პარტია “საქართველოს გზის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი თბილისის მერიისგან ე.წ. გუდაურის ფონდის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს და აცხადებს, რომ ეს და სხვა მსგავსი ფონდები კორუფციული სქემით მუშაობენ:
- თბილისის ხელისუფლების მიერ “გუდაურის განვითარების ფონდის” შექმნას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით, რადგან თბილისს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ ფონდში თანხის “გადაქაჩვა” სწორი არ იყო, მაგრამ “გუდაურის განვითარების ფონდის” უკან მაღალჩინოსანთა ინტერესები იდგა... ქალაქის მერს წერილობით მივმართე და მოვთხოვე, ამ ფონდზე, სადაც ქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გადარიცხული, დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა. უგულავამ პასუხისმგებლობა გარკვეულწილად აიცილა და ჩემი წერილი “გუდაურის ფონდის” ხელმძღვანელთან გადაამისამართა.
“გუდაურის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ვინაა?
- ეს ინკოგნიტო ადამიანია, რომლის სახელს და გვარს, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ გაიგებთ. “გუდაურის ფონდს” აქვს ვებგვერდი, თუმცა, ფონდის მისამართი მითითებული არაა. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მერთან, ამდენად, მის საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია ქალაქის მერიას უნდა ჰქონდეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბატონ უგულავას ეს ინფორმაცია ან არ აქვს, ან საჯარო ინფორმაციაზე გაცემის ვადებს შეგნებულად აჭიანურებს...
მამუკა, “გუდაურის ფონდში” თანხების გადარიცხვით ქალაქის ბიუჯეტს რამხელა ზარალი მიადგა?
- 2011 წლის მაისში თბილისში წყალდიდობა იყო, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროგრამას 100 000 ლარი მოაკლდა და ეს თანხა “გუდაურის განვითარების ფონდში” “გადაიქაჩა”. ამ ფონდიდან გუდაურის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თანხა ნაწილობრივ დაიხარჯა...
როგორც ვიცი, სხვა ფონდებითაც დაინტერესდით...
- იმ პირობებში, როცა ამ საკითხზე რეაგირებას არც პროკურატურა ახდენდა და არც _ პარლამენტი, ჩვენს კვლევა-ძიებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, იმ უკანონო ქმედებებზე, რაც ჩაიდინეს, კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ!
რაც შეეხება “თბილისის განვითარების ფონდის” საქმიანობას, აქ უარესი სიტუაციაა. საერთოდ, ქალაქის ხელისუფლებამ ფონდების ჩამოყალიბება 2005 წლიდან დაიწყო. ამ ფონდებს ქალაქის სხვადასხვა უბნის რეაბილიტაცია ევალებოდათ. 2005 წელს, თბილისის მერიამ “ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი” დააფუძნა, რომელიც წელს გაუქმდა. როგორც მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, ფონდი შესყიდვებს ტენდერის გარეშე აწარმოებდა, შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებს ის ფირმები ატარებდნენ, რომლებსაც “ნაცმოძრაობა” ლობირებდა, ანუ რომელიმე კერძო კომპანიასთან გარიგება ხდებოდა და ამ გზით ფულს “ათეთრებდნენ”, ან იპარავდნენ. კანონით, თუკი რომელიმე დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას ხარჯავს, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ეს დაწესებულება ვალდებულია, ტენდერში მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაზეც მალე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.
მამუკა, თუ არ ვცდები, თბილისის ბიუჯეტიდან ამ გაურკვეველ ფონდებში თანხის 15-20% აკუმულირდებოდა, არა?
- დიახ. ამ სქემით ხდებოდა თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გატანა უგულავასა და მისი მეგობრების მიერ. მაგალითად, 2007 წელს შპს “ახალ რიყეს” თბილისის ხელისუფლებამ რიყეზე 43 350 კვ.მეტრის ტერიტორია 7 მილიონ ლარად მიჰყიდა, ოღონდ “ახალ რიყეს” ფული მოგვიანებით უნდა გადაეხადა. 2008 წელს “ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა”, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 17 მილიონ ლარად შპს “ახალი რიყისგან” ზემოხსენებული ტერიტორია გამოისყიდა. არადა, “ახალ რიყეს” ის 7 მილიონი გადახდილი არ ჰქონდა და ამ მაქინაციით, 24 მილიონი ლარი კერძო ჯიბეებში დაილექა.
კერძოდ, ვის ჯიბეში?
