რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველომ, შესაძლოა, ევროსაბჭოს თხოვნით მიმართოს, მაისში მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართოს.
„კომერსანტ. რუ“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა აცნობეს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მაისამდე მოვლენები.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, მათ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროებიდან შეიტყვეს, რომ „იმის შანსი, სერგეი ლავროვი ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს თბილისში წასვლას, მაღალი არ არის“.
მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების მიზეზი ისაა, რომ რუსულ დელეგაციას, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რამაც შესაძლოა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვიოს. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ სერგეი ლავროვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, თუკი საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალს თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარების თხოვნით მიმართავს. შარაშენიძის თქმით, ევროსაბჭოში იციან, რა დილემის წინაშე დგას საქართველო. როგორც წესი, მიღებულია, სხდომა გაიმართოს მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში, ან სტრასბურგში. შესაბამისად, არანაირი სანქციების საშიშროება არ არის, როდესაც იციან, რა დილემის წინაშე ვდგავართ.
ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ორი კურდღელი დაიჭიროს-თავი აარიდოს საქართველოში დემონსტრაციებს და რუსეთთანაც არ გაიფუჭოს ურთიერთობა.
უნდა ჩამოვიდეს თუ არა ლავროვი თბილისში, ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია. ზოგი ფიქრობს, რომ მტრის მიღებაც აუცილებელია, რადგან თვით ფიდელ კასტროც კი, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა არაერთი ტერაქტი განახორციელა, ჩავიდა გაეროში და 1960 წელს 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა მისი მძვინვარე ანტიამერიკული გამოსვლა, რაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ცივილიზებული სამყაროსთვის უცხო არ არის, როცა არასასურველი ლიდერები, მათ შორის, ირანის პრეზიდენტებიც კი ნიუ-იორკში ჩადიოდნენ და სიტყვითაც გამოდიოდნენ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მომიტინგეებმა, მათ შორის, გულანთებულმა პატარა ბიჭებმა არ იციან, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს. ამ გამონაკლისის თანახმად, ამავე კანონის ფარგლებში შეიძლება ჩამოვიდეს ლავროვი, რადგან იქ წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ასეთი რამ დასაშვებია.
„თავის დროზე ასე ჩამოვიდა საქართველოში ლუჟკოვი, იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში, სხვებიც იყვნენ ჩამოსულნი. ამ დროს კი ჩვენს პოლიტიკურ ელიტას შინაგანი დიპლომატიური ელასტიურობის ნასახი არ აქვს, ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე მხარე - მეორეს და ამ დროს სიმართლე, როგორც ყოველთვის, შუაშია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ოკუპაციის შესახებ კანონის წაკითხვას ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც ლავროვის საქართველოში ჩამოსვლას ეწინააღმდეგებიან.
პოლიტოლოგის რეკომენდაციით, ლავროვს, ახლა, ნუ ჩასვამენ მაინცდამაინც ზვიად გამსახურდიას სავარძელში, არც ექნება ამის პრეტენზია. ჯერ ისიც არ ვიცით, ჩამოდის თუ არა იგი საქართველოში, არც ის არის გადაწყვეტილი, თბილისში ჩატარდება თუ სტრასბურგში მინისტერიალი.
რაც შეეხება ზურაბიშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაკეთებულ განაცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთის დელეგაციას, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევ დეპუტატებს უმასპინძლოს, სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ, სამწუხაროდ, არავის ჰყოფნის გამბედაობა, ამ ქალს - ზურაბიშვილს უთხრას, რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესი.
„ჩვენ არ გვყავს ჭკვიანი დიპლომატი პრეზიდენტი. თორემ პრეზიდენტს შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებშიც შეგვიძლია რუსული დელეგაციის მიღება. ზურაბიშვილი ჩავიდა აზერბაიჯანში, მესაზღვრეებთან სურათი გადაიღო და ნახეთ, რა ხდება აზერბაიჯანში, ახლა უკვე ქართველების გამოყრა დაიწყეს ბაქოდან. ჩემს ნაცნობს რესტორანი ჰქონდა, აიძულეს, დაეკეტა და ერთი კვირის წინ, პრაქტიკულად, გამოაგდეს ბაქოდან. სომხეთში ჩავიდა, სომხებიც გადაიკიდა. ახლა რომ ამბობს, საჯაროდ გვერდს ავუვლით ჩვენს კანონსო, კანონის გვერდის ავლა როგორ შეიძლება? ჯერ კიდევ რომაელებმა 40 საუკუნის წინ თქვეს, გინდ სამყარო დაინგრეს, კანონი უნდა აღსრულდესო. ყოველთვის მოიძებნება კანონში გამონაკლისი მუხლები, თუ შენ ამის სურვილი გაქვს და თუ ერთი-ორი დიპლომატი მაინც გყავს ჭკვიანი. მთელ ჩვენს პარლამენტში ერთი ვოლსკია ცოტა დიპლომატიაში რომ ერკვევა. მას პირადად არ ვიცნობ, არც ჩემი მეგობარია, მაგრამ ეგეც პრაგმატიკოსი გახდა, არ უნდა, თეთრ ყვავად გამოჩნდეს, არ სურს, უცოდინრებში უცებ მცოდნედ გამოჩნდეს, რადგან ვოლსკიმ მშვენივრად იცის, რომ თანაპარტიელები მას შეჭამენ. ამიტომ იმ თამაშს თამაშობს, რასაც - უწიგნური პუბლიკა. ცარიელ ადგილას დაიწყო ეს კონფლიქტი, ლავროვის ჩამოსვლის თემა იმის მსგავსია, „ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის აზრით, ლავროვის მიმართ პროტესტის გამოხატვას არავინ არავის დაუშლის. თუნდაც ტრამპი, ან ამერიკის კონგრესმენი რომ ჩადის ლონდონში, იაპონიაში ან კორეაში, იქაურები პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ რევოლუციის მოწყობის, ხელისუფლების დამხობის მოწოდებები, რითიც გამოირჩევა გათავხედებული ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე და ტელეწამყვანი, კანონით მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
„თუ ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროსაბჭოს წევრია რუსეთიც. თუ გვინდა, ჩვენთან ჩავატაროთ მინისტერიალი, მაშინ უნდა დავემორჩილოთ იმ წესებსა და კანონებს, რაც მიღებულია ევროსაბჭოს მიერ. ამერიკასა და ირანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ამერიკაში ჩადის ირანის პრეზიდენტიც, ჩადიოდა ლიბიის პრეზიდენტიც, ჩადიოდა მადუროც და ჩავესიც. გასაგებია, რაც დგას ამ ისტერიის უკან. რას ნიშნავს, მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება? თუ ჩვენ უარს ვამბობთ საერთაშორისოდ მიღებულ წესებზე იმის გამო, რომ აქ გვყავს იდიოტები, მაშინ უნდა გამოვიდეთ იმ ევროსაბჭოდან“,-მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.