„რას ნიშნავს შეგვეშალა - ვინმე პატუ კუტელია ჰყავთ, რომ ფონეტიკური მსგავსების მიხედვით შეშლოდათ?!“

„რას ნიშნავს შეგვეშალა - ვინმე პატუ კუტელია ჰყავთ, რომ ფონეტიკური მსგავსების მიხედვით შეშლოდათ?!“

კომპანია „ორიონ სტრატეჯი“ ბათუ ქუთელიასთან კავშირს უარყოფს. კომპანიის პრეზიდენტი, რენდი შენემანი ირწმუნება, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.

კომპანიის დირექტორი ამაყობს იმით, რომ მუშაობს საქართველოში ნამდვილად პროდასავლური ძალების სახელით და ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ წარუმატებლობებზე, რომლებიც რენდი შენემანის განცხადებით, სულ უფრო მეტად აღელვებენ მაღალი თანამდებობის პირებს ვაშინგტონში.

„საქართველოს ტენდენციებში უკეთ გარკვევაში დასახმარებლად, „ორიონ სტრატეჯისმა“ დაიქირავა ბათუ ქუთელია, რათა მას უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური განვითარების კვლევა და შეფასება უზრუნველეყო. ელჩი ქუთელია არ მონაწილეობს ჩვენი კონსალტინგის პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს მუშაობაში.

ბათუ ქუთელიას სახელი შეცდომით, ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად „ორიონ სტრატეჯის“ მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში. მოგვიანებით, აღნიშნული შეცდომა გასწორებული იქნა და ცვლილება უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში ხელახლა შევიდა“, - წერს რენდი შენემანი განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“ ავრცელებს და რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არის ქუთელია.

ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ არის და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში. როგორც „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, მისი საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე.

„რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას - ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ორიონ სტრატეჯი“. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, „ორიონ სტრატეჯი“ გააკეთებს დამატებით განმარტებებს. ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განვლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან“, - წერს ბათუ ქუთელია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია. საპასუხოდ, განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

მამუკა მდინარაძე სარწმუნოდ არ მიიჩნევს „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი, როგორც საკოტაქტო პირი, შეცდომით იქნება ჩაწერილი.

„რამდენ პროცენტსაც სჯერა ახლა საქართველოში, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი? მე მგონი, ბოლოს, მაგ პროცენტულ მაჩვენებლამდე დავა სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა. რეალურად, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ. მიუკერძოებელ, ზოგ შემთხვევაში მედიის, ზოგ შემთხვევაში ექსპერტის, ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის უკან რეალურად „ნაციონაური მოძრაობის“ წარმომადგენელი იმალება.

გარკვეული გვაქვს ყველაფერი, ბათუ ქუთელია შავით თეთრზე ეწერა კონტრაქტსა და შესაბამის აპლიკაციაში, რომელიც აიტვირთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შესაბამის საიტზე, რომ იყო ოფიციალური წარმომადგენელი და საკონტაქტო პირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლობისტ კომპანიას შორის. რაც არ უნდა სხვანაირად მოაბათ კუდები, ამას ვერაფერს უზამთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„შეცდომა კი არ გაეპარათ, საზოგადოებამ იცის, რომ ბათუ ქუთელია არის ნაცი, შმაცი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელის თქმით, წლების განმავლობაში ქუთელია საზოგადოებას ურცხვად უმტკიცებდა, რომ იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“.

„შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი - გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მათ ეს ფუნქცია ჰქონდათ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ისინი გონგოებიდან პროგონგოებად გადაიქცნენ, ანუ, ოპოზიციურ „ენჯეოებად“.

მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათუ ქუთელია არის, რომელიც წლების განმავლობაში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ის იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შესაბამის დოკუმენტში შეცდომა გაეპარათ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას წარედგინა. ამით ნათლად გამოჩნდა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ ბათუ ქუთელია არ არის არავითარი „ენჯეო“. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ნაციონალები „ენჯეოების“ სახელით საუბრობენ, ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქუთელია, რომელსაც პოლიტიკური წარსული აქვს, დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მისი შეფასებით, მსგავსი კავშირები სექტორისთვის დამაზიანებელია.

