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად, თბილისში, მცხეთაში, თელავსა და ბათუმში 25 სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა შეჩერდეს. ეს შენობები და ძეგლებია:
თბილისი:
1. გუდიაშვილის მოედანი (რეკონსტრუქცია)
2. პურის მოედანი (სასტუმრო და მრავალფუნქციური შენობა)
3. ათონელის 27 (ყოფ.ამერიკის საელჩოს უკან მინის მოცულობა)
4. შავთელის 17 (რეკონსტრუქცია)
5. შავთელის 17ა (სასტუმრო “ამბასადორი”)
6. ქიაჩელის 5 (ისტორიულად გაუნაშენებელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსი)
7. თარხნიშვილის 4 (სამშობიაროს შენობის ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი)
8. რიყე (მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა)
9. კოსტავას 43 (მშენებლობა ჟორდანიას ინსტიტუტის ეზოში)
10. აბანოს შესახვევი 4-6-7-8 (ისტორიული განაშენიანების აღდგენა)
11. გრიშაშვილის 3 (მშენებარე სასტუმრო)
12. რუსთაველის 42 (გამომცემლობა “მერანის” ეზოს რეკონსტრუქცია)
13. პეტრიაშვილის 19 (ღვინის ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტი)
14. რუსთაველის 7 (ყოფილი „მხატვრის სახლის” ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი)
15. საქანელას ქუჩის განაშენიანება (მრავალფუნქციური კომპლექსი)
16. მირზა-შაფის ქუჩის განაშენიანება
17. დოდო აბაშიძის 10 (ყოფილი საქვაბის ტერიტორიის დემონტაჟი)
18. ერეკლე მეორეს მოედანი
19. მეტეხის კბოდეს განაშენიანება
20. მეტეხის აღმართი
21. რუსთაველის 29 (ყოფილი იმელის შენობის უკან სასტუმრო „მილენიუმის“ პროექტი)
მცხეთა: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მათ შორის, სვეტიცხოვლის მიმდებარე ჭალების ტერიტორიებზე მიმდინარე და დაგეგმილი ახალშმშენებლობები.
თელავი: ბატონის ციხის კომპლექსის რეკონსტრუქცია.
ბათუმი: ფოსტის შენობა, თოჯინების თეატრი.
დისკუსიის მიმდინარეობისას სიას კიდევ რამდენიმე „საფრთხისშემცველი“ობიექტი შეემატა.
ცნობილი რიყის „ტრუბები“ ამ სიაში ნამდვილად მოხვდა, მაგრამ უცნობია რას მოიმოქმედებს კულტურის სამინისტრო ამ და სხვა ობიექების მიმართ, რომლებიც ნამდვილად ამახინჯებენ ქალაქის (უფრო სწორად ქალაქების) იერსახეს. დისკუსია, რომელზეც მინისტრი აკეთებდა აქცენტს, უკვე შედგა, ხოლო თუკი საზოგადეობის განწყობის დოკუმენტურად დადასტურება უნდა გურამ ოდიშარიას, ესეც არაა პრობლემა.
თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნიას ეს ყველაფერი უკვე მზად აქვს. „მზად ვარ, მთავრობას და ბატონ მინისტრებს მივაწოდო ათასობით თბილისელის ხელმოწერა, რომლის შეგროვება ჩვენი ფრაქციის ინციატივით ორი კვირის წინათ დაიწყო. ამ აქტით, მოქალაქეები სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევენ აღნიშნული შენობების რიყეზე დარჩენას და ჩვენ, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულმა პირებმა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხალხის განწყობა და სურვილი“, - აღნიშნავს გაბუნია.
იგი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ მსგავსი დისკუსია გაიმართოს „ბუდა-ბარის“ რიყეზე და კაზინო „შანგრილას“ საპატრიარქოს გვერდით დარჩენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც. საკრებულოს დეპუტატი კმაყოფილია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რიყეზე საკონცერტო დარბაზისა და თეატრის მშენებარე შენობებისათვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.
„ეს პროცესი არსებული სოციალური ფონისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინების მიუხედავად, სრულიად გაუმართლებელი სამშენებლო პროექტების სახით ხორციელდებოდა, რომელიც თავის მხრივ აზარალებს ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეს და ლანდშაფტს“, - აცხადებს გაბუნია.
რიყის მუსიკალური თეატრის ამბავი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, მაგრამ რა ეშველება უკვე აშენებულ „ბუდა ბარს“ და „შანგრილას“?
ბარის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ადგილის შეცვლას არ აპირებენ. მათივე ინფორმაციით, „ბუდა ბარი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და კლიენტურის რაოდენობას არ უჩივის.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სულ სხვა აზრები აწუხებთ. ისინი ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებენ „ბუდა ბარის“ საკუთრების კანონიერების შესახებ და აგრეთვე.
გამორიცხული არ არის, მათი მზერა „შანგრილასაც“ მიწვდეს, რომელზეც უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეკემბრიდან აღარც იმუშავებს. მისი დემონტაჟის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა და პრემიერ-მინისტრის საახელზე პეტიციაც შედგა. საჩივარი გაეგზავნა ასევე თბილისის მერსაც.
ისევე როგორც „ბუდა ბარში“ ჯერჯერობით იხტიბარს არც „ქართული კაზინოების ჯგუფის“ ადმინისტრაციაში იტეხავენ. მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ „შანგრილა“ ჯერჯერობით ჩვეულებრივ მუშაობს. კანონის თანახმად, როგორც ყველა სამორინეს, მათაც 5-წლიანი ლიცენზია აქვთ, ამიტომ წესით, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნათ.