ფოტოხელოვან იური მეჩითოვის ცხოვრებაში გასული კვირა საინტერესო გამოდგა. კულტურის მინისტრის მოადგილედ მისმა დანიშვნამ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელოვანს კიდევ ერთხელ გაუხსენეს ვიდეო, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ გამოქვეყნდა. ვიდეო 2011 წელს ფოტოჟურნალისტ დიმიტრი ბერკუტისა და უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია სახნოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, სადაც ბატონი იური აცხადებს, რომ ქართველებმა რუსეთის სადღეგრძელო უნდა შესვან, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია. ვიდეოში ასევე ჰყვება ანეკდოტებს გურულებზე, მეგრელებზე... ბატონ იურის ინტერვიუს ჩასაწერად ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს კულტურის სამინისტროში შევხვდით.
- ბატონო იური, როგორ მოხვდით "ქართულ ოცნებაში"?
- ქართულ ოცნებაში - როგორც ცნებაში, ყოველთვის ვიყავი, ვფიქრობდი, რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა ბედნიერი, რომელსაც ამდენი საშუალება აქვს, წიაღისეული, ბუნება ხელს გვიწყობს, ასევე ხალხის ხასიათი. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს სამშობლოში ადამიანური ცხოვრება ყოფილიყო. დაზარალებული ვარ, ჩემმა სიძემ სამსახური რომ ვერ ნახა, ჩემი ორი შვილიშვილი ინგლისში წაიყვანა და იქ ცხოვრობენ. წელს ორჯერ ვინახულე, მაგრამ ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა, ახლოს ეცხოვრათ. ჩემი ოცნებაა, რომ ეს ქვეყანა იყოს ბედნიერი. ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი, სახეზეც არ მყავდა ნანახი, ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, გამოსახულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკაში მისი გამოჩენის შემდეგ რაღაც იმედი ჩამესახა.
- თუმცა მანამდე პოლიტიკურ ფლანგზე არ აქტიურობდით...
- აპოლიტიკური არასოდეს ვყოფილვარ. 1992 წელს მეგობრებთან ერთად "საქართველოს ხალხის კონგრესი" შევქმენით. მერე ერთ დროს "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაშიც" ვიყავი. შემდეგ ორად გაიხლიჩა. "მოქალაქეთა კავშირი" რომ შეიქმნა, ჩვენი ორგანიზაცია იქ გაითქვიფა და დაასრულა მოღვაწეობა, მაგრამ თავისი ფუნქცია შეასრულა. 15 წლიდან მაინტერესებდა პოლიტიკა, იმაზე ცოტა მოგვიანებით, ვიდრე ფოტოგრაფია. ჩემი ჰობი რომ ნახოთ, მიწერია, პოლიტიკა, ეთნოფსიქოლოგია და მუსიკა. ყოველთვის ვინტერესდებოდი პოლიტიკური პროცესებით. როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებლობის ეპოქა დაიწყო, ლამის ყოველდღე ვიღებდი ფოტოებს და მალე გადავიღებ ფილმს "საქართველოს სუბიექტური უახლესი ისტორია 1987-2007 წლამდე". ეს იქნება ჩემი ხედვა, ჩემებურად აღვწერ, რას განვიცდიდი მაშინ და რისი მოლოდინი მქონდა. მინდა, ისტორიკოსებს წყარო დავუტოვო, ჩემი მონაყოლი ამ ცხოვრებაზე.
- როგორ მიხვედით "ქართულ ოცნებამდე"?
- მანამდეც და მერეც ყოველთვის ვაქტიურობდი სხვადასხვა თოქშოუში, რაც შეეხება ივანიშვილს, მან პირადად დამპატიჟა. ერთ დღეს გურამ ოდიშარიამ დამირეკა, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მითხრა, ბიძინას შენი ნახვა უნდაო. მერე მიჩუმდა ეს ამბავი. შემდეგ თედო ჯაფარიძემ შემახსენა. მოხდა ისე, რომ რეზიდენციაში ავედი. ჩემი წიგნი ვაჩუქე ავტოგრაფით.
