ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, „თელასის” თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს. მათ ახალი ხელისუფლების იმედიც დაკარგეს და თვლიან, რომ უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანთა პრობლემების მოგვარებაზე არავინ ფიქრობს. გაფიცულთა დასაშოშმინებლად მინისტრმა კალაძემ მსწრაფლ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც მუშაობას დღესვე დაიწყებს.
როგორც ხელახლა გაფიცული „თელასის” თანამშრომლები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებულნი და მოითხოვენ მათ სამსახურში დაბრუნებას.
„დაკეტილია ყველა ბიზნეს-ცენტრი. ჩვენი გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ, ასევე, სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. ეს არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საქმე, რომ დააბრუნონ სამსახურებში ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულნი ზურაბ არსოშვილის მიერ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც „თელასის” ყოფილი თანამშრომელი ლევან გაგნიძე აღნიშნავს, ყოფილი თანამშრომლები მოითხოვენ სამსახურებში დაბრუნებას, რადგან ისინი უკანონოდ არიან გათვისუფლებულები იმ პერიოდში, როდესაც „თელასის”კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი იყო.
„ამ მოთხოვნას ჩვენ უკვე ვაყენებთ რამდენიმე კვირაა, თუმცა ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას არავინ აპირებს, ამიტომ მოხდა ის, რომ დაიწყეს ჩვენმა მეგობრებმა შიმშილობა. უკვე ხუთი კაცი შიმშილობს მეშვიდე დღეა.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარკვეული წინსვლა იქნებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ისევ ამ მდგომარეობაში ვართ და არავინ ფიქრობს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ლევან გაგნიძემ.
გარდა ამისა, „თელასის” ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მოთხოვნაა, რომ კომპანიის მენეჯმენტში ის ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც მართლაც იზრუნებენ საკუთარ თანამშრომლებზე.
მოკლედ, „თელასელთა” მონდომებას შედეგი სწრაფადვე მოჰყვა. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, კომპანიიდან დათხოვილი თანამშრომლების საქმეებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ერთობლივ კომისიაში კი სამინისტროს, პროფკავშირებისა და „თელასის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შევლენ.
სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ენერგეტიკის მინისტრმა ყველაფერი პროფკავშირებისა და „თელასის” საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა, რომელზეც იგი „თელასის” გაფიცული და მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობით დაინტერესდა და მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
ერთობლივი კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს და სამსახურიდან დათხოვილი თითოეული ადამიანის საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლის.
„სამინისტროს „თელასის” საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის უფლება არ აქვს. სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეასრულოს მედიატორის როლი კომპანიასა და ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომ საკითხი დროულად და ყველა მხარისათვის დადებითად გადაწყდეს“, - აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გასულ კვირას, კომპანია „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც დასვა. სხვათა შორის, კალაძეს კვლავაც მოუწევს რუსულ კომპანიასთან ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხზე საუბარი, მაგრამ ცოტა ხნით ყველას მოცდა მოუწევს. საქმე ისაა, რომ საქართველოში „ინტერ რაოს” სამუშაო ჯგუფის ვიზიტი გადაიდო.
სამუშაო შეხვედრა რუსული მხარის თხოვნით გადაიდო და შემდეგ კვირას შედგება. „ინტერ რაოს” სამუშაო ჯგუფი საქართველოში გუშინ უნდა ჩამოსულიყო.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის თემა იქნება ორი ყველაზე აქტუალური საკითხი - ტარიფი და „თელასიდან“ დათხოვნილი თანამშრომლები. კალაძის განმარტებით, კონტრაქტი, რომელსაც სემეკი ტარიფის შეუცვლელობის საბაბად იშველიებს, „ინტერ რაოესთან“ ახალი გაფორმებული არ არის.