- “ახალი რიყე” მფლობელს ხშირად იცვლიდა. ბოლოს კი, სააკაშვილის ახლობელმა იყიდა. ზემოხსენებული ფონდის გამგეობის წევრთა სია ასეთია: ქალაქის ვიცე-მერი დავით ნინიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და ხათუნა ოჩიაური. მაშინ, როცა ეს ფონდი დაფუძნდა, ოჩიაური საკრებულოს წევრი იყო და ფონდის გამგეობაში ამიტომ მოხვდა... “თბილისის განვითარების ფონდის” დამფუძნებლად მოგვევლინა “ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი”. საწესდებო მიზნები ორივე ფონდს ერთიდაიგივე ჰქონდა. უცნაურია, რატომ დადგა დღის წესრიგში ძველი ფონდის გაუქმება და ახლის შექმნა? “ძველი თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდს” მიეცა უფლება, რომ “თბილისის განვითარების ფონდში”, რომლის თანადამფუძნებელიცაა, შემოწირულობები განეხორციელებინა. თბილისის მერიამ სხვადასხვა საქალაქო სამსახურს თანხა ჩამოაჭრა და აღნიშნულ ფონდს გადასცა... “თბილისის განვითარების ფონდმა” ყოველგვარი ტენდერის გარეშე განახორციელა შესყიდვა და აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც მილიონები დაჯდა. სხვათა შორის, აღმაშენებელზე ე.წ “გიფსოკარდონით” აშენებული კედლები უკვე ჩამოიშალა...
იცით, ტენდერს რატომ არ ატარებდნენ? - იმიტომ, რომ ტენდერში, შეიძლება, იმ კომპანიას გაემარჯვა, რომელიც ხარისხიან სამუშაოებს ჩაატარებდა... იმასაც ამბობენ, რომ “აღმაშენებლის” რეაბილიტაცია ბოკერიას მეუღლის კუთვნილებაში მყოფმა სამშენებლო ფირმამ განახორციელა - სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილს ჰქონდა ფირმა “არტესში” ინტერესები?!
ჩვენ “თბილისის განვითარების ფონდის” გამგეობის წევრების _ დავით ნინიძის, მამუა ახვლედიანის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელ თამაზ სულამანიძის, გლდანის რაიონის გამგებელ ნოდარ ზანდუხაძის, ვაკე-საბურთალოს გამგებელ დავით ბურდულის, ისანი-სამგორის გამგებელ თემურ გრიგალაშვილის, დიდგორის გამგებელ გიორგი ნიკოლაძის, ძველი თბილისის გამგებელ დავით ავალიანისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროს არისი ბოჭოიძის პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ, რადგან საქმე გვაქვს უზარმაზარ გარიგებასთან _ მაღალი თანამდებობის პირები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს ითბობენ ბიუჯეტის ხარჯზე. როგორ შეიძლება, ფონდი ანგარიშვალდებული იყოს ქალაქის მთავრობასთან და ამ დროს ვიცე-მერი დავით ნინიძე ამ ფონდის გამგეობის წევრი იყოს. ეს, სხვა თუ არაფერი, ინტერესთა შეუთავსებლობაა. შეიძლება, თქვან, ხალხს პოლიტიკური ნიშნით იჭერენო, მაგრამ ეს ადამიანები რეალურად ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში _ საუბარია 300 მილიონ ლარზე, რომელიც გაუაზრებლად და არამიზნობრივად დაიხარჯა. ბევრიც რომ ეცადო, ვერავინ გეტყვის, თუ სად წავიდა ეს თანხა, რადგან გიპასუხებენ, რომელიღაც კორპუსის რეაბილიტაცია მოხდაო. მიხვალ ამ “რომელიღაც კორპუსთან” და ნახავ, რომ მხოლოდ ფასადია შეღებილი. სადღაც ქვაფენილია დაგებული, მაგრამ ბოკერიას ცოლის კომპანიამ უხარისხოდ დააგო და გეტყვიან, ამაში 10 მილიონი დაიხარჯაო.
მამუკა, პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეთ?
- ჩემი მოწოდება უკვე იმის საფუძველია, რომ მოკვლევა დაიწყოს. სხვათა შორის, ქალაქის საკრებულოში ფრაქციის სხდომას ჩავატარებთ, ყველა ამ ადამიანს დავიბარებთ და შეკითხვებს დავუსვამთ.
ამ კორუფციული სქემის იერარქია როგორია?
- უშუალო შემსრულებელი მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება, თუმცა ფაქტია, ეს პროცესი მის გარეშე ვერ წარიმართებოდა. სამსახურეობრივ გულგრილობაში ბრალი, შეიძლება, იმ სამართალდამცველ უწყებებს წავუყენოთ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ყველაფერ ამას უყურებდნენ და ერთხელ არ გაუჩნდათ შეკითხვა... შემდეგ, იერარქიულ კიბეს მოჰყვება გიგი უგულავა, რომელიც უშუალოდ დგას კორუფციული სქემის სათავეში, ასევე, _ ხათუნა ოჩიაური. ვიღაცები შეიძლება, ბრმა იარაღად არიან გამოყენებულნი და მათი დანაშაულებრივი კავშირები არ დამტკიცდეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.