- ფოტო თუ გადაუღეთ პირველ შეხვედრაზე?
- ვერ გავბედე. კარგად მახსოვს, ჩემ გვერდით ნინელი იჯდა და მარჯვნივ - ბიძინა. ვუთხარი, უხერხულია, ეს დიდი ხალხი, ჩემ უკან მეორე რიგში ისხდნენ-მეთქი. არა, იურა, შენ ჩვენი კარგი და დიდი სტუმარი ხარო.
- პარტიაში როდის გაწევრიანდით?
- პარტიაში რომ გავწევრიანებულიყავი, ახლა პარლამენტარი ვიქნებოდი. ერთხელ სოზარმა დამირეკა და მითხრა, იურა, ჩვენ გვინდა, შენ იყო პარლამენტარი და მოდი, საბუთები შეავსეო. სასაცილო ის იყო, მხოლოდ ერთ კითხვაზე გავეცი დადებითი პასუხი, რომ ბინა მქონდა, დანარჩენი - 5000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა, ბანკში ანგარიში, ყველაფერზე "ზეტი" გადავხაზე, ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. პარტიულ გრაფაში უპარტიო დავწერე. სიაში 55-ე ვიყავი და ჩემ შემდგომ ვინც იყვნენ, ისინიც მოხვდნენ პარლამენტში. ჩემზეც ყველამ იფიქრა, რომ დეპუტატი გავხდი, მაგრამ ერთი უცნაურობა მოხდა. აღმოჩნდა, რომ პარლამენტში ჯერ შედიან რაღაც ბლოკით გამარჯვებულები და როცა დეპუტატი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადის, მისი ჩანაცვლება მისივე პარტიის მომდევნო წევრით ხდება. მაგალითად, "რესპუბლიკელი" პაატა ზაქარეიშვილი რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა, მისი ადგილი გათავისუფლდა, მაგრამ ქვევით მდგომი "რესპუბლიკელი" ჩაენაცვლება. მე ჩანაცვლების შანსი არ მქონდა, რადგან არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნოდი. არადა მთელ მსოფლიოში გაჟღერდა, რომ დეპუტატი გავხდი, მოსკოვიდან, ამერიკიდან მილოცავდნენ. მე ენაწყლიანი კაცი ვარ და ვეუბნებოდი, კი, კი, დეპუტატი გავხდი. ტელევიზიითაც გამოაცხადეს. ორი დღე რჩებოდა ქუთაისში წასვლამდე და ფეხს ვითრევდი, არ მინდოდა, ვფიქრობდი, იმ ხალხთან ერთად როგორ უნდა დავმდგარიყავი, ვისაც ადრე პირზე კოცნით ვიცნობდი და ახლა ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კი არა, ლამის დამნაშავეები გახდნენ. შეიძლება ზოგიერთი მართლა დამნაშავე იყოს კანონით და არა ჩემი ბრალდებით.
- ეს როგორ, თქვენი შეცდომა გაეპარა "ქართულ ოცნებას"...
- მაგაში ცუდი არაფერია, იურიდიული მომენტია, უპარტიო მხოლოდ მე ვიყავი. მე ჩემთვის შევინარჩუნე უპარტიობა, როგორც თავისუფლება, სულ მეშინოდა გუნდური თამაშის, როდესაც ნაციონალებს ვუყურებდი და ყველა ერთი და იმავე ტექსტებით ლაპარაკობდა, ამაზე ცუდი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. მე მინდოდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც ჩემი აზრი მექნებოდა. ეს გახდა მიზეზი, რომ დეპუტატი ვერ გავხდი, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, გურამისგან შეთავაზება მივიღე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ პარლამენტში არ ვიქნებოდი. მითხრა, იურა, იქნებ ჩემთან მოხვიდე მინისტრის მოადგილედ და დამეხმაროო. ვუთხარი, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში მინდოდა მუშაობა, საგარეო საქმეთა კომიტეტში, სხვა იდეები მქონდა.
