წლების განმავლობაში მოსკოვი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვდა. საქართველომ ევროპარლამენტში ცალმხრივად აიღო ეს ვალდებულება და ეს ხაზი ასტანაში ეუთოს სამიტზეც გაგრძელდა.
კრემლი კვლავ უკმაყოფილოა და გადაწყვეტილების დაგვიანებაზე საუბრობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი ძალის გამოუყენებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დანაპირების არ სჯერათ. ამგვარი შედეგი აჩვენა ერთ-ერთ ცხინვალურ საიტზე ჩატარებულმა გამოკითხვამ .
კითხვას, „გჯერათ თუ არა სააკაშვილის განცხადების, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს თავს აღარ დაესხმება“, რესპონდენტების 86,7%-მა (563 ხმა) უარყოფითად უპასუხა. სააკაშვილის განცხადების მხოლოდ 86 რესპონდენტს სჯერა, რაც მოპასუხთა 13,3%-ს შეადგენს.
24 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 649 ადამიანმა მიიღო.
დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიერ უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან ძალის არგამოყენების თაობაზე გაჟღერებული ინიციატივის შედეგად „რუსეთი სრულ პანიკაში იმყოფება, ცივილიზებულმა სამყარომ კი შვებით ამოისუნთქა“.
ლალიაშვილი ცალსახად დარწმუნებულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ დასავლეთი მოსკოვთან სულ სხვა ინტონაციით და ტონალობით წარმართავს საუბარს“.
„საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკის კონტექსტი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მთელს მსოფლიოს შთაუნერგავდა აზრს, თითქოს ქვეყანას მართავს შეშლილი, რომელიც ანთებული ასანთით ხელში დენთის კასრებს შორის დარბის, რომლისთვისაც სამხედრო შეიაღარების მიყიდვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ასე შემდეგ. ახლა, როცა რუსეთისთვის „გიჟმა“ ასანთი ჩააქრო, ჯიბეში ჩაიდო და უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან ძალის არგამოყენების ინიციატივით გამოვიდა, რუსეთს მის მიერ აწყობილი საგარეო პოლიტიკა ჩამოეშალა და ყველა არგუმენტი ხელიდან გამოეცალა.
მოსკოვს საქართველოში უგო ჩავესი აწყობდა და ახლა, როცა ამ ჩავესმა ტრანსფორმაცია განიცადა, მოსკოვი გამოუვალ მდგომარეობაშია. სამაგიეროდ შვებით ამოისუნთქა დასავლეთმა და დაისვენა ევროპამ“, - განუცხადა „პირWელს“ ლალიაშვილმა, რომელიც „ხელისუფლებისგან ასეთი არადამახასიათებელი სიბრძნის გამოჩენას არ ელოდა“.
ექსპერტ ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, „რუსეთის ფედერაციასთან ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის გაფორმებამ შესაძლოა, გააჩინოს სივრცე, რომელშიც ქართულ-რუსული დიალოგი დაიწყება“.
როგორც „პირWელს“ მენაღარიშვილმა განუცხადა, ძნელი სათქმელია, დასთანხმდება თუ არა რუსეთი აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებას, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება მის ინტერესებშიც არანაკლებ შედის.
„დოკუმენტის გაფორმებამ შესაძლოა, გააჩინოს სივრცე, რომელშიც ქართულ-რუსული დიალოგი დაიწყება, ამ დიალოგის მიზანი კი საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ცხადია, რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ ამ დოკუმენტის გაფორმებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, რომ არსებული ჩიხი დაიძლიოს. სავარაუდოდ, რუსეთი პირობებს წამოაყენებს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება მის ინტერესებშიც არანაკლებ შედის“, - მიაჩნია ,ენაღარიშვილს.
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუკი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება გაფორმდება, უსაფრთხოების გარანტიები გაიზრდება.
ამასთან, როგორც „პირWელს“ აბაშიძემ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების სანაცვლოდ, არაერთხელ დაყენებული პირობა გაიხსენოს, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მხრიდან ძალის არგამოყენებას გულისხმობს.
„რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება სწორი და მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან შესაძლოა, კვალვ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის გაფორმების მოთხოვნა დადგეს. თუკი რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტს მაინც მოაწერს ხელს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის“, - განაცხადა აბაშიძემ.
პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება არ გაფორმდება. ამის დასტურად ჭიპაშვილი ასტანაში ეუთო-ს სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიიჩნევს.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი ამ შეთანხმების გაფორმებას იმის გამოც არ ელის, რომ „რუსეთს, რომელსაც საქართველო ძალის გამოყენებით ვერასდროს დაემუქრება, ეს უბრალოდ არ სჭირდება“.
„ქართული მხარე აჭარბებს, თუ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი მასთან ასეთ შეთანხმებას გააფორმებს. ლავროვმა ასტანის სამიტზე ნათლად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი დიალოგი არ იქნება, მით უმეტეს - იმ დონის, რომ მასთან რაიმე შეთანხმება გაფორმდეს“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ძალის არგამოყენების შესახებ სტრასბურგში დადებული პირობა ასტანაშიც დაადასტურა.
ამასთან, „პირWელის“ ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას მმართველ გუნდში კონფლიქტურ რეგიონებში საეთაშორისო სამშვიდობო ძალების შესვლისა და უსაფრთხოების მათ მიერ უზრუნველყოფის პირობად მიიჩნევენ.