შესაძლოა, ხელისუფლებამ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად გამწესება გადაიფიქრა მისი ძმის ირგვლივ შექმნილი სკანდალის გამო, თუმცა, სამაგიეროდ, ელჩობისთვის ამზადებენ ჩვენს მინისტრებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი მოქმედი მინისტრი „დაჯილდოვდება“ ელჩის ტიტულით და საქართველოს ელჩის სტატუსს მოირგებს უცხოეთის რომელიღაც ქვეყანაში. როგორც ამბობენ, მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თავშესაფარი გახდება შვეიცარია, ვიქტორ დოლიძე კი ნატოში საქართველოს ელჩის ტიტულს ჩაიბარებს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილ წევრს, მოქმედ საგარეო მინისტრ დავით ზალკალიანს, ის აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდება.
დაახლოებით ეს იმ ფაქტის ანალოგიურია, როცა „ნაციონალებმა“ თბილისის საკრებულოს არაპოპულარული თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი, რომელიც რუსთაველზე დარბევის შემდეგ სპეცრაზმელებს კოცნიდა, ელჩად გაგზავნეს ჩინეთში. იმ პერიოდში ნინო ბურჯანაძე იხსენებდა, როგორ დაურეკა სააკაშვილს და ჰკითხა, ეს ვინ გაგზავნე ჩინეთში ელჩადო, რაზეც პასუხად მიიღო, შენ არ მითხარი, რაც შეიძლება მოაშორე ზაზა ბეგაშვილი აქაურობასო?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ასეთ ცვლილებებს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ, საერთოდ, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, მით უმეტეს, მინისტრი ელჩად იგზავნება, ეს არის საპატიო გადასახლება. სოსო ცინცაძის განმარტებით, უკვე სამი საუკუნეა, რაც დიპლომატიის ისტორიაში ეს ფორმულა დამკვიდრებულია და, როდესაც ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის პირის მოშორება უნდათ, მას ელჩად გზავნიან. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც. ე.წ. მოძმე რესპუბლიკების რომელიმე ცეკას მდივანი სახელს რომ ძალიან გაიტეხდა კორუფციისა და სხვა მიზეზის გამო, მას აღმოსავლეთში, ისლამურ ქვეყნებში ელჩად აგზავნიდნენ. განსაკუთრებით, ეს შუა აზიის ცეკას მდივნებს ეხებოდა, თუმცა ამ სახელგატეხილებს ელჩობის პერიოდში არაფერი ეკითხებოდათ, რადგან იქ იყო მრჩეველი, კგბ-ს წარმომადგენელი და ის აკეთებდა ყველაფერს.
„ჩვენი მინისტრების საქმეც ასეა, მათ აგზავნიან საპატიო გადასახლებაში. არ გამოვრიცხავ, ზალკალიანი გაგზავნონ ამერიკაში ელჩად, ახლა იქ ჩასვლისას კრამიტები არ დაამტვრიოს. რაც შეეხება ლევან იზორიას, თვითონ გერმანელებმაც მშვენივრად იციან, იზორია ვინ არის. თუ მათ იზორია არ მოსწონთ, გერმანიას დიდი არაფერი საბოდიშო საქართველოსთან არ აქვს. ჩვენ უნდა გავუწიოთ ანგარიში გერმანელებს, მერკელიც ძირითადად თავს არ იკლავს ჩვენთვის, აგრემანს არ მისცემენ იზორიას და დამთავრდა, მაგრამ გერმანელებსაც, ბოდიში და, ფეხზე ჰკიდიათ ჩვენი კანდიდატურა. მათ ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს საქართველოს ელჩი, რომელიც წელიწადში ორ-სამ დღეს ეროვნული დღესასწაულის, ან სხვა თარიღის აღნიშვნისას გამოჩნდება ხოლმე მიღებაზე. ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ნამდვილი ელჩი იყო რუსეთის ელჩი კისლიაკი, რომელიც 10 წელზე მეტხანს გახლდათ ამერიკაში ელჩად და ყველა პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და რიგით ჩინოვნიკთან ფეხით აღებდა კარს, ისე შედიოდა. ყველას შენობით მიმართავდა, ყველასთან ურთიერთობდა. ამ დროს ჩვენი ელჩები რას აკეთებენ? უცხოეთში რამდენჯერ ვყოფილვარ და ჩვენი ელჩი თუ არსებობს იქ, არც გამიგონია. ამიტომ ჩვენი მინისტრებიც წავლენ ელჩებად უცხოეთში, კარგი ცხოვრება მათაც უნდათ. რასაკვირველია, აქაც ცუდად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ არც იქ მოიკლებენ რამეს. ციხელაშვილი გინდ აქ იყოს, გინდ იქ წავიდეს, აქ ხომ შეგვარიგა აფხაზებთან და ოსებთან და ახლა შვეიცარიაში აგვაყვავებს“,-აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ გასაგებია, ჩვენი ხელისუფლება ცვლის მთავრობას და უშვებს საპატიო თანამდებობაზე მთავრობის ყოფილ წევრებს, ცხადია, ეს დაქვეითებაა, როცა მოქმედი მინისტრი ელჩად მიდის. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ აკეთებდა იმ საქმეს, რაც უნდა გაეკეთებინა და ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება. უბრალოდ, არ არის სასურველი, ერთბაშად აგზავნიდნენ ყოფილ მინისტრებს ელჩებად.
„რაც შეეხება ლევან იზორიას, ვიზიარებ გიორგი გახარიას მოსაზრებას, რომ მძიმე საყურებელი იყო მისი ძმის ქმედება და, თუ ასეთი რამ ხდებოდა, ბატონ იზორიას უნდა მიეღო სათანადო ზომები. თუმცა დედამისი შვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ალაპარაკდა. ამიტომ სხვაგვარად უნდა შევხედოთ ამ მოვლენას. ახლა „ნაცები“ რასაც იძახიან და როგორ კანდიდატურებსაც მოითხოვენ ელჩებად, ასეთი ადამიანები ადვილი საპოვნელია, მაგრამ „ნაცებმა“ თავის თავსაც შეხედონ, იმ გამოთქმის არ იყოს, „ნა სვოი ნოს პასმატრიო“. არ ვთვლი, რომ საქართველოს უკეთესი კადრების მოძიება არ შეუძლია, მაგრამ „ნაციონალებისგან“ კრიტიკა კომედიაა“, - აღნიშნავს სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას და დასძენს, სანამ საქართველოში კრიტერიუმი იქნება მორჩილება, რომელიც განპირობებულია გარკვეული მიზეზებით, მათ შორის, კომპრომატებით, მანამ უარყოფითი სელექცია გაგრძელდება და საკადრო პრობლემები სულ გვექნება.
ანალიტიკოსის თქმით, საკადრო საკითხის გადაწყვეტის ბევრი მექანიზმი არსებობს. დავით აღმაშენებლის, პეტრე პირველის და ყველა დიდი მოღვაწის მეთოდი იყო, რომ ყველაზე ნიჭიერი, გამორჩეული და ზნეობრივ პრინციპთა ერთგული ადამიანები ინიშნებოდნენ ყველაზე უფრო მაღალ თანამდებობაზე და ამას მოჰქონდა წარმატება. ჩვენ შემთხვევაშიც ამის ნება უნდა იყოს.