- ბატონ გურამს უამრავი წერილი გაუგზავნეს, სადაც სხვადასხვა პერსონაზე სთხოვდნენ, მოადგილედ დაენიშნა, თუ არ ვცდები, თქვენზე არც ერთი თხოვნა არ მისვლია.
- არა, მე მისთვის წერილი არ გამიგზავნია და არც მხარდამჭერები მყავდა. ეს იყო გურამის სურვილი. ვუთხარი, როგორ გამოგადგები, თავისუფალი, გიჟი კაცი ვარ, მაგრამ რაღაც ორგანიზაციული ნიჭი კი მაქვს-მეთქი მერე მითხრა, "სივი" დამიწერე, მაინც შევხედავო. "სივი" რომ დავწერე, ვიფიქრე, ამდენი საქმე თუ გამიკეთებია, რატომ ვარ ასე ჩუმად-მეთქი (იცინის). გურამმა რომ წაიკითხა, შენ რა მაგარი კაცი ხარო, მითხრა. მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, ბევრი ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ საქმისთვის გამოდგებოდა, შეიძლება გაწბილდეს და ჩემზე აუგი თქვას.
- როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დღეს კულტურის სამინისტროში?
- ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, იმ გოგონებს არ ვიცნობდი და პირველად წარდგენისას შევხვდი. კარგი გოგონები არიან, ბევრი საქმე უკეთებიათ, მაგრამ მეც პრაქტიკული ჭკუა მაქვს, კინოსტუდიასთან ახლოს ვიყავი, ძალიან მიყვარს თეატრი. ავტორიტეტი მაქვს საზოგადოებაში. პორტრეტის ხელოვანი ვარ და ხალხთან ურთიერთობა ვიცი. შემიძლია დაპირისპირებული მხარეების შერიგება.
- თქვენ შესახებ სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ანეკდოტებს კიდევ ჰყვებით?
- უნდა მოვყვე, აბა, ამაში მკრეხელურს ვერაფერს ვხედავ, კიდევ კარგი, კანონმდებლობა ერთმანეთზე ანეკდოტების მოყოლას არ გვიკრძალავს. ვინც ეს ვიდეო ნახა, ხელზე დაიხვია და ატრიალებს, ეს არის საგანგებოდ გაკეთებული შავი პიარისთვის. ეს ვიდეო წელიწად-ნახევარია ინტერნეტში დევს, ჩემი სურვილით არ ატვირთულა.
- ვინ გადაგიღოთ ეს ვიდეო?
- დიმა ბერკუტმა, რომელიც მოიყვანა ქალბატონმა ნატალიამ. აქ ცხოვრობს, ჟურნალისტობს, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, რომ არავის უყვარს მეგრელები. მე პირიქით ვუთხარი, საინტერესო ხალხია, ენერგიული, სექსუალური, ბევრ წიწაკას ჭამენ-მეთქი. ეს ხომ მეცნიერული დონე არ არის, სამზარეულოს დონეა. ამ დონის იყო, რობიკო სტურუამ რომ თქვა ცნობილი ფრაზა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ეპყრობა ქართველებს ასე სააკაშვილიო და რა ქნას, სომეხიაო. რობერტ სტურუას რომ არმენოფობია ან რომელიმე ფობია დააბრალო, უგუნური უნდა იყო. გასაგებია, რომ ინფორმაციული საშუალებები გვაქვს, მიკროფონები, ჟურნალისტები არიან ჩასაფრებული. როდესაც ეს ვიდეო ვნახე, კრიმინალი ვერაფერი დავინახე და ახლაც ვერ ვხედავ. საინტერესო იყო, როდესაც აჭარის ფენომენს ვუხსნიდი, ვამბობდი, რომ მუსლიმანები არიან, იმიტომ, რომ 300 წელი თურქეთის ხელში იყვნენ და იქვე ვუხსნი ადამიანს, რომელიც აზრზე არ არის საქართველოზე და ვეუბნები, რომ ყველა ქართველმა ორჯერ უნდა დალიოს რუსეთის იმპერიის სადღეგრძელო, თან იმპერიის, პუტინის რუსეთს ხომ არ ვამბობ. რუსეთის იმპერიამ ორი სისხლისმღვრელი ბრძოლა ჩაატარა, რომ აჭარა დაებრუნებინა. გასაგებია, თავისთვის აბრუნებდა, თავის იმპერიას აერთებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ შემოგვრჩა?! ეს არის იუმორით ნათქვამი და ამაზე გამოკიდება როგორ შეიძლება?..
