კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანია „ნიბა-ინვესტის“ ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე 13 ივლისს დააკავეს. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პენკლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და საერთაშორისო მდივნის, იუჯინ შულგინის საქართველოში ვიზტი დასრულდა. ნორვეგიელმა მწერალმა თბილიში რამდენიმე დღე დაჰყო. შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს, ქართველ მწერლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს.
ვიზტისას გადაწყდა, რომ მსოფლიო პენკლუბი 2011 წლის ოქტომბერში საქართველოში სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ფორუმს გამართავს, რომელზეც ნობელის პრემიის ლაურეატების ჩამოყვანაც იგეგმება.
საერთაშორისო პენკლუბის თავმჯდომარე ქართველ მწერლებს და ჟურნალისტებს გამომცემლობა „სიესტას“ ოფისში შეხვდა, რომლის დამფუძნებელიც ბაკურ კიღურაძეა. შულგინის ერთ-ერთი მასპინძელი, ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ბაკურაძის დაკავება, ნორვეგიელი სტუმრის წასვლიდან ორ დღეში და თანაც ჯაშუშობის ბრალდებით, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
„ყველა ამ შეხვედრისა და კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გამომცემლობა „სიესტას“ ხელმძღვანელი ქეთი კიღურაძე და ბატონი ბაკურ კიღურაძის თანამონაწილეობა გამოიხატა იმაში, რომ მის კუთვნილ შენობებში გაიმართა ეს შეხვედრები, მათ შორის მწერლებთან. ფართი დაგვითმეს უფასოდ. მეტად საეჭვოდ დაემთხვა ის, რომ ბატონი შულგინი წავიდა შაბათს, ორშაბათს თუ სამშაბათს კი, ბატონი ბაკური დაიჭირეს, მთელი სპეცრაზმი დაეცა თავზე. ახლა რა თქმა უნდა უკვე სხვა მიზეზებს მოიყვანენ და ათას რამეს დააბრალებენ ამ კაცს”, - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
ჯაშუშობის ბრალდებით ბაკურაძის დაკავების ფაქტი საეჭვოდ ეჩვენება უჩა ნანუაშვილსაც. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, ქართველ ძალოვანთა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ნორვეგიელი მწერლის გვარის რუსულთან მსგავსება იყოს.
– „გამომძიებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მართლაც აქვს რეალური მტკიცებულებები ასეთი ხმამაღალი განცხადებებისთვის და სერიოზული ბრალდებისთვის. არ გამოვრიცხავ, კიღურაძის დაკავება საერთაშორისო პენის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირდებოდეს. მისი გვარი შულგინი წააგავს რუსულს, ხოლო სახელი, იუჯინი ისე იწერება, რომ შესაძლოა წაიკითხოს როგორც ევგენი. ამიტომ, შესაძლოა ვიღაცამ იფიქრა, რომ ის რუსია და აქედან გამომდინარე სხვა მიმართულებით წავიდა ძიება. არ გამოვრიცხავ გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ კიღურაძის ოჯახის წევრები. მისი ქალიშვილი, გამომცემლობა „სიესტას“ ხელმძღვანელი ქეთი კიღურაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ სრულ გაურკვევლობაშია.
დაკავებამდე ქართულ მედიაში ბაკურ კიღურაძის გვარ-სახელმა რამდენჯერმე გიაჟრეღა. მათ შორის მეტრო დელისთან მშენებარე სავაჭორ ცენტრთან, ”ნიბა-დელისთან” დაკავშირებით, რომელსაც „ნიბა ინვესტი“ აშენებდა. ითქვა, რომ 40 სართულიან ცენტრს, სინამდვილეში არა ნიკო ლეკიშვილი და ბაკურ კიღურაძე აშენებდნენ, როგორც ეს დოკუმენტებში იყო მითითებული, არამედ პარლამენტის ექს-სპიკერი და მისი მეუღლე.
საინვესტიციო პროექტ „ნიბა დელისის“ განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე ქართველ კოლეგებთან ერთად, ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი მუშაობდა. პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა: პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელიც 2010 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მეორე კი 166 მეტრის სიმაღლის კოშკის აგებას, სადაც ოფისები და სასტუმრო „ჰილტონი“ განთავსდებოდა. ცათამბჯენის დასრულებას კომპანია 2012 წლის ბოლოსთვის ვარაუდობდა. თუმცა მშენებლობა ორი თვის წინ შეჩერდა.