„რომ არ მოგატყუოთ, ჩემთვის მეორე და მესამეხარისხოვანია ბათუ ქუთელია ვისთან თანამშრომლობდა. თავად გაარკვიოს, სად თანამშრომლობდა და როგორ და რანაირად. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი და არაპარტიული ორგანიზაციები და მათი მსგავსი კავშირები აღმოჩნდება მართალი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სექტორისთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ჩემი აზრით, მას ვერ გავაიგივებთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მრავალწლიანი დამოუკიდებელი, პროფესიონალური საქმიანობის გამოცდილება აქვთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დაშვებული შეცდომის არ სჯერა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს ირაკლი გოგავას, რომლის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ბათუ ქუთელია იყო სააკაშვილის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული წევრი და მას შემდეგ, რაც დაკარგეს ხელისუფლება, წავიდა ვაშინგტონში, სადაც სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ორიონ სტრატეჯისთან“ ერთად ეხმარება სააკაშვილის ლობისტებს ყოველდღიურ საქმიანობაშიც და მათთან ერთად კოოირდინაციას აკეთებს. ამიტომ „ორიონ სტრატეჯიმ“ დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, როდესაც ის ავსებდა ანკეტას და ჩაწერა ბათუ ქუთელია, ვინც რეალურად ეხმარებოდა და, როგორც აღმოჩნდა, არ უნდა ჩაეწერა. ახლა ამ შეცდომას ასწორებს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ფიქრობს, რომ საერთოდ, ადამიანებმა ერთმანეთის გონებას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, მით უმეტეს, როდესაც საზოგადოების წინაშე გამოდიან.

„ვინ არის ამ ტიპის აბსურდული განცხადების ადრესატი?! ვინ უნდა დაიჯეროს ეს? როდესაც ასეთ აბსურდს აკადრებენ საზოგადოებრივ აზრს, ერთი მხრივ - ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ საზოგადოებას, რომლის ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ლობირებასაც ეწევიან. მეორე მხრივ, თვითონ ბათუ ქუთელიასგან და, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ მიკვირს მსგავსი აბსურდების თავსმოხვევა საზოგადოებისთვის, რაც შეურაცხმყოფელია.

ყველაფერს აქვს ზღვარი! რას ნიშნავს შეგვეშალა, როგორ შეიძლებოდა შეშლოდათ?! ვინმე პატუ კუტელია ჰყავთ, რომ დავუშვათ, ფონეტიკური მსგავსების მიხედვით შეშლოდათ?!  როგორია შეშლის მექანიზმი, იქნებ განგვიმარტონ. მარცხნივ უნდოდათ და მარჯვნივ გადაუხვიეს, თუ რაშია საქმე?! ბათუ ქუთელია საიდან აღმოცენდა?! სისულელესაც ხომ აქვს ზღვარი?!“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე და დასძენს: „არავისთვის იყო საიდუმლო, რომ კომპანია „ორიონ სტრატეჯი“ ლობირებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ფულს იღებენ, მაგრამ მაგათ ადგილას ასეთი აბსურდის გამო, ქუდს დავიხურავდი და გავიდოდი ამ სფეროდან. მორალს რომ თავი დავანებოთ, ასეთი დეგენერატული თავის მართლება ნიშნავს, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობები არის შეზღუდული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაბამისი ლობისტი აირჩია - რაც თავად არიან, ისეთი ჰყავთ ლობისტებიც. ასეთი განმარტება, რომ ქუთელია შეგვეშალა, უკვე სრული ბოდვა და შიზოფრენიაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება.

„პირველი - ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, ასეთი შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვართ. მეორე - თუკი ასეთი შეცდომები ეპარებათ, რამდენად სანდო იქნება მათი საქმიანობა და შეფასებები? მესამე - ჩანს და იკვეთება გარკვეული კავშირები დაინტერესებულ პირებთან. ძალიან ახლოს არის არასამთავრობოსთან კავშირები და მათი პირდაპირ აპელირება კონკრეტულ პარტიასთან“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

არაგველი641 ნაცბოზბანდა გაიჭედა?! გაჭედვა მაგათ არჩევნებზე ნახონ!
4 წლის უკან
tngh რა მოხდა... შეეშალათ... ქუთელია ნაყოფიაში. გვარები ერთმანეთის მსგავსია. ორივე სამეგრელოდან არის!!!
4 წლის უკან
ზურაბი აუცილებლად შეეშლებოდათ, იმიტომ რომ ზოგი დოლარებში ურიცხავდა ფულს,ზოგიც ევროებში და აერიათ.
4 წლის უკან