- ბატონ მინისტრს რა რეაქცია ჰქონდა?
- მიცავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თავის მართლების პროცესში არ ვარ, არ ვამბობ, რომ რაიმე ცუდი ვთქვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანეკდოტი არ უნდა იყოს განხილული, როგორც მეცნიერული მოხსენება. როდესაც გურულებზე ანეკდოტს ვყვები, "გურულს ეკითხებიან, გურული ხარო, გურული ვარ, მაგრამ ნამკურნალევიო", ეს რომ ადამიანს ეწყინება, მაშინ ის გურული არ არის. მე და სოსო ჯაჭვლიანი მეზობლები ვართ და როდესაც ვხვდებით, სვანურ ანეკდოტებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ისიც დამაბრალეს, რომ საქართველოს დაქუცმაცებას ვემსახურები. მე ვამბობდი, რომ რუსეთის იმპერიის დროს რუსები მეგრელებს ქართველებისგან განსხვავებულ ერად თვლიდნენ. ასე იყო, მეგრულ სკოლას ხსნიდნენ იმ დროს და მე რა შუაში ვარ, კაცო... სიყვარულით არის ყველაფერი ნათქვამი, და ვინმე თუ დამწამებს, რომ ადამიანი არ მიყვარს, სასაცილოა.
- წინასაარჩევნოდ ქსენოფობიამ ცუდი ფორმები მიიღო...
- ზურაბ ჟვანია მეუბნებოდა, იურა, სიაში ჩაგსვამ და პარლამენტარი გახდებიო. ვუთხარი, ზურა, არა, ჩემო ძმაო, არ მინდა-მეთქი. ერთხელ მითხრა კიდეც, სომხებზე ამდენს რომ ლაპარაკობენ, რატომ ხმას არ იღებო. ვუთხარი, შენ შეიძლება არ იცი, სომხურ ქურქში არ ყოფილხარ, არის აქ არმენოფობია და რა ვქნათ-მეთქი... არ უნდა ქართულ ეროვნულ სხეულს, აღიაროს, რომ რაღაცაში არატოლერანტია, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. იმიტომ იყენებდნენ ჟვანიას წინააღმდეგ, მიშა მაინც სომეხი უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ცუდი ვერ იქნებოდა, ქართველი ცუდი არ არსებობს, ხომ იცით (იცინის). სერიოზულად რომ მიუდგე ამას, უნდა გაგიჟდე, სხვაც უნდა გააგიჟო და ვიღაც უნდა შემოგაკვდეს.
- ალბათ ამ სკანდალის შემდეგ ბევრმა დაგირეკათ...
- ეს უნდა ვთქვა... ჩემმა კარგმა მეგობარმა, სოლიკომ დამირეკა. ფანტასტიკური ადამიანია, ზვიად გამსახურდიაზე შეყვარებული, ჩვენ ამით განვსხვავდებით, მე ზვიადზე კი არა, არავისზე შეყვარებული არ ვარ. მე ლამაზი ქალი მიყვარს. სოლიკომ საშინელი სიტყვები მითხრა და დამაბარალა, თითქოს მე იმაზე ვმუშაობ, რომ ჩვენი ერი გაიხლიჩოს.
- ალბათ გამამხნევებელი ზარებიც იქნებოდა...
- უამრავი ხალხი მირეკავს და მამხნევებს, მეუბნებიან, იურა, დაიკიდე, გულზე მოგეშვებაო - კახური გამონათქვამია (იცინის).