ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება პეკინში მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და უცხოელებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, შტატებში შესვლა შეუღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებებს, დახმარების შეთავაზების ნაცვლად, მხოლოდ „შიშის წარმოქმნა და გავრცელება შეუძლია“.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და 3 თებერვლის მონაცემებით 361 ადამიანს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.